2.4.11
სიმინდის ფქვილის ბრაწულები
Approved byსაქართველოში სიმინდი ძალიან გვიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მოხარშულს (ძალიან იშვიათად კოცონში დაბრაწულს) ვჭამთ, მისი ფქვილისაგან კი მარტო მჭადს და ღომს ვამზადებთ. არადა, უამრავი გემრიელი რამის გაკეთება შეიძლება. ოღონდ, ერთი რამე უნდა გაითვალისწინოთ - სიმინდის ფქვილისგან გაკეთებული კერძების უმრავლესობა, მხოლოდ ცხელ მდგომარეობაშია გემრიელი. რატომ და როგორ, ახსნას არ დავიწყებ, ცივი მჭადი ყველას გიჭამით.
სხვათა შორის, თავი რომ მოგვაქვს და მხოლოდ ჩვენი გვგონია, ზუსტად ჩვენნაირ ღომს აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში აკეთებენ და მაგალითად: სპილოს მწყემსები ბოცვანაში (ღომი თავის დროზე სამეგრელოშიც მეჯოგეების საჭმელად ითვლებოდა) აფრიკულ აჯიკასთან ერთად მიირთმევენ. აი, ჩეხები კი წინასწარ მოხარშული სიმინს ფქვილისგან ზუსტად ჩვენნაირ მჭადის კვერებს აცხობენ, მერე ხახვს და ბეკონს ბრაწავენ და მჭადთან ერთად მიირთმევენ (ძალიან გამრიელია!).
ამჟამად ჩემი მჭადის ბურთულების რეცეპტს შემოგთავაზებთ.
მოზილეთ ჩვეულებრივი მჭადის ცომი, დაუმატეთ ცოტა ზეთი, ნახევარ კილო ფქვილზე სადღაც 30-40 გრამი დარბილებული კარაქი, ბლომად მარილი, ორეგანო, დაფქული წითელი წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი, მოთუშული ხახვი, დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები, წვრილად დაჭრილი ბეკონი და დაფშვნილი ყველი. ასეთის არსეობის შემთხვევაში, ძალიან უხდება გახეხეილი ყველი „პარმეზანი“. რა და რამდენი ჩაყაროთ ცომის ოდენობითა და თქვენი სურვილით განსაზღვრეთ. მჭადის ფქვილი ცომს რამის სიზედმეტით ან ნაკლებობით, გემოს გარდა ვერაფერს გაუფუჭებთ. განსაკუთრებით გემრიელი რომ გამოვიდეს, ცომი ზომაზე ოდნავ მეტად მარილიანი და წიწაკიანი უნდა იყოს. სიცხარის ნუ შეგეშინდებათ, ფქვილს კარგად გააქვს და მხოლოდ უცნაურ და პიკანტურ შეგრძნებას და არომატს ტოვებს. ნუ, ახლა მთალდ ერთ ქილა წითელ წიწაკასაც ნუ ჩაუძახებთ!
მომზადებლი ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები, დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე. შედგით წინასწარ კარგად გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. თამამად შეუჭყიტეთ ხოლმე და რომ დაიბრაწება, გამოიღეთ.
მიირთვით ცხლად! ძალიან გემრიელია. მე ხანდახან არაჟანსაც ვასხამ. ცხელი, ოდნავ მლაშე და ზედმეტად შესუნელებული მჭადი და ზემოდან მოსხმული ცივი, მჟავე არაჟანი ძალიან სასიამოვნო კონტრასტს იძლევა.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment