22.4.11
ხაჭოს პასკა
Approved byდიახ, დიახ, არ შემშლია - ნამდვილი პასკა სწორედ ხაჭოსია და არა ის, რომელსაც ასე (შეცდომით!) ვეძახით და სინამდვილეში „კულიჩი“ ჰქვია. სხვათა შორის, ვისაც ხაჭოს პასკა გაუსინჯავს, დამეთანხმება, რომ ძალიან გემრიელი დესერტია და მისი ჭამა წელიწადის სხვა დროსაც დიდი სიამოვნებაა.
შემადგენლობა: 500გ ხაჭო, 100გ კარაქი, 2-3სკ სქელი არაჟანი, 0,5ჭ შაქარი, 50გ ქიშმიში, 50გ სქლად დაჭრილი ნუში (ან ნიგოზი), 50გ ცუკატი (სურვილისამებრ), ვანილი. აქვე უნდა ვთქვა, რომ ქიშმიშის, ნუშის თუ ცუკატის ოდენობა თქვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული, 50 გრამის ნაცვლად 70-ს თუ ჩაყრით, პასკას ამით არ დააზიანებთ, პირიქით! იმასაც გეტყვით, რომ ცუკატი სულაც არ არის აუცილებელი - ის უფრო სილამაზისა და ქათქათა თეთრ დესერტში ჭრელი ელემენტის შესატანად გამოიყენება. ასე რომ, საკუთარ სამზარეულოში ცუკატი თუ არ გეგულებათ, თამამად შეგიძლიათ ქიშმიშით და ნუშით შემოიფარგლოთ.
მომზადების წესი: პასკის მომზადება რამდენიმე დღით ადრე იწყება. იდეალური შედეგის მიღება ხაჭოს კონსისტენციაზეა დამოკიდებული - ხაჭო ძალიან მშრალი უნდა იყოს. ამიტომ გირჩევთ ძველ და მრავალნაცად ხერხს მიმართოთ: ხაჭო მარლაზე განათავსეთ და რამდენიმე საათით (ან თუნდაც მთელი ღამით) ჩამოკიდეთ, რომ კარგად დაიწუროს და ზედმეტი სითხისგან დაიცალოს. ჩემი რჩევაა: მარლა 3-4 ფენად დაკეცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწურს მთელი თქვენი ხაჭოც თან გაჰყვება!
გადაწურულ ხაჭოს დაამატეთ კარაქი და შაქარი და კარგად აურიეთ. შეგიძლიათ ბლენდერი გამოიყენოთ, ან ასეთის არქონის შემთხვევაში, ხორცსაკეპი მანქანა მოიმარჯვოთ (კიდევ ერთი რჩევა: ხაჭოს ხორცსაკეპ მანქანაში ერთხელ გატარებით სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ, ამიტომ ნუ დაიზარებთ და ხელმეორედ გაატარეთ). ამ პროცესის დამთავრების შედეგად მიღებულ ერთგვაროვან მასას დაუმატეთ ქიშმიში, ნუში (ან ნიგოზი), ცუკატი, არაჟანი, ვანილი და კარგად გადაურიეთ.
შენახვის წესი სუფრაზე მირთმევამდე: ტრადიციულად, პასკას ხისგან გამოთლილ სპეციალურ, კონუსის ფორმის ჭურჭელში ათავსებენ და 1-2 დღით მაცივარში ინახავენ. ამ ჭურჭლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მასში მოთავსებული ხაჭოს მასა იწნეხება და იმდენად მკვრივდება, რომ მაცივრიდან გამოღებულის დანით დაჭრა შეიძლება. გარდა ამისა, პასკაზე ამ ჭურჭლის გვერდებზე გამოსახული ჯვრისა და სხვა ქრისტიანული სიმბოლოების ანაბეჭდიც რჩება და დესერტიც თავისებურ იერს იღებს.
ასეთი ჭურჭელი ალბათ ცოტა ვინმეს მოეძევება, მაგრამ გამოსავალი აქაც მოინახება: ისევ მარლა მოიშველიეთ, ხაჭოს მასა მარლაზე გადაიტანეთ, კარგად შეკარით, ზედ რამე მძიმე საგანი დაადეთ (მე ამისთვის ბებიაჩემის ნაქონ სპილენძის როდინს ვიყენებ) და მაცივარში ისე შეინახეთ. ცხადია, ასეთ პასკაზე ორნამენტების ნაცვლად მარლის უჯრულა ანაბეჭდი გექნებათ, მაგრამ გულს ნუ დაიწყვეტთ - სამაგიეროდ, თქვენს სააღდგომო სუფრას უჩვეულო, სადღესასწაულო და ძალიან გემრიელი კერძი დაამშვენებს.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
0 კომენტარი.:
Post a Comment