ჟოლოს ტრიუფელები

Approved by Natia Jinjolava



(გამოდის დაახლოებით 50 ცალი და აუცილებლად გამოიყენეთ შავი შოკოლადი კაკაოს შემცველობის 60%-ით)
ინგრედიენტები: ¼ ჭ ასათქვეფი ცხიმიანი ნაღები, 200 გრ მაღალი ხარისხის შოკოლადი (გახეხილი), 1 ½ ს/კ Framboise (ჟოლოს ლიქიორი) ან ბრენდი, 170 გრ ჟოლო, ¾ ჭ კაკაო, 1 ცალი შესაკრავიანი პოლიეთილენის პარკი

ლანგარზე დავაფინოთ პერგამენტი. ნაღები საშუალო ზომის ქვაბში დუღილამდე მივიყვანოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავუმატოთ შოკოლადი და პატარა ნიჩბით ან კოვზით საგულდაგულოდ მოვურიოთ, სანამ არ შესქელდება. ჩავასხათ ლიქიორიც. ჟოლო საჭიროების შემთხვევაში შევაშროთ. რამდენიმე ცალი ჟოლო ჩავაგდოთ შოკოლადის გონაშში (ასე ქვია ჩვენს მოდუღებულ შოკოლაის კრემს) და ნიჩბით ან კოვზით ფრთხილად ამოვავლოთ. სათითაოდ ამოვიღოთ 2 ჩანგლის მეშვეობით და ერთი ჩანგლიდან მეორეზე გადავიტან-გადმოვიტანოთ ზედმეტი გონაშის მოსაშორებლად. შემდეგ გადავდოთ ლანგარზე. დარჩენილი ჟოლოც იგივენაირად ამოვგანგლოთ შოკოლადში. შევდგათ მაცივარში მინიმუმ 1 საათით სანამ არ გამაგრდება. შემდეგ ავაცალოთ პერგამენტიდან და ამოვავლოთ კაკაოში. ამისთვის პოლიეთილენის პარკში ჩავყაროთ კაკაო, ჩავყაროთ ტრიუფელები, პარკს თავი მოვუკრათ, ისე რომ შიგნით ჰაერიც დარჩეს და კარგად შევანჯღრიოთ. პარკის შიგთავსი ფართო ჯამზე გადმოვაპირქვაოთ და ტრიუფელები სათითაოდ გადავალაგოთ ლანგარზე, თან ზედმეტი კაკაო ჩამოვფერხოთ. მაცივარში გავაგრილოთ.
ტრიუფელები მაცივარში 1 საათიდან 2 დღემდე შეგვიძლია დავტოვოთ გასამაგრებლად. კაკაოში კი ჭამამდე 1 საათით ადრე ამოვგანგლოთ. ჟოლოიანი ტრიუფელი მალფუჭებადია და არ ინახება.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment