„სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა...“

Approved by Natia Jinjolava


სიყვარულთან დაკავშირებული კურიოზი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას ჰქონია. არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. იციც თავისთავად უკვე კურიოზია, მთელი მსოფლიო სიყვარულის დღეს შეთანხმებულად და უნისონში 14 თებერვალს რომ ზეიმობს და ჩვენ, ქართველები აქაც საყვარელი დუალიზმისაკენ გადავიხარეთ, არც იმაზე ვთქვით უარი და საკუთარიც დავაწესეთ. სიმართლე გითხრათ, ჩვენ არც ერთი გვესმის და არც მეორე - შეყვარებული თუ ხარ, შენთვის 365 დღე სიყვარულისაა, ან სასურველია რომ იყოს, და შეყვარებულისგან საჩუქარს მხოლოდ 14 თებერვალს ვერ დაველოდებით, სხვა დღეებშიც სიამოვნებით მივიღებთ და უფრო მეტადაც გაგვეხარდება, იმიტომ რომ გულით გააკეთა და არა მოვალეობის გამო.
ჩვენს მერი პოპინსს სტუდენტობისას ერთი ბიჭი „აბამდა“ და საკონდიტრო ფაბრიკის დირექტორი მამის წყალობით ტკბილულს არ აკლებდა. იფ, რა კარგი დრო იყო, სახლში სპეცშეკვეთა „ბომბონერები“ და შოკოლადის კამფეტები არ ელეოდა. ერთხელაც განსაკუთრებული კამფეტები მოუტანა. საღამოს მსუნაგი დაქალები შოკოლადის მადისაღმძვრელ სურნელზე შევიკრიბეთ და „ძღვენს“ ბოლო მოუღეთ, მერი კი ასე ვანუგეშეთ: „სიყვარულში მთავარი ტკბილი მოგონებაა, კამფეტები შენც შემოგეჭმეოდა. ახლა კი სამახსოვროდ მის ქაღალდებს გიტოვებთ, კარგად შეინახე“.
კარგი სიტყვა მარილითა და მადლით ერთნაირად უნდა იყო შეკმაზული და ამიტომ თავს ჩვენებური კბენის უფლებასაც მივცემთ. რესტორანში ან კაფეში შესული ხშირად იხილავთ შეყვარებული წყვილის ასეთ სურათს: ბიჭი სიყვარულით სავსე თვალებით საკუთარ ხორაგდახვავებულ თეფშს უცქერს და მთელ ყურადღებას საჭმელს უთმობს, წინ კი ობოლი ყავის ან წვენის ჭიქით ხელში, გოგონა სევდიანად ხან თავის ჭიქას გასცქერის, ხანაც ბიჭს და დუმან, დუმან, დუმან...  და ამ დუმილს შიგადაშიგ ბიჭის კმაყოფილი შეძახილი არღვევს: „იფ, რა გემრიელია!“ რას ერჩი, პატივი სცა - რესტორანში წაიყვანა.
სიყვარულს ყველა თავისებურად ავლენს და ხანდახან მეტისმეტად ორიგინალურ საქციელს გაუგებრობაც მოყვება ხოლმე. ერთი ჩვენი მეგობარი (ზედმიწევნით რომანტიული ყმაწვილი და სხვათა შორის, კარგი მომღერალი) ერთ გოგონას ჰყვარობდა. ერთხელაც განიზრახა, გოგონა გაეხარებინა და გამთენიისას საკუთარი სიმღერით გაეღვიძებინა. მაღალსართულიანი კორპუსის სხვენზე ზურგზე გიტარამოკიდებული აიპარა, იქიდან მერვე სართულზე გოგონას საძინებელში გადაძვრა, სასთუმალთან ნაზად ჩამოუჯდა და „სერენადაც“ გააბა. ახლა თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, როგორია სისხამ დილით საკუთარ საწოლთან უცხო კაცის ღიღინი რომ გაგაღვიძებს. მოკლედ, მათი „დიდი სიყვარული“ იქ დასრულდა.
შეყვარებული ბიჭების გალობა ყოველთვის როდი მთავრდება ასე სევდიანად. მერი პოპინსი, სკოლას რომ ამთავრებდა, ერთ მშვენიერ საღამოს აივანზე გავიდა და სიმღერის ხმა შემოესმა. ხმაც ეცნო და მელოდიაც. საით არ იყურა, მაგრამ მგოსნებს ვერსად მიაგნო. რაც მეტს ათვალიერებდა არემარეს, სიმღერაც უფრო ურევდა და ბოლოს ხარხარში გადაიზარდა. რას წარმოიდგენდა სახლის ბოლო სართულზე მცხოვრები მერი, რომ მისი „მარიაჩოები“ მოპირდაპირე შენობის სახურავზე ისხდებოდნენ და „ხმაშეწყობილი“ სიმღერით უბანს იქიდან ატკბობდნენ. მერის რა მოგახსენოთ და მისმა მეზობლებმა მთელი ღამე ისიამოვნეს, ერთი-ორმა კონცერტის მოსასმებად აივანზე სკამიც კი გამოდგა... მაშინდელი სოლისტი დიდი ხნის მერე მერის ცხოვრების თანამეგზური გახდა და ახლა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის მღერის.
მსგავსი რომანტიული „გამოხტომები“ ქორწინებამდელ ეტაპზე ბევრს ახასიათებს, მაგრამ ქორწინების მერე რატომღაც დავიწყებას მიეცემა ხოლმე. ხშირად ბაზრიდან ერთად მომავალ ცოლ-ქმარს რომ შეხედავ, ბატონი და მისი მსახური გაგახსენდება: ქმარი ჯიბეში ხელჩაწყობილი წინ მიდის, უკან კი არაქათგამოცლილი და მხარზე ენაგადაკიდებული ცოლი მოჰყვება და გაძეძგილ ჩანთებს ეზიდება.
უნივერსიტეტის ბირჟაზე ერთი თვალშისაცემი შეყვარებული წყვილი დადიოდა - სათვალიანი ბიჭი და შლიაპიანი გოგონა. ერთხელაც გოგომ ჩვენთან დაიტრაბახა: „ჩემზე ყველა ბიჭი გიჟდებოდა, ექვსი საუკეთესო ავარჩიე და სახლში ერთად დავპატიჟე. მამაჩემმა ტესტირება ჩაუტარა, ყველაზე პერსპექტიული აარჩია და ჩემმა ბონდომ გაიმარჯვა“... ვაი, უბედურო, ყმაწვილებო, ეს რა დღე დაგიდგათ, საჯიშე საქონელივით რომ გათვალიერეს, კბილები გაგისინჯეს და დაგიწუნეს კიდეც. ერთადერთ იმედად ისღა გრჩებათ, რომ იმ ექვსიდან ოთხი მაინც საკუთარი ნებით გაიქცა... სამაგიეროდ, უნდა გენახათ, კონკურსში გამარჯვებული ეგზემპლიარი როგორ ამაყობდა! მთელი უნივერსიტეტის სალაპარაკო წყვილი იყო...
ოჯახში თაყვანისმცემლების ერთდროულად სტუმრობა თავისთავად კურიოზული და ხშირად უხერხული მომენტიცაა (თაყვანისმცემლების ტემპერამენტს და ტაქტს გააჩნია). ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, ჩვენს დეიდა პოლის ორი გამიჯნურებული ყმაწვილი ერთდროულად მიადგა (ერთმანეთს ფეხდაფეხ მოჰყვნენ). არა, წესიერად იქცეოდნენ და არაფერს აშავებდნენ, მაგრამ ერთი მეორის ჯიბრზე, წასვლას არ ჩქარობდნენ, შუადღეს მისულები შუაღამემდე ჯიუტად ისხდნენ და, ვინ იცის, მერამდენე ჭიქა ჩაით იჭყიპებოდნენ. არც დეიდა პოლის ადგა კარგი დღე, ორ ცეცხლშუა ჩავარდნილს ერთი სული ჰქონდა დაუპატიჟებელ სტუმრებს   თავიდან როდის მოიშორებდა. როგორც იქნა, ერთს ნერვებმა უღალატა, ფარ-ხმალი დაყარა და მეორეც ზუსტად ორ წუთში მიჰყვა უკან.
შეყვარებულისგან ყვავილები ვის არ მიუღია, მაგრამ ამ თითქოს მარტივ მოქმედებასაც  შეიძლება გაუგებრობა მოჰყვეს. ჩვენი ერთი ნაცნობი თავის სატრფოს ასეთ სიურპრიზს უწყობდა: კართან ყოველდღე მისი საყვარელი ყვავილების თაიგულს  უტოვებდა და გულწრფელად სჯეროდა, რომ გოგონა ამ „პატარა ცელქობის“ ავტორის ვინაობას ხვდებოდა.  გოგონასგან მადლიერი მზერაც რომ ვერ მიიღო, ერთი თვის თავზე საერთო მეგობრებთან დაიჩივლა და ამ „უნებლიე უმადურობის“ მიზეზიც გაიგო: თურმე საწყალს სადარბაზო არევია და სათუთად შერჩეულ ყვავილებს გოგონას ნაცვლად, მის შინაბერა მეზობელს უტოვებდა. მეზობელი კი ხარობდა (იმედიც მიეცა და სალაპარაკოც), აი, ბიჭი კი...
სხვათაშორის, სასიყვარულო ისტორიებში დიდ როლს შემთხვევითობაც თამაშობს. ჩვენი ერთი „წუწკი“ მეგობარი, რომელიც ხუთ-ექვს გოგონას შორის არჩევანს ვერ აკეთებდა ხოლმე და ყველას ერთნაირი თავგამოდებით ეტრფოდა, ერთხელაც ასე დაკვალიანდა: მორიგმა შეყვარებულმა  სახლში პირველად დაპატიჟა. ბიჭი ამ საპატიო მისიისთვის გულმოდგინედ განემზადა, საგანგებოდ გამოეწყო, ყველას სათითაოდ რჩევა გვკითხა. მეორე დღეს რატომღაც ძალიან დაღვრემილი გამოგვეცხადა. ვიზიტმა კი წარმატებულად ჩაიარა, მაგრამ ბედისწერას რას გაუგებ - ბიჭს კარი შეყვარებულის უმცროსმა დამ გაუღო და ბიჭიც მისით მოიხიბლა...
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დღეს სიყვარულის დღეა და ჩვენც რამდენიმე ისტორია მოგიყევით. ყველას ისე უყვარს, როგორც შეუძლია და ეხერხება. „სიყვარული ბრუნვადი და ვერტიკალურია“, დიდია და ყველას ეყოფა...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბლოგერავტორები


0 კომენტარი.:

Post a Comment