ლობიო

Approved by Natia Jinjolava



ბარბარობა მოდიოს და ორიოდე სიტყვა ლობიოზეც ჩამოვაგდოთ, მით უმეტეს, რომ იგი ძალიან პოპულარულია და დედამიწის ყველაზე სასარგებლო საკვები პროდუქტების ათეულში შედის. იგი ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინს, ნიკოტინის მჟავას, კალიუმს, რკინას და უამრავ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ლობიოს, არც მეტი, არც ნაკლები ორასამდე სახეობა არსებობს და ანტარქტიდის გარდა ყველგან ხარობს. ყველაზე გავრცელებულია ჩვენთვის კარგად ნაცნობი, საჭმელი ლობიო, რომელსაც ნაირ-ნაირი ფერის მარცვლები აქვს: შავი, თეთრი, იისფერი, წითელი, ჭრელი, წინწკლებიანი და ა.შ. მისი პარკებიც კი სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერისაა.
ლობიოს სამშობლო ტრიპიკული ამერიკაა და მექსიკაში მისი გაკულტურება ჯერ კიდევ 7 ათასი წლის წინ დაიწყეს. მექსიკასა და პერუში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას სისტემატიურად პოულობენ სიმინდისა და ლობიოს ნათესების ნაშთებს მაიასა და ინკების ცივილიზაციების ძეგლებში. ისიც დადგენილია, რომ ინკებთან ლობიოთი ხარკსაც კი იხდიდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ სიმინდს და ლობიოს მესო-ამერიკაში ერთად თესავდნენ - სიმინდის ღერო, რომელსაც ხვიარა ლობიო ეხვეოდა, მისთვის ჭიგოს მოვალეობას ასრულებდა. ერთხელ ინდიელის მუმიაც კი იპოვეს, რომელსაც გულში სიმინდის ტარო ქონდა ჩახუტებული, პირში კი ლობიოს მარცვლები ედო.
ლობიოს, მთელი 3 ათასი წლის წინ ჩინელებიც აქტიურად მიირთმევდნენ და ამას იმდროინდელი ხელნაწერებიც ადასტურებს. ძველი რომაელები კი მისგან კოსმეტიკას ამზადებდნენ.
ევროპასში ლობიო მოგვიანებით გავრცელდა. თავიდან იგი დეკორატიულ მცენარედ მიაჩნდათ და მისი თეთრი, წითელი და იასამნისფერი ყვავილები, ხასხასა მწვანე ფოთლებთან ერთად დიდხანს ამშვენებდნენ და განსაკუთრებულ შარმს ანიჭებდნენ ევროპელთა ფანჯრებს, იტალიურ ტრადიციულ პირმაღსა და  ფრანგულ ფანჩატურებს.
დღეს ლობიოს თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოში მიირთმევენ და კვების ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილიც დაიკავა. საკვებად გამოიყენება მისი ნედლი პარკიც და ხმელი  მარცვლებიც - მისგან უამრავი კერძი მზადდება: მექსიკაში სიმინდის მარცვლებთან და წიწაკასთან ერთად მიირთმევე, ბრიტანელები ერთი დღე-ღამე ალბობენ და მერე ხრაკავენ, საფრანგეთში სუპს ხარშავე, იტალიაში რიზოტოში ამატებენ წითელ ღვინოსთან ერთად, სპარსელები და ინდოელები ბრინჯს ურევენ, გერმანელები ხორცს, ფილიპინებზე კი ლობიოსგან ნაყინსაც აკეთებენ.
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული ამოლესილი ლობიოა, რომელსაც ნივრით, წიწაკით, მარილით, ხახვითა და ზეთით კმაზავენ. მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე გემრიელი მაინც ტრადიციული რაჭული ლობიანია, რომელსაც ლორის გემო დაყვება... სიამოვნებით მივირთმევდი თონის ლობიანს...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი პანტერა

0 კომენტარი.:

Post a Comment