30.12.11
„ბრეგაძეებში ქეიფს რა ჯობია...“
Approved by
საახალწლო სუფრისთვის ყველა ოჯახი განსაკუთრებულად ემზადება. ბაზარში სირბილი და ფუსფუსი ზოგან ერთი კვირით ადრე იწყება, ზოგიც სამ დღეში ასწრებს ყველაფერს და მერე ღამის თორმეტი საათისთვის სირბილ-სირბილით გაწყობილი სუფრები საცივის, შემწვარი გოჭისა და ათასგვარი სხვა ნუგბარისგან იზნიქება. ასევე, წელში იზნიქება და ტყდება სიქაგამძვრალი დიასახლისიც. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ახალი წლის პურმარილს სცენარი ჩვენებური ოჯახების 80%-სთვის ერთნაირია, ახალი წლის შეხვედრის წესი კი შეიძლება სამ კატეგორიად დაიყოს: ჩემნაირები - რომლებიც ახალ წელს სახლსგარეთ ხვდებიან, ჩემი დის ნაირები - რომლებიც ახალ წელს ოჯახურ წრეში ხვდებიან და მამაჩემისნაირები - სადაც კარი მთელი ღამე ღიაა და რამდენი პარტია სტუმარი მოდის და მიდის, ვერავინ ითვლის.
ჩემი დღევანდელი მოსაზრებები მესამე ვარიანტს არ ეხება, ასეთ დროს დიასახლისი ბედს უნდა შეეგუოს და წელშიც ნებაყოფილობით გაწყდეს - სხვა გზა არ არსებობს. სტუმრებს თუ ეპატიჟები უნდა გაუმასპინძლდე კიდეც.
ჩემი დის შემთხვევაში კი მართლა არ მესმის მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის (თუნდაც გაფართოებულ ვარიანტში, ანუ დედამთილ-მამამთლისა და ოჯახსგარეთ მცხოვრები უახლოესი ნათესავების ჩათვლით) განკუთვნილ სუფრას რა აუცილებელია ერთდროულად ამშვენებდეს საცივი, შემწვარი ქათამი, შემწვარი გოჭი, ბეფ-სტროგანოვი, მოხარშული ღორის ხორცი, შემწვარი კალმახი, სათალი, ნიგვზიანი კუჭმაჭი, ოთხნაირი ფხალი, მინიმუმ ორნაირი სალათა (ოლივიე და კრაბის სალათა), კეცზე შემწვარი სოკო, ნადუღი და კიდევ რამდენიმე კერძი რომლის მომზადებაც არ იგეგმებოდა, მაგრამ ინგრედიენტებს შემთხვევით გადააწყდნენ ბაზარში. ამას დამატებული ტრადიციული ქართული ჩურჩხელა/გოზინაყი/ჩირები, შოკოლადების "N" რაოდენობა და რვა სახეობის ნამცხვარი - ეს ჩემი დის ყოველწლიური მენიუა მცირედი ცვლილებებით. შედეგად, სადღაც თერთმეტის ნახევრისთვის ჩემი და ნახევრადცოცხალ მდგომარეობაში ასვენია ტელევიზორის წინ და მერე დაახლოებით 2 დღე მოდის გონზე. არა, ამ ყველაფერს საკუთარი ინიციატივით სჩადის (ისევე, როგორც ყველა ჩვენი დიასახლისი) და არავინ აიძულებს და გარკვეულ სიამოვნებასაც ღებულობს პროცესში. მაგრამ მე ჩვენს ქალებს საკუთარი თავისადმი სიყვარულისკენ მოვუწოდებ.
ჩემი აზრით, ერთი საღამოს მენიუს და ამხელა პროვიანტის რამდენიმე დღეზე გადანაწილება თავისუფლად შეიძლება, მით უმეტეს, რომ ჩვენთან ახალი წელი და სტუმრების მისვლა-მოსვლა მთელი 14 დღე გრძელდება. ოჯახს ლამაზად გაფორმებულ სუფრაზე გაწყობილი ძალიან საზეიმო, ძალიან ძვირფასი და გამორჩეული სადილიც ეყოფა. გარდა ამისა, ყველა აღიარებს რომ ერთიდაიგივე საჭმელები ოჯახიდან ოჯახში ყველას ყელში აქვს ამოსული. ერთ წელს კამეჩისხელა ინდაურისაგან დამზადებული საცივი რომ არ შეიჭამა, 4 იანვარს მამაჩემმა კერძში ღვინო ჩაგვისხა, გადაასხით და ახალი გააკეთეთ, ეს სტუმარს აღარ აჭამოთ, დაძველდაო. კარგით, საცივი ხელშეუხებელია და იყოს, თუმცა მისგან ინდური კარის (რომელიც საცივს ძალიან გავს) ან სულაც ევროპულად შემწვარი ვარიანტის გაკეთებაც შეიძლება, კიდევ ერთ ცხელი კერძი (მაგალითად: ბეფ-სტროგანოვი, ბიფ-ველინგტონი, ღორის ხორცი არაჟანში, "ოსტრი"... და ა.შ.), ორნაირი ან სამნაირი სალათი, ხაჭაპური და რასაკვირველია ბევრი ტკბილეული მემგონი სრულიად საკმარისია.
ერთხელ 3 იანვარს თანამშრომლები მოვიწვიე სახლში და ყველა ერთნაირი განწყობით მესტუმრა - საჭმლის გაგონებაც არ უნდოდათ და გაშლილ მაგიდას დიდი ენთუზიაზმის გარეშე მიუსხდნენ. მენიუში ჩილი კონ კარნე, ყვავილოვანი კომბოსტოს და არაჟნის სალათა, გამომცხვარი ბულგარული წიწაკები მოცარელათი და ქათმის რულეტი მქონდა. უნდა გენახათ ზუსტად ორ წუთში ყველა რა გემრიელად ჭამდა. მობეზრებული გემოების შემდეგ რაღაც განსხვავებული ყველას ესიამოვნა.
ახლა ჩემნაირ მოხეტიალეებს რაც შეეხება - 31-ში საერთოდ არაფერს ვაკეთებ. 1-ში თვითონ ვარ სტუმრად, 2-ში მამასთან გვაქვს ოჯახური შეკრება, ამიტომ საკუთარ ვიზიტორებს მხოლოდ 3 იანვირდან ვღებულობ და წინა წელს გაკეთებულ ნამცხვარსა და საჭმელს ვერაფრით დავახვედრებ. შესაბამისად, ჩემი საახალწლო მზადება/მზარეულობა სწორედ 3-ში იწყება. ახალი წელიც შერგებული მაქვს, სხვისი გაკეთებულიც მირთმეული მაქვს და ამიტომ მორალური კმაყოფილების სრული შეგრძნებით აღარაფერი მეზარება.
ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ ყოველთვის არ არის საჭირო თავის მოკვლა ერთი საღამოსთვის და ხელთარსებული ფიზიკური (დაღლილობა/დაქანცულობა) და ფინანსური (ოჯახის მთლიანი ბიუჯეტი) რესურსების ერთი დღისთვის ფლანგვა. არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი ახალი წლის მოწყობა ამის გარეშეც შეიძლება - კარგი, საზეიმო და ტრადიციულისგან განსხვავებული სადილი, რომლის მომზადებასაც თუნდაც 30-ში შეძლებთ და დასვენებული და ბედნიერი დიასახლისი მზარეულის ნაცვლად სუფრის სრულფასოვან წევრად. მემგონი მშვენიერია, არა?!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment