„დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია!“

Approved by Natia Jinjolava

ამ თარიღთან დაკავშირებით, ალბათ ყველას ერთი და იგივე - ბავშვობიდან გამოყოლი ფრაზა ახსენდება, ფრაზასთან ერთად კი სხვადასხვა დროს თავს გადახდენილი თუ სხვისი ნაამბობი კურიოზები. რამოდენიმე ასეთ ისტორიას მოგიყვებით, რომლის მონაწილე, მომსწრე და თვითმხილველი ვარ.
ერთმა ბიჭმა ორი მეგობრის საპირველაპრილოდ „გაღადავება“ გადაწყვიტა, ჩაის დასალევად დაპატიჟა და თავად სახლიდან გაიძურწა. მეგობრები მივიდნენ და, სახლის კარი რომ არავინ გაუღო, ჯერ გაიკვირვეს, მერე თავი დაიმშვიდეს, ალბათ მასპინძელი მაღაზიაშია ჩასულიო და ხანმოკლე ლოდინისთვის მშვიდად განეწყვნენ. ლოდინმა დიდიხანს მოუწიათ, მასპინძელი არსად ჩანდა. მომლოდინეებს გაახსენდათ, რა დღეც იყო, მიხვდნენ, რა მახეშიც გაებნენ და სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტეს. ბევრი არ უფიქრიათ, მზერა იქვე ეზოში დახვავებული აგურისა და ქვიშის გორას მიაპყრეს და მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგნენ. არ დაიზარეს, „უპატრონო“ აგურები მესამე სართულზე საკუთარი ზურგით ზიდეს და გაპარულ მეგობარს შესავლელი კარი ამოუშენეს. თავდაუზოგავად იშრომეს და კარი უბრალოდ კი არ ამოქოლეს, ვერაგებმა აგურებისგან ორმაგი კედელი აღმართეს იმ აზრით, „პირველ ფენას რომ დაარღვევს, კიდევ ერთი კედელი დახვდებაო“ და დამშვიდებული თავმოყვარეობით დაიშალნენ.
მუხანათი მასპინძელი გამთენიისას გვარიანად შექეიფიანებული დაბრუნდა. საკუთარი კარის ნაცვლად აგურის გალავანი რომ დახვდა, სასწრაფოდ გამოფხიზლდა და მის დაშლას შეუდგა. შუადღემდე გულმოდგინედ იშრომა და ბევრი ოფლიც ღვარა, სადარბაზოს სივიწროვის გამო აგურებს იქვე აკურატულად ალაგებდა, თან მეგობრებს (ამ „ხუმრობის“ ავტორების ვინაობას თავიდანვე მიხვდა) გულში (და არა მხოლოდ) „ლოცავდა“. სამუშაოს დამთავრებას ცოტა აკლდა, გვერდით ბინიდან მეზობელმა ქალმა გამოიხედა და შეიცხადა: „როგორ გამახარე, ჩემი აგურები რომ მოგიზიდია, რატომ წუხდებოდიო“. ოფლში გახვითქულმა ბიჭმა მეზობლის მადლი კი მოისხა, მაგრამ „ხუროთმოძღვარ“ მეგობრებს მას მერე დიდხანს არ ელაპარაკებოდა...
სხვათა შორის, ამ ოხუნჯი „მშენებლებიდან“ ერთ-ერთს უარესიც გაუკეთებია. ოდესღაც ერთ ხანდაზმულ კაცს ემეგობრებოდა, რომელიც თავის დროზე სერგო ფარაჯანოვის მეგობარი და კოლეგა გახლდათ, დღედაღამ ფარაჯანოვს ახსენებდა და მის ისტორიებს ყვებოდა. ერთხელაც ჩემმა მეგობარმა (ის დღეც პირველი აპრილი იყო) ამ კაცს უთხრა: „წუხელ სერჟიკა დამესიზმრა, მოგიკითხა, მაგრამ შენზე ძალიან ნაწყენია. ასე თქვა, ჩემი საყვარელი ოდეკოლონი „მოჟმოტა“ და საფლავში არ ჩამატანაო“. კაცს ხმა არ ამოუღია, მაგრამ ფერი ეცვალა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა. ამის მერე, ერთი კვირით დაიკარგა და, რომ გამოჩნდა, ჩემს მეგობარს მიახარა: „ახლა სინდისი დაშვიდებული მაქვს - ერევანში იმ დღესვე წავედი და სერჟიკას საფლავზე ოდეკოლონი მივიტანეო“.
ჩვენი სტუდენტობისას უნივერსიტეტში ერთი მეტად პოპულარული და მოდური ბიჭი, სახელად ალექსანდრე, სწავლობდა. გოგოების მეტისმეტი ყურადღება თავში ჰქონდა ავარდნილი, საკმაოდ ამპარტავანიც იყო და ხანდახან თავს ზედმეტად უხეში ხუმრობის უფლებას აძლევდა. ერთხელაც თავისი შესაძლებლობები ვერ მოზომა და ჩვენი მერი პოპინსის მეგობარ გოგონას უმიზეზოდ აწყენინა და მანდ შეცდა! ამბობენ, „შურიძიება ცივი კერძიაო“, ჰოდა, მერიკომ ბიჭს რამდენიმე კვირა აცალა და პირველ აპრილს სამაგიერო ასე გადაუხადა: ჯერ დარწმუნდა, რომ იმ საღამოს ბიჭი ნამდვილად სახლში იყო, მერე სასწრაფო დახმარებას დაურეკა და ბიჭის მისამართზე „ოცდაერთი წლის მშობიარე ალექსანდრა .....-სთან“ მეან-გინეკოლოგების ბრიგადა გამოიძახა. მეორე დღეს უნივერსიტეტის ბირჟაზე გამოსულ ბიჭს დანა კბილს არ უხსნიდა.
აი, კიდევ ერთი ისტორია: ჩვენს მეგობარს სამსახურში პერიოდულად ღამ-ღამობით მორიგეობა უწევდა. მეწყვილედ ერთი სვანი ჰყავდა, ცვლას ასე ინაწილებდნენ: ღამის 12-დან 4 საათამდე ერთს ეძინა, 4-დან დილის 8 საათამდე - მეორეს. ჩვენმა მეგობარმა პირველი აპრილის მორიგეობა ასე გაიხალისა: შუაღამის ცვლა სვანს დაუთმო: „შენ მშვიდად დაიძინე და მე გაგაღვიძებო“. სვანმა ხვრინვა ამოუშვა თუ არა, ბიჭი საქმიანად დატრიალდა, ოფისში არსებული კედლის თუ კომპიუტერის ყველა საათი სამი საათით წინ გადაიყვანა, არ დაიზარა და მძინარე მეწყვილის მაჯის საათიც ზედ მიაყოლა. ღამის პირველ საათზე სვანი უსინდისოდ გააღვიძა („შენი კუთვნილი ოთხი საათი გავიდაო“) და თვითონ ტკბილად დაიძინა... ნებივრობა შეშინებული სვანის ხმამ გააწყვეტინა: „გაიღვიძე, მგონი, მეორედ მოსვლა იწყება! დილის რვა საათია, ისევ ბნელა, არა და არ გათენდაო!“
დაბოლოს, მოსკოვში სასწავლებლად წასული ორი ქართველის ამბავი მახსენდება. სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ჩინელთან ერთად შეასახლეს და პირველ ხანებში ენერგიული ქართველი ბიჭები იმით ერთობოდნენ, რომ უსიტყვო და მორჩილ ჩინელს აწვალებდნენ: ხან ფეხსაცმელი დაუჭედეს, ხან ლოგინი გაუპასტეს, ხან ოთახის გასაღები დაუმალეს, მოკლედ, ყოფა გაუმწარეს. საბრალო მსხვერპლი ყველაფერს ჩინური ფილოსოფიური უდრტვინველობით იტანდა. დროთა განმავლობაში ბიჭები ოთახის აზიელ ბინადარს შეეჩვივნენ, ადამიანობა გამოიჩინეს - გადაწყვიტეს, „ეგზეკუციას მოვრჩეთო“.
 ქართული ტრადიციისამებრ, ჩინელს სუფრასთან უხმეს და ჰუმანური გადაწყვეტილებაც საზეიმოდ ამცნეს: „კარგი ბიჭი ყოფილხარ, ამდენი რომ გვითმინეო და აწი აღარაფერს გერჩითო“. ჩინელმა თავი მშვიდად დაუხარა და მწვალებლებს გამოუცხადა: „Холосо, я тосе не буду писать в ваш цайник”. ბიჭებმა სასწრაფოდ ოთახი შეიცვალეს, მას მერე სხვის ადუღებულ ჩაის აღარ ეკარებიან და თავს დღემდე ასე ინუგეშებენ: „იმ დღეს პირველი აპრილი იყო და ის შობელძაღლი ალბათ გვეხუმრაო“...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment