მოუსვენარი სიძე

Approved by Mary Poppins

ქალების მავნე ჩვევებზე რომ ვწერდი, მივხვდი, რომ უსამართლობა იქნებოდა, მსგავსი პანეგირიკი მამაკაცებისთვის არ მიმეძღვნა, მით უმეტეს, რომ ერთი ახლობლის მხოლოდ ერთ ასეთ „ჩვევაზე“ სათქმელი (და საწერი) იმდენია, თქვენთვის როგორ დავინანებდი! ეს ახლობელი ჩემი სიძეა, ასე რომ, რასაც მოგიყვებით, ყურმოკრული არ გეგონოთ, მომსწრეც ვარ, დამსწრეც და მონაწილეც. საქმე  ავეჯის გადაადგილების სიყვარულს ეხება, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს უწყინარი ჩვევაა, რომ არა ერთი „წვრილმანი“ -  სავარძლისთვის ადგილის შეცვლა თუ კარადის ჩაჩოჩება გარშემო ყველას და ყველაფრის სახეცვლილების დაუოკებელ ჟინში გადადის ხოლმე.
თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ჩემი სიძე საკმაოდ ჭკვიანი, უზომოდ საქმიანი და ძალიან სერიოზული ადამიანია. ერთი ნაკლი კი აქვს: უსაზღვროდ ენერგიულია და ხანდახან მისი ენერგია სტიქიური უბედურების ტოლფასია. საშინლად მოუსვენარია და უსაქმოდ  ვერ ჩერდება, სულ რაღაცის შეცვლას და გადასხვაფერებას ცდილობს (ცხადია, რაზეც ხელი მიუწვდება), თანაც არას დაგიდევთ, საქმე მის საკუთარ სახლს ეხება, თუ სხვის „სივრცეს“. თან ძალიან ჯიუტია - მტრისას, რამე თუ აიკვიატა! რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავისას გაიტანს და გააკეთებს - ეს ხომ პრინციპის ამბავია! 
წლების წინ მასთან ვმუშაობდი. იმ დროის კვალობაზე არცთუ პატარა კომპანიის „მამამთავარი“ გახლდათ, საქმესაც გონივრულად წარმათავდა და „სამსწყოსაც“ (თანამშრომლების სახით) კარგად უძღვებოდა, თანამშრომლებსაც უყვარდათ. ერთხელაც ოფისისთვის (რომელიც 12 საკმაოდ მოზრდილი ოთახისგან შედგებოდა) ასაწყობი ავეჯი შეუკვეთა. ავეჯს რამდენიმე ამწყობი მოჰყვა. დასხდნენ, დიდხანს იბჭეს და ითათბირეს, ნახაზები შეადგინეს, ყველაფერზე შეთანხმდნენ და აწყობასაც შეუდგნენ, ჩემი სიძე კი მივლინებაში გაფრინდა.
ამდენი ოთახის სამყოფი ავეჯის აწყობას ეხუმრები? მოკლედ, ხელოსნებმა არაერთი დღე იშრომეს და საქმიანობა ჩემი სიძის დაბრუნების დღისთვის დაასრულეს. უფროსი აეროპორტიდან პირდაპირ ოფისში მოქანდა (საქმიანი ადამიანების კიდევ ერთი ჩვევა), ოთახები შემოირბინა და „ასე არ ივარგებსო“ გადაჭრით განაცხადა. ხელოსნებს ფერი ეცვალათ, მაგრამ ახალი ნახაზების მომზადებას მორჩილად შეუდგნენ. უფროსისთვის სასურველი განლაგება კიდევ უფრო ზედმიწევნით დააზუსტეს, დეტალებზე შეუთანხმდნენ, აწყობილი მაგიდა-კარადები დაშალეს და თავიდან ააწყვეს. ამჯერად შედეგი მოიწონა. ორიოდე კვირაში ისევ მივლინებაში გაფრინდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ თბილისში დაბრუნებული, პირველი რასაც იზამდა, ისევ ოფისის ოთახებს დაუვლიდა და... ავეჯის ხელახლა დაშლა-გადაკეთებას მოითხოვდა! მსგავსი სცენა მერეც არაერთხელ განმეორებულა, ხელოსნები ოჯახის წევრებივით გაგვიხდნენ,  თანამშრომლები კი უფროსის მორიგი მივლინებიდან დაბრუნებას გულის ფანცქალით ველოდებოდით.
დაახლოებით იგივე მოხდა, როცა სამსახურისთვის მძიმეზე მძიმე სეიფი შეიძინა. ამჯერად მუშების მოვალეობას სამი ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი ასრულებდა. სეიფი სათითაოდ ყველა კუთხეში დააყენებინა და ცხადია, მისი მოწონება არცერთმა ვარიანტმა არ დაიმსახურა. ბიჭები ოფლში გახვითქა და სიქაც გააძრო, თვითონ კი გარშემო ტრიალებდა და „აბა, ასე სცადეთ, ერთი ცოტაც მისწიეთ“, იმეორებდა. სამასკილოგრამიანი რკინის ყუთის კუთხიდან კუთხეში „მიგრაცია“ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, ილაჯგაწყვეტილ ახალგაზრდებს, ვითომ შემთხვევით, სეიფი მის ფეხზე რომ არ დაედგათ. ამის მერე უფროსი სეიფის ნებისმიერ ადგილმდებარეობაზე თანახმა იყო.
წლები გავიდა. ის კომპანია დაიშალა და ყველა თავ-თავის გზას ეწია. ჩემი და სამუშაოდ  საზღვარგარეთ მოიწვიეს. ისე მოხდა, რომ ცოტა ხანში ჩემი სიძეც თან მიჰყვა, ოღონდ სხვა ქვეყანაში. რამდენიმე წლის წინ დასთან სტუმრად ჩავედი, ჩემი საზაფხულო არდადეგები სიძის ჩამოსვლას დაემთხვა. ცოლ-ქმრის პირველი „აზრთა სხვადასხვაობა პრინციპულ საკითხზე“, რომელსაც შევესწარი, ნაგვის ვედროს ეხებოდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ის ოხერი ვედრო ჩემს დას სამზარეულოში ედგა (ვისაც სამზარეულოში ტრიალი უწევს,  დამეთანხმება, რომ ეს ძალიან მოსახერხებელია), ჩემი სიძე კი თვლიდა, რომ ვედროს იქ არაფერი ესაქმება.  ვედროს  ხელი წაავლო და ადგილი სააბაზანოში მიუჩინა. ცოლმა, ნაგვის გადაყრა რომ დასჭირდა და ვედრო ვეღარ იპოვა, მოიძია და სამზარეულოში დააბრუნა. ქმარმა ჯიუტად ისევ სააბაზანოში გაარბენინა. ვედროს აქეთ-იქით ფრიალი რამდენიმე დღე გრძელდებოდა, თანაც ერთიდაიგივე სცენარით: სიძე სისხამ დილას ვედროს სააბაზანოში დასაბინავებლად ფეხაკრეფით მიიპარებოდა, მერე მშვიდი გულით სავარჯიშოდ მიდიოდა. კარს გაიხურავდა თუ არა, ოთახიდან  ჩემი და გამოდიოდა, ნამძინარევი, და ვედროს ძველ ადგილას უდრტვინველად აბრუნებდა. მერე სიძე შინ ბრუნდებოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. თან ეს ყველაფერი აუღელვებლად, უხმოდ და ყველანაირი დაკადაკის გარეშე! გამგზავრების წინ სიძემ ცოლს დააფიცა, „ჩემი ხათრი თუ გაქვს, ვედრო სააბაზანოში დადგიო“. ცოლმაც თავი დაუქნია, აეროპორტში გაისტუმრა და, ცხადია, „დავის საგანი“ ისევ ჩვეულ კუთხეს დაუბრუნდა.
ჩემი შემდეგი „უცხოური“ არდადეგები ისევ სიძის ჩამოსვლას დაემთხვა. ჩემმა დამ შემთხვევით ისარგებლა, ქმარს ერთკვირიანი დასვენება „გამოსტყუა“, ბავშვები დაუტოვა და სამოგზაუროდ წავედით. დამ პირველივე საღამოს სახლში ამბის გასაგებად რომ დარეკა, ფერი ეცვალა - ქმარმა მაშინვე ახარა: „სახლი მივალაგ-მოვალაგე და რაღაცეებს ადგილი შევუცვალეო“. რას იზამდა, გული არ გაიტეხა, შვებულება არ გაიფუჭა, ერთი კი დაიკვნესა, „იქაურობას თავდაყირა დააყენებდაო“. მოგზაურობით ნასიამოვნები სახლში  რომ დავბრუნდით, რაღა თქმა უნდა, ბინა ვერ ვიცანით, აივანზე რატომღაც თაროები ეკიდა, ავეჯი გადაადგილებული, ხოლო ნივთები ისე იყო გადალაგებული, რომ კარგა ხანს ვერაფერს ვპოულობდით.. ეგ არაფერი და, სიძე ძირითად საქმიანობას პირველ დღესვე მორჩა, მერე დეტალების დახვეწას შეუდგა, საქმე რომ გამოელია და მოიწყინა, გარდერობის გენერალურ დალაგებას შეუდგა. ჩემი გაოცება წარმოიდგინეთ, საკუთარ უჯრაში ტანსაცმელი ფერის მიხედვით აკურატულად, დასტა-დასტად აკოკოლავებული რომ დამხვდა! მე აღვშფოთდი, „ჩემს ნივთებს რაღას ერჩოდი-მეთქი“, წესრიგის მეტისმეტად მოყვარული სიძე კი კარგა ხანს ნაწყენი დადიოდა: „რა უმადური ვინმე ყოფილხარ, კეთილი საქმე გაგიკეთე, უჯრა დაგილაგე, შენ კი მადლობის მაგივრად მსაყვედურობო“...
მსგავსი გასახსენებელი ბევრი გვაქვს, უბრალოდ, ვინც ამ ადამიანს კარგად ვიცნობთ, ჭკუაც ვისწავლეთ და ამ საფრთხისგან თავდაცვაც - ყოველ ჯერზე მოსალოდნელი შედეგის გადასატანად მოთმინებით ვიჭურვებით და ვიცით, რომ სტიქიას ვერ შეეწინააღმდეგები,  უნდა გადაიტანო...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment