იდეალური მამაკაცი და მწარე რეალობა

Approved by Mary Poppins

ქართველი მამაკაცების გარეგნობაზე ზრუნვა-არზრუნვის საკითხი საკმაოდ აქტუალურია, თუმცა საკამათოც.  ისეთი ქალებიც არსებობენ, ვისაც ცხოვრების თანამგზავრის ღიპი და მელოტ კეფაზე ჩალაგებული ნაკეცები, თუ არ მოსწონს, არც ანაღვლებს. და საერთოდ, გემოვნებაზე არ დაობენ, ან პირიქით, დაობენ და ბევრსაც. მთავარია, გარეგნულ მხარეზე ზრუნვამ სხვა უფრო მნიშვნელოვანი მომენტები არ დაჩრდილოს. ზომიერება, მეგობრებო, ზომიერება, თორემ ამაზე  ერთი ნაცნობი მახსენდება, რომლის თავის მოვლის გაზვიადებულმა სიყვარულმა გარშემომყოფებს თავი მოგვაბეზრა: კეფაზე ოდნავ შეთხელებულ თმას ღერა-ღერა სათუთად ილაგებს და მერე ბოლომდე ფანჯრებაწეულ მანქანში გვხუთავს, არიქა, ნიავმა არ დამიბეროს და ვარცხნილობა არ გამინადგუროსო.
ერთი სიტყვით, ყველაფერში ოქროს შუალედის დაცვაა საჭირო. რა სჯობს მოვლილი, მოწესრიგებული და მოხდენილი კაცის დანახვას, მაგრამ, აბა, ერთი ისიც ვნახოთ, ამ იერ-სახის მიღმა რა იმალება. იქნებ სულაც ცარიელი ფუტლიარია და მეტი არაფერი? ნაცნობების წრეში ასეთი ეგზემპლიარიც გვყავს, ერთ-ერთ სტატიაში ვახსენეთ კიდეც - გერმანული დოგივით ლამაზი და საარაკოდ უტვინო. იმდენად სიმპათიური ბიჭია, შეუმჩნეველი არსად რჩება, მაგრამ პირს გააღებს თუ არა, პირველ დანახვაზე დადგმულ თვალს იქვე „დაგიფსებს“ და მერე ქუჩაში შეხვედრისას, ამ თვალსაც არიდებ და შიშით აქეთ-იქით გაიხედავ, ემანდ ვინმე ახლობელი არ გადაგეყაროს და ეს სამარცხვინო ნაცნობობა სააშკარაოზე არ გამოვიდეს.
ალბათ იფიქრებთ, რომ ყველა კაცს ხელაღებით ვაკრიტიკებ, მაგრამ მთლად ასეც არ არის. ჩვენ რომ გვინდა, ისეთები მხოლოდ ფილმებში და, როგორც წესი, ქალის დაწერილ რომანებში გვხვდებიან. მოდით, ჩვენი ნაცნობი ყველა მამაკაცისგან თითო კარგი თვისება ავიღოთ და იდეალური მამრის პორტრეტი მოზაიკასავით ავაწყოთ. სანამ ამ სტატიის წერას დავიწყებდი, ჩვენი ბლოგის „მშვენიერ ნახევარს“ აზრი ვკითხე. მისის დაუტფაიერის შეხედულებები წინა  სტატიიდან ისედაც გავიგეთ და ახლაც იგივე „ჩვენებას აწვება“ - ანუ გარეგნობა და ქარიზმა (ამაში ვეთანხმები). მის ენდიურს წარმოდგენით, მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი, უზომოდ განათლებული, დახვეწილი, რომელიც ცოლს დაბადების დღეს ოჯახური ტექნიკის ნაცვლად, ფუქსავატურ ნივთებს აჩუქებს (ვეთახმები, მაგრამ ერთი პატარა დათქმით: უგზო-უკვლოდ განათლება კარგია, თუ მისი პატრონი რეალობასთან კავშირს ინარჩუნებს, წიგნებით შექმნილი სტერეოტიპებით არ ცხოვრობს და უკან, „მიწაზე დასაბრუნებელი გზა“ იცის - ერთი ჩემი არაბუნებრივად ნაკითხი ნაცნობი კითხვაზე „გარეთ როგორი ამინდია?“ ასე პასუხობს: „არ ვიცი, არ წამიკითხავს“. ამ დროს გინდა მაგ განათლებულ თავში ჩაუთაქო და უთხრა: „გააღე, შე დალოცვილო, ფანჯარა და გარეთ გაიხედე!“). მერი პოპინსის აზრით (უკაცრავად, მოთხოვნებით), კაცს კარგი იუმორის გრძნობა, თავდაჯერებულობა, ზრდილობა და ტაქტი უნდა ჰქონდეს, სხვისი შრომის შეფასება-დაფასება უნდა შეეძლოს და ძაღლები და მერი პოპინსი უნდა უყვარდეს (განსაკუთრებით, ამ ბოლო პუნქტში ვეთანხმები - აბა, აზრი აქვს თუნდაც იდეალურ მამაკაცს, რომელსაც ყველაფერი აქვს, შეუძლია, ხელეწიფება და შენს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ შენ არ უყვარხარ?!). ჩვენი ბრძენი გურუმის, კუ ტორტილას თქმით, მთავარია, კაცი რამით იყოს დაკავებული, სახლიდან საქმეზე გადიოდეს და ოცდაოთხი საათი შენს თვალწინ არ ტრიალებდეს.
ზემოთქმულს თავს დავანებებ და საკუთარ თავს ვკითხავ: რა მინდა მე? ზუსტად ვიცი, რა არ მინდა - მაგალითად, ძუნწი და უმიზეზოდ ხელმომჭირე მამაკაცი. ჩემი აზრით, წუწურაქობა ზოგადად და განურჩევლად სქესისა, ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო თვისებაა და, რაც ყველაზე ცუდია, ბევრი სხვა თვისებისგან განსხვავებით, განუკურნებელია. არა, მე იმ უაზრო ხელგაშლილობის მომხრეც არ ვარ, რომელიც ხშირად სიბრიყვეს უტოლდება, უბრალოდ, აქ მამაკაცის იმ საკმაოდ გავრცელებულ ნაირსახეობას ვგულისხმობ, რომელიც გამუდმებით სხვის ხარჯზე და სხვის გაშლილ პურმარილზე ქეიფობს, სხვისი ჩასხმული ბენზინით დადის და სხვისთვის აწაპნილ, კაცმა არ იცის, სიგარეტის მერამდენე ღერს ეწევა (თავისი სულ სახლში ან მანქანაში რჩება) და რატომღაც მაინც „კაი ტიპად“ ითვლება. მე ასეთებს პარაზიტებს ვეძახი.
ძალიან მაღიზიანებს კაცის სილაჩრე. არა, იმას არ ვგულისხმობ, რომ თოლიის გადასარჩენად ზღვის აბობოქრებულ ზვირთებს უნდა შეეჭიდოს. უბრალოდ, რამდენი კაცი ვიცი, რომელიც ათი წელი ერთიდაიგივე ქალთან დადის, არც (ვერც) თავს ანებებს და გადაწყვეტილების მიღებასაც არ ჩქარობს. სულ არ ახსოვს, რომ დრო ულმობელია - მისთვისაც და „მისი მეორე ნახევრისთვისაც“ გადის. ისეთიც ვიცი (რამდენიც გინდა!), ასევე წლობით, ერთი გოგო მოსწონს, თითქოს არც მალავს, შორიახლოს უვლის, მაგრამ ხმას ვერ იღებს. მერე საკუთარი გაუბედაობით სასოწარკვეთილი უსიყვარულოდ ქორწინდება და მთელი ცხოვრება „ტრფობის წინანდელ საგანს“ მისტირის, ოღონდ ამჯერად ხმამაღლა... ანდა ერთხელაც (როგორც იქნა!) გაბედავს და გულისნადებს ამოღერღავს (მთვრალ გულზე წამოსცდება) და მერე საკუთარი სითამამით დამფრთხალი, უკანმოუხედავად იკარგება.
ზრდასრული ადამიანი გადაწყვეტილებას თუ იღებ, ამ გადაწყვეტილებისთვის თვალის გასწორების შნო მაინც უნდა გქონდეს! სიმხდალესა და უპასუხისმგებლობას შორის ძალიან პატარა ზღვარია. არის გარკვეული ტიპის საქციელი, რომელიც ლოგიკურად გაგრძელებას და განვითარებას მოთხოვს, ამიტომ, სანამ რამე ურთიერთობას დაიწყებ, კარგად დაფიქრდი, ხარ თუ არა მზად ამ ურთიერთობისა და მისი შედეგებისთვის და ნამდვილად გინდა (გიღირს) თუ არა. ხოლო თუ დაიწყებ, არ დაგავიწყდეს: „Мы в ответе за того, кого приручили“.
მამაკაცების უპასუხისმგებლობაზე ხმამაღალი მონოლოგი მერი პოპინსმა შემაწყვეტინა: „წუწუნა კაცებზე რა იტყვიო?“ და მეც იმ ინდივიდების გრძელი რიგი გამახსენდა, ჩვენს ცხოვრებას გაუთავებელი ოხვრა-კვნესა რომ „ალამაზებენ“, თანაც ხშირ შემთხვევაში სწორედ ისინი მოთქვავენ, ვისაც სავიშვიშო და საზუზუნო რეალურად არაფერი აქვთ. რამდენი გახსენდებათ, ვინც ყოველ წინადადებს „აუუუუ“-თი რომ იწყებს? მე - ბევრი, ვისაც ნეკათითის მსუბუქად გაჭრაზე გული ცუდად უხდება და ფერი ეკარგება, ან უმნიშვნელო შაკიკისას ორმოცგრადუსსიცხიან ცოლს ლოგინიდან უცერემონიოდ აყენებს: „წამალი დამალევინე, თავი მისკდება“ (წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა, მშობიარობა კაცებს რომ უწევდეთ?).
ბუნებრივია, რომ შენი ტკივილი, გასაჭირი და პრობლემა შენივე მოსანელებელი, გადასატანი და გადასაჭრელია, მაგრამ მხოლოდ საკუთარი სამყაროს ცენტრი ხარ და შენი საზრუნავით სხვები არ უნდა შეაწუხო.

მოკლედ, ბევრი ვილაპარაკე და რეზიუმესაც მივადექი: როგორი უნდა იყოს „იგი“? ჭკვიანი, საინტერესო, ენამოსწრებული, თამამი, გულისხმიერი, ადამიანური, სანდო და, რაც მთავარია, საიმედო. ასეთს სადმე თუ წააწყდებით, არ გამომაპაროთ, ცალი თვალით მაინც დამანახეთ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

3 კომენტარი.:

  1. Masento Gulacho

    ყველაზე მეტად ეს ფრაზა მომეწონა „Мы в ответе за того, кого приручили“.
    ალბათ იმიტომ რომ ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევა, როცა წინასწარ შეუძლებელია მამაკაცში იმ თვისებების შემჩნევა, რომლებზეც ამ პოსტში იყო საუბარი და რომელიც შედგომში წუწუნის, კამათის ან სულაც კონფლიქტის მიზეზი ხდება.
    უბრალოდ არ არსებობენ იდეალურები, რამეთუ იდეალურ ხმალს იდეალური ქარქაში სჭირდება, იდეალურ მშვილდს იდეალური ისარი და იდეალურ მოსავალს იდეალური ნიადაგი, იდეალური ამინდი, იდეალური ჰავა და იდეალური მებაღე.
    თამამად შეიძლება ითქვას რომ, თავის დროზე ყველას დახუჭული აქვს თვალი რაღაცაზე ან ზის სიცოცხლის ბოლომდე მარტო.
    ამიტომ ერთადერთი გამოსავალია ის რომ გიყვარდეთ. სიყვარული ხომ ერთადერთი გრძნობაა რომელიც აბრმავებს :)

  1. Mary Poppins

    სულ ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: კარგი ხასიათის კაცი არ არსებობს! მაგრამ ყველას თავისებური ნაკლი აქვს და მთავარია, ისეთი შეარჩიო, რომლის ხუშტურებსაც შენ მეტ-ნაკლებად გაუძლებ. რაც მთავარია, აღზრდა აღარ უნდა დაუწყო. ეგ დედიკოს უნდა ექნა და თანაც 3 წლამდე, აწი ვეღარადერს შეცვლი. თუ გადაწყვიტე, რომ ამ კაცთან ერთად ცხოვრება გინდა, მერე "ბედს უნდა შეეგუო" და ცხოვრებას ფილოსოფიურად შეხედო. ნერვების შლას ზარი აღარ აქვს :)))))))))

  1. Aunt Polly

    შეიძლება ითქვას, ყველაფერში გეთანხმებით. ვიცი, რომ "იდეალური" სუბიექტური მცნებაა და მას ყველანი თავისებურად აღვიქვამთ: რაც ერთისთვის ეტალონია, მეორესთვის შეიძლება სულაც მიუღებელი იყოს და ა.შ. ისიც ვიცი, რომ იდეალურის ძებნას, ასეთის პოვნა კი არა, ილუზიებიანი მარტოობა მოყვება. ვისაც მარტოობა არ უნდა (ან არ შეუძლია), ადამიანი თავ-ფეხიან-ხუშტურებიანად უნდა მიიღოს და აღზრდის მცდელობები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის შემოინახოს:))
    იდეალურ მოსავალთან დაკავშირებით, აი, ეს გამახსენდა: "Из плохой глины доброго горшка не получится, вот так же и с человеческим обществом, - ну, могут ли такие скверные животные, как человек, создать идеальное общество?" (რ. ოლდინგტონი)

Post a Comment