კარაქიანი პურის პუდინგი (Bread and Butter Pudding) - ძირძველი ბრიტანული დესერტი

Approved by Natia Jinjolava


ამ პუდინგის დასახელება ნუ შეგაშინებთ, არც უბრალო გეგონოთ და არც უგემური. ვისაც სველი და ტკბილი დესერტი გიყვართ, ნამდვილად გესიამოვნებათ. ამ პუდინგს ინგლისელები პუდინგების დედოფალსაც ეძახიან და სრულიად დამსახურებულად - მართლაც ძალიან გემრიელია. ჩვეულებრივი პურისგანაც კარგი გამოდის, მაგრამ აჯობებს ქიშმიშიან კულიჩს ან ჩაისთან მისაყოლებელ რძეზე და კარაქზე მოზელილ პურის ბატონს თუ იყიდით, რომელიც ჩვეულებრივ პურზე უფრო ტკბილია („გუდვილში“ აცხობენ). როცა საქმე ინგლისურ სამზარეულოს ეხება, ალბათ უკვე ხვდებით, რომ რეცეპტი ამჯერადაც გორდონ რამზის ეკუთვნის. რა ვქნა, ამ კაცის „შემოქმედება“ ძალიან მომწონს!


პურის და კარაქის პუდინგი
(4-8 პორცია)
ინგრედიენტები: 550 გრ დარბილებული კარაქი, 4 ს/კ გარგრის ჯემი, 1 ბატონი პური (დაახლოებით 200 გრამიანი, დაჭრილი თხელ ნაჭრებად), 60 გრ თეთრი ქიშმიში ან შტოშის ჩირი (ან ორივეს ნარევი), 2 დიდი კვერცხი, 2 დიდი კვერცხის გული, 40 გრ შაქარი, 300 მლ ცხიმიანი ნაღები, 300 მლ რძე, 4 ს/კ ლიქიორი „კუანტრო“ და ლერწმის შაქარი ზემოდან მოსაყრელად
გასაფორმებლად: 20%-იანი  ნაღები და ცოტა „კუანტრო“
1,5 ლ მოცულობის ცეცხლგამძლე ფორმა დავცხიმოთ და ფსკერზე 1 ს/კ შემთბარი გაგრგრის ჯემი მოვუსვათ. პურის ნაჭრებს წავუსვათ კარაქი და ფენა-ფენა ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში. მოვაყაროთ ქიშმიშიში. კვერცხები, კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ და ჩავათქვიფოთ ნაღები, რძე და ლიქიორი და მოვასხათ პურის ფენებს, პურს ოდნავ დავაწვეთ და 20 წუთი გავაჩეროთ, კრემი რაც შეიძლება კარგად რომ შეისრუტოს. მანამდე ღუმელი 180°C-მდე გავახუროთ, მაღალბორტებიან საცხობ ფირფიტაში ჩავასხათ მდუღარე წყალი და წყალში მოვათავსოთ პუდინგიანი ფორმა (ამ დესერტის წყლის აბაზანაზე ცხობით კრემის გადახარშვისა და შეკვრისაგან ვიზღვევთ თავს). წყალი პუდინგის ფორმის კედელს შუამდე უნდა წვდებოდეს. პუდინგს თავზე ლერწმის შაქარი მოვაყაროთ და ვაცხოთ დაახლოებით 40-50 წთ ყავისფერი ქერქის გაკეთებამდე.  დარჩენილი გარგრის ჯემი 1 ს/კ წყალთან ერთდ შევაცხელოთ და თავზე გადავუსვათ პუდინგს. პუდინგი 15 წუთი გავაჩეროთ და მივირთვათ ცხლად. თეფშზე რომ გადმოვიღებთ, ლიქიორიანი ნაღები მოვაწუწოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment