აღდგომის კვერცხი ბისერისგან

Approved by Mary Poppins


სულ მალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიც დადგება. წელს, ამ დროისათვის უჩვეულო სიცივეების მიუხედავად, აი, უკვე მერამდენე დღეა, ქალაქის სხვავადსხვა წერტილში ვაკვირდები ტიპიურ სურათს: ფანჯარაში მხოლოდ და მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლის 9/10-ით (ცხრა მეათედით) გადმოყოფილი სხეული  სართულისდა მიუხედავად ვირტუოზულად როგორ ბალანსირებს სივრცეში. ხშირ შემთხვევაში არატანწერტეტა, მაგრამ ეკვილიბრისტის მოქნილობით დაჯილდოვებული მანდილოსანი გრძელ ჯოხზე, რამდენსაც მისი  ხელების სიგრძე და ფანტაზიის უნარი გასწვდება, ზოგჯერ გასაოცარი მეთოდითაც კი, ამაგრებს ფანჯრის ტილოს, (რომელიც რა იყო წარსულში - ღმერთმა უწყის) და იწყებს სისუფთავისთვის ბრძოლის თავის რიტუალს.
წინასადღესასწაულო „გენუბორკის“ მოახლოებასთან ერთად, ჩვენში მატულობს სინდისის ქენჯნა („ - სახლი ცოტათი მაინც  მივალაგო“) მაგრამ იქვე, მშვიდად იძინებს გაურკვეველი წარმომავლობის, მაგრამ ოპტიმიზმით აღსავსე შინაგანი ენერგიის შემოტევა და მასთან ერთად ძალაგამოცლილი აზრიც და მისი პატრონიც („ - ამ სახლს ცოტა არ ეყოფა და მასშტაბური სამუშაოების ჩატარებისთვის მორიგი შაბათ-კვირაც ივარგებს“).
მსგავსი სიტუაციებიდან საუკეთესო გამოსავალია - დაკავდეთ რაიმე განსხვავებულით, რაც ცოტა ხნით განგტვირთავთ, ახალი ენერგიით აგავსებთ და ამასობაში დაგეგმილსაც ხალისით გაუმკლავდებით. ჩვენს შემთხვევაში განსხვავებული საქმე იქნება ბისერისგან სააღდგომო კვერცხის დამზადება. განგებ შევარჩიე ყველაზე მარტივი და ადვილი ვარიანტები, თანაც მათ ისეთი დასურათებული ახსნა აქვთ დართული, სულ რომ ჩინური იყოს, ენის ცოდნის გარეშედაც ყველაფერი გასაგებია.
ამ საქმისთვის გამოდგება თიხის, ხის, პლასტმასის ან სხვა ნაკლებად სრიალა მასალის კვერცხის ფორმა, 20 გრ ბისერი, საშუალო სისქის ძუა და ბისერის ნემსი. ბისერის უკეთ მოსარგებად შეგიძლიათ კვერცხს ლენტი შემოახვიოთ და დაამაგროთ და უკვე დამთავრების წინ ლამაზი ბაფთა შეუკრათ. პირველი სქემა გრძელი ბისერით ანუ სტეკლიარუსითაა დამზადებული, თავისუფლად შეგიძლიათ ის იგივე სიგრძეზე გათვლილ მრგვალი ბისერით შეცვალოთ. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ყოველთვის კონკრეტულ მაგალითს უნდა მოერგოს - ესაა ბისერის ბადის გათვლა კონკრეტულ ზომაზე. აქ მხოლოდ ასჯერ გაზომე და ერთხელ გასჭერის პრინციპი (ანუ ხშირი მიზომება) უშველის სიტუაციას.
ყველაფერი ძალზე მარტივად კეთდება, მაგრამ  ძალიან დიდ სიხარულს მოგანიჭებთ, როდესაც არც თუ დიდ დროში თქვენი ხელით შექმნილ პრაქტიკულად ფაბერჟეს კვერცხის მფლობელი გახდებით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

კვერცხების დამზადების მეთოდები იხილეთ შემდეგ მისამართებზე:


0 კომენტარი.:

Post a Comment