12.12.11
ნაძვის ხის სათამაშოები
Approved by
დიზაინერი პოლ სმიტის სათამაშო |
ნაძვის ხის მორთვა წინასაახალწლო შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც როგორც წესი, მთელი ოჯახი უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ ტრადიციულად (ყოველ შემთხვევაში საქართველოში ასეა), მას საუკეთესო შემთხვევაში ოჯახის მამა აწყობს (ყიდულობს) და მერე მორთვისა და დაშლა-დაბინავების მთელი სიმძიმე დიასახლისის კისერზე გადადის. მორთვის პროცესში ხშირად მცირეწლოვანი შვილებიც მონაწილეობენ, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება, ბავშვების ზრდასთან ერთად დამხმარეებიც (თუ კაცმა არ იცის, ხელისშემშლელებიც) თვალსა და ხელშუა კლებულობს. რაღაც ძალიან მძიმე პროცესი კი დავხტე, მაგრამ რეალურად ნაძვის ხის მორთვა საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ სახალისო პროცესია, ისევე, როგორც სათამაშოების თვალიერება და შეძენა. ჩემთან ყველა სათამაშოს თავისი ისტორია აქვს და სათითაოდ და საგულდაგულოდ არის შერჩეული. სხვათა შორის, ჩემს ახალ სახლში სულ პირველი ნაძვის ხე, რომელიც სასწრაფო წესით ჩემმა დამ მისახსოვრა, დროისა და სათამაშოების უქონლობის გამო, ძირძველი ტრადიციის თანახმად შოკოლადებით მოვრთე და თხილითა და უნაბით სავსე დაწნულ კალათაში ჩავდგი. უნდა გენახათ ჩვენი ძაღლი მთელი 14 დღის განმავლობაში როგორ დაუზარლად იჯდა მის გვერდით და როგორ ერთგულად დარაჯობდა... სათამაშოების შეგროვებაც მას მერე დავიწყე და 2 წლის წინ უზარმაზარი და უბუთქუნესი ნაძის ხე რომ შევიძინე, სათამაშოების არჩევანს და წიმწირეს ნამდვილად აღარ ვუჩიოდი.
ბიდერმანის ლატუნის სათამაშო |
საახალწლო ნაძვის ხე კი ლამაზია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მის მორთვას თავისი კანონიკური წესები აქვს. მას მე-17 საუკუნიდან რთავდნენ და მის კენწეროს ტრადიციუალად ხუთქიმიანი „ბეთლეემის ვარსკვლავით“ ამშვენებდნენ. ბურთები (ძველად ვაშლი), აკრძალული ხილის სიმბოლოა, აი, იმის სამოთხეში ევამ ადამს რომ აჭამა. ანთებული სანთლები - ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლს ასახიერებს. შუასაუკუნეებისდროინდელი ვაფლი მოგვიანებით პეჩენიებმა და კამფეტებმა ჩაანაცვლ და ისინი ზიარების დროს მიღებული უმარილო კვერის მოვალეობას ასრულებდნენ. მოკლედ, სანამ ლატუნისა და ოქროს სათამაშოების ჩამოსხმას დაიწყებდნენ, საახალწლოდ ნაძვს კვერცხებით, ვაფლებით, ხილითა და კაკლით რთავდნენ - მაშინდელი ნაძვის ხის ყველა სათამაშო იჭმეოდა. ფერადი მინის ბურთები კი პირველად გერმანიაში 1848 წელს დაამზადეს.
ქართული ახალი წლის თანამედროვე ისტორია კი ასეთია: 1918 წელს საბჭოთა კავშირში ახალი წლის აღნიშვნა ოფიციალურად აიკრძალა (მოგეხსენებათ ამ დროს საქართველო სწორედ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გახლდათ), მაგრამ 1935 წელს იძულებული გახდნენ ეს დღესასწაული ისევ აღედგინათ. 1935 წლის 28 დეკემბერს ნაძვის ხის სათამაშოების პირველი ფაბრიკაც გაიხსნა. 1937 წელს პირველი ნაძვის ხეც დადგეს და სულ რაღაც 10 წლის შემდეგ, 1947 წელს ახალი წელი უქმე დღედ გამოაცხადეს.
კრებსის ბრილიანტებიანი ბურთი |
ახლა რამდენიმე საინტერესო ფაქტი, საახალწლო სათამაშოებთან დაკავშირებით: ნაძვის ხის საკოლექციო სათამაშოების საერთაშორისო კომიტეტმა დაადგინა, რომ 1966(!) წლამდე გაკეთებული ნებისმიერი სათამაშო ძველებურად ითვლება. ყველაზე დიდი სათამაშო 2003 წელს პეტერბურგში გააკეთეს და უზარმაზარი ცისფერი სფერო, ტონაზე მეტს იწონიდა. ყველაზე დიდი ხელოვნური ნაძვის ხე რიო დე ჟანეიროში დადგეს. ბრაზილიური ნაძის ხე 68 მეტრის სიმაღლის იყო და მას 2 მილიონი მოციმციმ ნათურა ამშვენებდა. მსოფლიოში ყველაზე ძვირიანი სათამაშოების რეიტინგი კი ასეთია: 1. 1970 წელს გერმანიაში ბიდერმანმა ლატუნის სამახსოვრო საახალწლო სათამაშოების გამოშვება დაიწყო. დღეს კოლექციონრები მის ნახელავში (ლატუნის, თხელი ფირფიტისგან გამოჭრილ ორნამენტში ) 4000 დოლარს იხდიან. 2. 1890 წელს დრეზდენში
(გერმანია) ჩამოსხმული სათამაშო, რომელზეც ორცხენიანი ოთხთვალა და არც თუ ისე ბედნიერი სახლის მეეტლეა გამოსახული ებეის აუქციონზე 5,700 დოლარად გაიყიდა. 3. გერმნიული ფირმის „კრებ გლასის“ (Krebs Glas) შუშის ბურთი 120 ბრილიანტით ინკუსტრირებულ ოქროს ჩარჩოშია მოთავსებული (ბრილიანტების საერთო წონა 5 კარატს შეადგენს) და კარგახანს ინარჩუნებდა მსოფლიოს ყველაზე ძვირიანი ნაძვის ხის სათამაშოს ტიტულს (30 000$).
ყველაზე ძვირიანი ნაძვის ხის სათამაშო |
4. 2009 წელს „Mark Hussey of Hallmark“-ის იუველირებმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სათამაშოს შექმნა განიზრახეს და 500 ბრილიანტით მოოჭვილი 18 კარატიანი თეთრი ოქროს ბურთი ჩამოასხეს. სათამაშო სულ რაღაც 135 ათასი დოლარი ღირს და დღემდე ელოდება მყიდველს. ჩემი პირადი კოლექციის ყველაზე ძვირიანი სათამაშო კი ჰუგო ბოსსის მოდების სახლს ეკუთვნის და სულ რაღაც 15 ლარი ღირდა...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment