8.12.11
ხუთი კაკალი არა კონკიასათვის
Approved by
ნიგოზი - ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის თანახმად ტიფლისის გარეუბნის სოფელ კეხვში 84 ფუტი (25,5 მ) სიმაღლის გიგანტური კაკლის ხე იზრდებოდა, რომლის გარშემოწერილობაც 28 ფუტი (8,5 მ) იყო. თურმე მის ჩრდილს 200 ადამიანი თავისუფლად აფარებდა თავს და ყოველწლიურად 100 ფუთამდე მოსავალს იძლეოდა. იგივე ლექსიკონაში იმასაც ამბობენ, რომ იმ პერიოდსი კავკასიაში მსგავსი ხეები მრავლად იყო. კაკალი ჩვეულებრივ 30 მეტრამდე სიმაღლის იზრდება და მისი გარშემოწერილობა საშუალოდ 15 მეტრამდე აღწევს, სადღაც 70 წლის ასაკისთვის კი მისი ფესვი მიწაში 6-7 მეტრის სიღრმეზეა გადგმული.
კაკლის 15-ზე მეტი ნაირსახეობა არსებობს და მას ზოგან ბერძნულ, ზოგან ინგლისურ და ზოგან სპარსულ კაკალს უწოდებენ, იმისდა მიხედვით ამა თუ იმ ქვეყანაში საიდან მოხვდა. მაგრამ მის სამშობლოდ მაინც სპარსეთი მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნამარხი კაკალი ჰიმალაიდან დაწყებული იტალიითა და შვეიცარიით დამთავრებული ბევრგანაა ნაპოვნი. ყველაზე ძველი კაკალი ერაყში ჩვ.წ.აღ.მდე 8000 წლით დათარიღებულ გათხრებზეა აღმოჩენილი. ნიგვზის თაობაზე პირველი ჩანაწერი ბაბილონის მეფე ჰამურაპის კანონებშია ამოლურსმნული თიხის ფირფიტაზე. ძველ საბერძნეთში ლეგენდაც კი არსებობდა, რომ ღვინის ღმერთმა დიონისემ თავისი სატრფო - კარია გარდაცვალების შემდეგ კაკლის ხედ აქცია. არტემიდამ კი კარიას მამას ქალიშვილის სიკვდილის ამბავი რომ მიუტანა, მერე მის საპატივცემულოდ ტაძრის აგება ბრძანა, რომელსაც კოლონების ნაცვლად ქალის ფიგურები ამშვენებდა და ასეთ ფიგურებს ბერძნულ არქიტექტურაში მას მერე კარიატიდები ეწოდება.
დღეისათვის კაკლის ძირითად მწარმოებლებად აშშ, ჩინეთი, უკრაინა, მოლდოვა რუსეთი გვევკლინება. ყველაზე დიდი სამრეწველო ბაღები კი საფრანგეთშია გაშენებული.
თხილი - თხილი ხე კი არა, ბუჩქია და იგი ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქიდანაა ცნობილი. მისი სამშობლო კავკასია და მცირე აზიაა. საიდანაც მერე ბალკანეთსა და იტალიაში, შვეიცარიის, გერმანიისა და საფრანგეთის სამხრეთ რაიონებში გავრცელდა. ახლო აღმოსავლეთში თხილი ოდითგანვე ითვლებოდა ნაყოფიერების, ხვავის, ბარაქისა, კეთილდღეობისა და ცოლ-ქმურლი ბედნიერების სიმბოლოდ. ამერიკაში თხილი მხოლოდ მე-18 საუკუნეში შეიტანეს. თხილი ძალიან ნელა იზრდება და ნაყოფს სიცოცხლის მე-5-6 წელიწადზე იძლევა.
თხილის ბუჩქი კაკალს ყურძნის მტევანივით ისხამს და აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში წმიფდება. თხილს ჯერ ბერტყავენ, მერე ჩენჩოსგან ფცქვნიან და აშრობენ. სხვათა შორის, ნახშირწყლების დაბალი შემცველობის გამო თხილის ჭამა ყველაზე მკაცრი დიეტის დროს და დიაბეტით დაავადებულებისთვისაც შეიძლება.
არაჩვეულებრივი გემოს გამო თხილი ძალიან პოპულარულია. პირველი რიგში მისი ცმაცუნი უყვართ, მერე კი კულინარიაში იყენებენ. მისგან არაჩვეულებრივი კრემი (პრალინე), ფქვილი, ზეთი კამფეტები, შოკოლადი მზადდება.
მიწის თხილი (არაქისი) - მისი 70-ზე მეტი სახეობა არსებობს და მათი უმრავლესობა ველურია. არაქისის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა და გაკულტურებული ჯიშების დიდი ნაწილი სწორედ ბრაზილიაში მოჰყავთ. იგი მაგელანის წყალობით და წყნარი ოკეანის გავლით მოხვდა ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ აზიაში. მე-17 საუკუნის დასაწყისში ამერიკიდან აფრიკაშიც კი შეიტანეს და მალე მთელ სმოფლიოს მოედო.
ევროპაში კი არაქისი პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა ჩამოიტანეს ჩინეთიდან მე-16 საუკუნის დასაწყისში და ამიტომ მას კარგა ხანი ჩინურ თხილის სახელთ იცნობდნენ. დღეს არაქისის ყველაზე დიდი მწარმოებელი არგენტინაა და საკუთესოდაც სწორედ იქაური ითვლება.
მთელი ოინი კი იმაშა, რომ მიწის თხილი სინამდვილეში არც თხილი და არც კაკალია, იგი მაგარ ნაჭუჭიანი და მიწაზე გართხმული პარკოსანი მცენარეა (ანუ ლობიოს ნათესავი). მისი ნაყოფი კარტოფილის ბოლქვივით მიწის ქვეშ იზრდება და მწიფდება. არაქისის კიდევ ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მას ნოემბერში რგავენს და მოსავალს აპრილ-მაისში იღებენ. იმისდა მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ხარობს, მიწის თხილის ფორმა, ზომა და გემო იცვლება.
მისგან ზეთს, კარაქს, კრემს, მარგარინს, კამფეტებსა და პურ-უნთუშეულსაც ამზადებენ. არაქისი იმდენად უნივერსალური პროდუქტია, რომ მას პლასტმასის, საპნისა და წებოს წარმოებაშიც კი იყენებენ. მისი ნარჩენებისან მცენარეულს ბოჭკოს ღებულობენ და ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილს ქსოვენ. ერთი სიტყვით, უნივერსალური პროდუქტია.
ნუში - მისი ნაყოფი მაგარნაჭუჭიან ხავერდოვან ტყავში გახვეულ კურკას წარმოადგენს, რომელიც წმიფობის მერე ხმება და სკდება. კურკის შიგნით მოთავსებულ გემრიელ გულს ნუშის კაკალს ეძახიან. ნუშის ხე პატარა ზომისაა და ქვაღორღიან ადგილებში იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ კაკალს ეძახიან, ნუში ჩვეულებრივი კურკოვანი მცენარეა, ამიტომაც წააგავს ასე ძალიან სიდიდითა და ფორმით გარგრის ან ატმის კურკას. ნუშის ხე ერთ-ერთი პირველი ყვავის გაზაფხულზე და მას პატარა ზომის ვარდისფერი ყვავილები აქვს.
ნუშის ჯიშებიდან ორ ნაირგვარობას ასხვავებენ - ჩვეულებრივს და მწარეს. ჩვეულებრივს თუ უშიშრად მიირთმევენ, მწარეს მხოლოდ პარფიუმერიასა და კულინარიაში იყენებენ. იმიტომ რომ მისი ნაყოფი საწამლავს - ციანიდის წყალბადს შეიცავს. მაგრამ არ შეგეშინდეთ, მოხალვის, მოხარშვის ან მოწვის, ანუ თერმული დამუშავების შემდეგ მწარე ნუში უვნებელი ხდება.
ეს აღმოსავლური ნუგბარი ევროპაში ესპანეთში მცხოვრებმა მავრებმა გაავრცელეს და რაღა გასაკვირია, რომ ნუში ესპანური სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად ქიცა.
ნუშის გულისგან ფქვილს, ზეთს, კრემს (ფრანჯიპანი), საკონდიტრო პლასტელინს (მარციპანი), კამფეტებს ამზადებენ. ნუშის ნაჭუჭს კონიაკებისა და ლიქიორებისათვის ფერისა და არომატის მისაცემადაც იყენებენ.
ფსტის კაკალი ანუ ბუსტუღი - აღმოსავლეთში „სიცოცხლის ხის“ სახელით ცნობილი „მოცინარი კაკალი“ (ასე ბუსტუღს მწიფე ნაყოფის „პირდაფჩენილი“ ფორმის გამო ეძახიან) მარადმწვანე ხეა და სუბტროპიკებში ხარობს. იგი გავრცელებულია ხმელთაშუაზღვის რეგიონში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკასა და ავსტრალიაში, აზიაში, ცენტრალურ ამერიკასა და ყირიმში. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ მას ჩვენთან „ფისტაშკის“ სახელით იცნობენ, ამ კაკალს ქართულად ძალიან სასაცილო სახელწოდება - ბუსტუღი ქვია და რაც ყველაზე საინტერესოა ასევე ქართულად - ბუსტუღის ნაყოფს ბუსტუღის კი არა, ფსტის ხე ისხამს. ამიტომ ვითომ გამართული ქართულით ფსტას რომ უწოდებენ, დიდი შეცდომაა - ფსტა ხეა, ნაყოფი კი ბუსტუღი.
ბუსტუღს ჯერ კიდევ პრეისტორიულ დროში იცნობდნენ და მას საკვებად 2,5 ათასი წელია რაც იყენებენ. მას განსაკუთრებით დიდ პატივს სპარსელები სცემდნენ, სადაც გარკვეული პერიოდი ფულის მოვალეობასაც ასრულებდა და სიმდიდრის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ბუსტუღი ერთ-ერთი ყველაზე კალორიული და სასარგებლო კაკალია და მისი კიდევ ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ფსტის კაკალის მოსავალს ღამით იღებენ. დღისით, მზეზე ხის ფოთლები მომწამვლელ ეთერ-ზეთებს გამოყოფენ, რომლის ჩასუნთქვისასაც ადამიანს თავბრუსხვევა ეწყება, ამიტომ კაკალს ღამით ბერტყავენ და მერე აგროვებენ.
ჩვენში ბუსტუღს ძირითადად ლუდთან ერთად მიირთმევენ, თურქეთში მისგან ბაქლავას ამზადებენ, სხვაგან კი ზეთს, კრემს, პასტას, კამფეტებს და უგემრიელეს ნაყინს. იგი ძალიან უხდება არატკბილ საჭმელებსაც - მაგალითად გოჭს და ქათამს.
აქვე შემოგთავაზებთ ერთი ეგზოტიკური და უმარტივესი ეგვიპტური სალათის რეცეპტსაც:
500 გრ პამიდორს კანი და თესლი გავაცალოთ და კუბიკებად დავჭრათ, დავუმატოთ 250 გრ ბუსტუღი, 100 გრ წვრილად დაკეპილი ხახვი, მარილი, მწარე წიწაკა, ყველაფერი ერთმანეთში გადავურიოთ და 10 წუთი გავაჩეროთ. მერე სწრაფად მივირთვათ და თითებიც გავილოკით! ჩემი ბრალი არაა, ასე არაბები წერენ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი პანტერა
2 კომენტარი.:
საინტერესო სტატიაა. მინდა ერთი შევნიშნო: თხილი ხის სახითაც გვხდება. ვიცი სადაც დგას ასეთი ხე,იგი დაახლოებით 15 მ სიმსღლისაა
თხილი ხის სახითაც გვხდება.ასეთი ხე ლაგოდეხის რაიონის სოფ. შრომაში , მოქ. ჯემალ სიყმაშვილის ეზოს წინ მდებარე სკვერში დგას და მისი სიმაღლე 15 მ იქნება, გარშემოწერილობა კი 40 სმ. ისხამს კარგად და მოსახლეობა მას ქართულ თხილს უწოდებს.
ძალიან საინტერესოა! ამხელა თხილი მართლა არ გამიგონია.
Post a Comment