ქართული სერვისის თავისებურებები

Approved by Natia Jinjolava

ცოტა რამის თუ მშურს ამერიკელების (შეერთებული შტატები მაქვს მხედველობაში), მაგრამ ყოველი ამერიკული ფილმის ყურებისას სულ კბილებს ვაღრჭიალებ, როცა ვხედავ, რომელიმე გმირი ნებისმიერი ტიპის საზკვების ობიექტში (ფეშენებელური რესტორნიდან დაწყებული, ძუნძგლიანი გზისპირა კაფით დამთავრებული) როგორ შედის და როგორ უკვეთავს მენიუში არარსებულ კერძს ან საკუთარი გემოვნებით არჩევს უკვე არსებულის ინგრედიენტებს: რაღაც მაიონეზის გარეშე, რაღაც ორმაგი სოუსით, რაღაც ნახევარი ულუფა, ან „სალათი ყველით, კიტრით, „ტაბასკოს“ სოუსით და ტყის სოკოთი, გეთაყვა“ ... შეკვეთის მიცემისას ამ ფრაზის წარმოთქმისას ქართველი „ოფიციანტის“ სახე წარმოიდგინეთ და მიხვდებით, რაზეც ვლაპარაკობ. ჩვენებური მომსახურების მენტალიტეტია: მენიუდან არავითარი გადახვევა!
ჩვენს კაფე-ბარ-რესტორნებში შავი პურის ან უკოფეინო ყავის მოთხოვნა თუ გიცდიათ? ახლა, ახლა. 20 წლის წინანდელ პერიოდზე არ ვლაპარაკობ, როცა ზესტაფონის ყველაზე დიდ და ცნობილ რესტორანში მამაჩემს ყავის მოთხოვნისგან მეტყველებადაკარგულმა მიმტანმა, მეორეჯერ მოაკითხა და კიდევ ერთხელ დააზუსტა: „რომელი ყავა, ბატონო, კაკაო?“-ო.  ყავასთან მე და ჩემს ოჯახს მაინც განსაკუთრებული ისტორია გვაკავშირებს. ეტყობა, ბევრს დავდივართ და ყავის სმასაც იქ ვინდომებთ, სადაც საჭირო არაა. ქუთაისში ერთ-ერთ სასტუმროში მივლინებაში მყოფ ჩემს დას არჩევნის გაკეთებამ „მოკლე და გრძელ ყავას“ შორის  მოუწია. ვიცი, შემომედავებით, ეგ სულ ქუთაისური იუმორის ბრალიაო. მაგრამ ნიცაზე უკეთეს თუ არა, მასთან საკმაოდ მიახლოებულ ბათუმში ჯერ კიდევ შარშან „კოფეს კოფეს და ისთე კოფეს“ მთავაზობდნენ. რეგიონებთან რა პრეტენზია უნდა მქონდეს, როცა თბილისის არცერთ კაფეში არ მოაქვთ არცერთი ყავა იმ ჭიქით, რომლითაც საჭიროა. საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში ნამყოფი ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ კაპუჩინოს ესპრესოს პაწაწინა ფინჯნით ჩვენს გარდა არავინ სვამს.
არადა, თითქოს სახელებიც კი ვისწავლეთ: ლატე, მაკიატო, ამერიკანა, ფრენჩი... ეკონომია კი კარგია, მაგრამ არც ამ დონემდე. ჯანდაბას, ყავა და რძე ენანებათ, მაგრამ ამას წინათ ბარნოვზე „კანაპეში“ გახლდით. სამართლიანობისთვის ვიტყვი, რომ ძალიან გემრიელი პიცა და ნამცხვრები აქვთ. ტორტთან რაიმე ცხელი და დიდი ჭიქით მოვინდომე და თბილისური ყავის ამბავი რომ ვიცოდი, ჩაი შევუკვეთე ... ხომ არ გგონიათ, რომ  ფერი დააყენეს ან თავი განსაკუთრებულად შეიწუხეს. პაკეტი ყავის პატარა ფინჯანში ჩატენეს (ძლივს ეტეოდა) და წყალიც ჭიქის ნახევრამდე ჩაასხეს - ზუსტად სამი ყლუპი იყო. ეტყობა, ადუღებული წყალიც ძვირი უჯდებათ. რაც მთავარია, ნახევარი ნაჭერი ლიმონის მოტანა არ დავიწყებიათ. მიმტანს პრეტენზია რომ გამოვუთქვი, უსიტყვოდ ისეთი გამანადგურებელი და მკაცრი მზერით შემომხედა, მეგონა, სულ ცოტა სამშობლოს ღალატში მედებოდა ბრალი,  თავი სასწრაფოდ დავხარე და ყელგამშრალმა შოკოლადიანი ბისკვიტის ჩიჩქნა მორჩილად გავაგრძელე.
ჩემმა მეგობარმა გასულ ზაფხულს შარდენის ერთ-ერთ ბარში დამპატიჟა. სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ იქ გაშენებული დანარჩენი ობიექტებივით მოდურობასა და ევროპულობაზე დიდი პრეტენზიების მქონე „დაწესებულებაა“. ყველაფერი განსაკუთრებულად გაფორმებული და მორთულ-მოკაზმული მოაქვთ. იმ დღეს რესპტორნის მეპატრონე, როგორც ჩანს, მარცხენა ფეხით ადგა. ჩვენი სახით პრეტენზიული და უმადური კლიენტები მიუვიდა. მშვენიერი მზიანი დარი იყო. სასიამოვნო საუბარმა და გარემომ კარგი განწყობა შეგვიქმნა და ყავაში შაქრის მოსარევად ჩადებულმა დარიჩინის ჩხირმა ისე გაგვაკადნიერა, დაგვავიწყდა, სად ვიყავით და  საყოველთაოდ პოპულარული „მარტინი ბიანკოს“ ნაცვლად მშრალი „მარტინი“ შევუკვეთეთ (რას ვიზამ, გაზულუქებული ვარ და ხანდახან სხვას რომ არ უყვარს, ისეთი რამეც მინდება). ჩვენდა გასაკვირად, აღმოაჩნდათ. კიდევ უფრო გავთამამდით და ყინულებით გადავსებულ  ჭიქაში ორიოდე ცალი მწვანე ზეთისხილის ჩაგდებაც მორიდებულად და მოწიწებით მოვითხოვეთ. დამიჯერეთ, „Martini Extra Dry” ლიმონის და ზეთისხილის გარეშე სულ არ არის გემრიელი. მიმტანი, უკაცრავად „აფიციანტი“ (სხვა სახელს ვეღარ ვუწოდებ), 20 წუთის შემდეგ დაბრუნდა და „იცით, რაო? ბარის პატრონს ვკითხეო და მშრალში ზეთისხილს არ აგდებენო“. ეგებ გიჟი ვარ და ასე მომწონს! ან ბარის პატრონს ვინ ეკითხება სასმელში რას დებენ? ბარმენი ნეტა მკვდარი ყავდათ? თანაც, სადაც უნდათ და ვისთანაც უნდა იკითხონ და ნებისმიერ სახელმძღანელოში შეამოწმონ, იდება თუ არა მშრალ მარტინიში მწვანე ზეთისხილი. და თუნდაც არ იდებოდეს, იმ ბარს და  იმ რესტორანს რა ვუთხარი, კლიენტისთვის 2 ცალი ზეთისხილი რომ არ ემეტება!
საქმეზე ერევანში მომიწია გამგზავრებამ. გზაზე, უღელტეხილზე, სადღაც ტყეში ჩაშენებულ ფაცხაში სომხური მწვადი ვჭამე. სულ ორი მაგიდა იდგა და ერთი კაცი გვემსახურებოდა. ხელისგულისხელა უგემრიელეს მწვადებზე, შესანიშნავ სერვისსა და ძვირფას ჭურჭელზე არაფერს ვამბობ - ლამაზ ყუთში ჩალაგებული სურნელოვანი ხელსახოცებიც მოგვიტანეს. უკიდეგანოდ გაზრდილი და სრულიად გადავსებული მცხეთის „სალობიე“ გამახსენდა, სადაც დღესაც კი, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან შემორჩენილი, დაჭრილი ნაცრისფერი თაბახის ფურცლები მოაქვთ ხელის შესაწმენდად. ან რა მარაგი აქვთ ამისთანა, რომ ვერ გამოლიეს! დიღმის ტრასაზე, ორსართულიან და საკმაოდ კარგად გარემონტებულ „იბერიაში“ თუ მოხვდებით, გეხვეწებით, თურქული ყავა შეუკვეთეთ. მსგავს, რაღაც გაურკვეველი ნაცრისფერი მასალისგან დამზადებულ, დაბრეცილ და უხარისხო ფინჯნებს (გეგონება საბავშვო ბაღში ბავშვებს გამოაძერწინესო) ზუგდიდის ფაიფურის კომბინატიც კი არ ამზადებდა.
ევროპელებისაც მშურს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის, ან კიდევ უფრო ძველ ფილმებში საფრანგეთის ან იტალიის პატარა სოფლებში  მთავარ მოედანზე კაფეში (!)  რომ სხდებიან და ყავასა და ნამცხვარს უკვეთავენ. 50-70 წლის წინ კი არა, დღეს, როგორ წარმოგიდგენიათ ზემო გვიშტიბეს ან ქვემო კვახჭირის კაფეში კაპუჩინოსა და ტორტის ჭამა?!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

2 კომენტარი.:

  1. Aunt Polly

    მე ის გამახსენდა, ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ რესტორანში "ჟულიენი" რომ მომიტანეს პატარა ჯაზვეთი (ზუსტად ორი ჩაის კოვზი იყო), აი, მაშინ კი გავშტერდი! "ჩვენებურმა სერვისმა" სამარცხვინო კომპლექსი დამიტოვა - "ჟულიენის" შეკვეთისას აწი პორციის ზომას ვკითხულობ ხოლმე, კაპუჩინოს ან ლატეს შემთხვევაში - ფინჯნის სიდიდეს...

  1. Madame Durova

    მწვადი ძალიან მიყვარს და ფრიად გავიხარე თბილისში რომ კაჭრეთის "ჩემპიონის" ფილიალი გახსნეს.ერთ ზაფხულს ცივი ლუდი მოგვინდა და ბამერ კარგი მწვადიც მივაყოლოთო... შევედით. ლუდი არ გვაქვს, კახური არაა და ჩვენ მარტო კახური მენიუ გვაქვსო. ლიმონათი ხომ სუფთა კახურია რა, ან "კოკა-კოლა". თან მენიუში ისეთი ჭეშმარიტი კახური კერძები ქონდათ, როგორიცაა "ოლივიე" და "ჟულიენი". სმაწვადეში ჟულიენი როგორ მოგწონს? შედეგად, დაიხურნენ. ეგონათ, არყით მთვრალი მეტს შეუკვეთავს და მეტ ფულს დატოვებსო. ვერ გათვალეს რომ სამსახურიდან შესვენებაზე გამოსული თბილისელი ღვინოს და არაყს ყოველთვის ვერ დალევს...

Post a Comment