ჩემი რომი

Approved by Natia Jinjolava

დღეს რომის დაბადების დღეა. ლეგენდის მიხედვით, ძუ მგელის გამოზრდილი ტყუპი ძმებიდან ერთ-ერთმა, რომულმა ქალაქი ჩვ.წ.აღ-მდე 753 წლის 21 აპრილს დააარსა.

რომი - დღესასწაული, რომელიც ყოველთვის შენთან არის და მერე რა, რომ ეს სულ სხვა ქალაქზე ითქვა...

პირველად მოხვედრილ ადამიანს აქაურობა მეტისმეტად საზეიმოდაც კი შეიძლება მოეჩვენოს. ირგვლივ, საითაც გაიხედავ, ყველგან თვალისმომჭრელად ქათქათა მარმარილო და უამრავი შადრევანია, რაც აკვედუკებისა და წყალსაცავების პირველი მშენებლების ქალაქში უჩვეულო სულაც არ არის. თითქმის ყველა ქუჩაზე წყლის პატარ-პატარა ონკანები (აქაურები მათ „ცხვირნისკარტებს“ ეძახიან) იმისთვისაა, რომ სიცხით გათანგულმა ტურისტმა წყურვილი მოიკლას, იქვე ჩამოჯდეს და წყალი თვალსაც დაალევინოს. აქ ტურისტული სეზონის ცნება არ არსებობს, წელიწადის ნებისმიერ დროს ყოველი ფეხის ნაბიჯზე წააწყდები ვიდეო-, ფოტოაპარატ- თუ რუკამომარჯვებულ უცხოელს. ტურისტებს აქაურობა „მიაქვთ“ და ყველგან ნაკვალევს ტოვებენ ქაღალდებისა და ნაგვის სახით. თუმცა მათთვის ჩვეული მარშრუტების მიღმა არსებობს სულ სხვა რომი. ადგილობრივები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქალაქს კარგად თვითონაც არ იცნობენ. ან კი როგორ უნდა იცნობდე, თუკი ნებისმიერ ადგილზე შეგიძლია შენთვის ახალი, სინამდვილეში კი ძალიან ძველი ნანგრევები თუ ათასწლეულების წინანდელი ნასახლარი აღმოაჩინო?!
კოსმოპოლიტი ქალაქის სიჭრელე... სხვადასხვა ენასა თუ დიალექტზე მოლაპარაკე, მოსაუბრე, მოყაყანე ხალხი ანტიკური, შუასაუკუნეების, ბაროკოს, მოდერნის, ერთი სიტყვით, ყველანაირი არქიტექტურის ფონზე. ქაოსი, ყველგან ქაოსი... მანქანებისა და მოტოციკლების ნაკადი, უწყვეტი სიგნალებისა და კარგად ნაცნობი სცენა: უკმაყოფილო მძღოლების ხმამაღალი გადაძახილები და მეტყველი ჟესტები (შინაარსი გასაგებია).
ოდნავ გვერდზე გადაუხვევ და აღმოჩნდები ვიწრო ქუჩების ლაბირინთში, რომელიც ჩვეულებრივი სახლის ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ სადარბაზოში იწყება და სრულიად განსხვავებულ სამყაროში შეჰყავხარ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ შუკაში წააწყდები სანტა პუდენციანას სახელობის ეკლესიას, რომელიც უძველესი ფრესკებით და მოზაიკითაა ცნობილი და იმ ადგილზეა აგებული, სადაც ლეგენდის მიხედვით, რომაელმა პატრიციელმა პუდენტემ წმინდა პეტრეს უმასპინძლა. აქ ყველაფერი ლეგენდებითაა გაჯერებული, თითოეულ ქვას თავისი ისტორია აქვს. ვია აპია ანტიკაზე წმინდა პეტრეს კვალს გაჰყევი და ის ადრექრისტიანთა კატაკომბებისთვის გვერდის ავლით, პატარა ეკლესიამდე მიგიყვანს, სადაც რომიდან იმპერატორ ნერონის სისასტიკეს გაქცეულ წმინდანს ქრისტე შეხვედრია. თქმულებას ეკლესიის იატაკის ფილაზე აღბეჭდილი იესოს ნაფეხური ადასტურებს (იხ. ჰ. სენკევიჩის რომანი „Quo vadis?”).
რომში მუდამ რაღაც მოვლენის ირგვლივ ციებ-ცხელებაა - მორიგი არჩევნები, მუდმივი ბერლუსკონიადა, პილიგრიმები, თეოლოგიურ-მისტიკური თემების გაცხოველებული განხილვა. სხვათა შორის, მასონური სიმბოლოების საძებნელად შორს წასვლა არ დაგჭირდება - სანტა მარია მაჯორეს საკათედრო ტაძარში, ზედ საკურთხეველთანაა გამოსახული ყბადაღებული სიმბოლო, პირამიდაში ჩახატული თვალი. ისე, რომში ნამდვილ პირამიდასაც იპოვი - ეს უკვე გვიანდელი ეგვიპტის კულტურის გავლენაა, რომლის მაგალითი ქუჩაში აღმართული ობელისკები და ისიდა-ოსირის-ანუბისის ტურის თუ კატისთავიანი ქანდაკებებია, რომლებმაც ძველი რომაელების სასახლეებიდან მუზეუმებში გადაინაცვლეს.
მუდმივი დღესასწაული... აქ ყველანაირი გემოვნების ადამიანის ნებისმიერი მოთხოვნისა და პრეტენზიის დაკმაყოფილება შეიძლება. რენესანსი თუ მოგწყინდა, მუზეუმებთან ასეული მეტრის სიგრძის რიგს გასცდი და მოდილიანის აქამდე უცნობი, კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრების გამოფენაზე შეიარე, გვერდით ქუჩაზე პატარა გალერეაში ენდი ვორჰოლის და რობერტ რაუშენბერგის ექსპოზიციაა. ხელოვნებამობეზრებულ და ღამის გართობის მოყვარულს ტრასტევერეს და ტესტაჩოს კლუბები და დისკოთეკები ელოდება, საიდანაც სხვადასხვა სტილის მუსიკის გამაყრუებელი ნაზავი ისმის, ხმაურით დამძიმებულ ჰაერში მარიხუანისა და სასმელის სუნი იგრძნობა. ათასნაირი ჯურის ხალხი თავისებურად ცდილობს ხვალინდელი დღის მოლოდინში საზრუნავი დაივიწყოს. დაუსრულებელი ზეიმის ილუზიის უკან უამრავი გადაუჭრელი, ხშირად ერთმანეთისგან გამომდინარე პრობლემა დგას, ალბათ ისევე, როგორც სხვაგან: მასობრივი უმუშევრობა, ე.წ. „ექსტრაკომუნიტარები“ (ძირითადად, აფრიკიდან ჩამოსულები) და პრობლემა N1 - დემოგრაფიული, რაც ცხადია, უმუშევრობის, დაუსაქმებლობისა და გვიანდელი ქორწინებების შედეგია.
ჰო, იტალია ნამდვილად არ არის სამოთხე! რად ღირს სადგურის მიმდებარე უბნებში, საბნებში გახვეული და ასფალტზე მძინარე მათხოვრების დანახვა... მერე რა, რომ საკუთარი სახლის ფანჯრებიდან აუწერელ სილამაზეს - დილის ნისლით დაბინდული ვატიკანის გუმბათს ხედავ და სიგრილესთან ერთად შენში ქალაქის ხმები - თვითმფრინავების განუწყვეტელი გრუხუნი, „მოტორინოების“ ხმაური, მოხეტიალე მუსიკოსების სიმღერა და დანის მლესავების გამყინავი ძახილი „arrotooo“ იჭრება... ამ დროს ცხოვრება გინდება. ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა „Latte Più“-ში შეიძლება, რომელიც კუბრიკის ფილმის „მექანიკური ფორთოხლის“ ესთეტიკითაა გაჟღინთული და სადაც პროზაული რძისგან დამზადებულ ათასნაირ კოქტეილთან ერთად, მე-20 საუკუნის დასაწყისის მხატვრების საყვარელ და ერთ დროს აკრძალულ აბზინდის ოთხმოცგრადუსიან მწვანე არაყს შემოგთავაზებენ. და ეს ყველაფერი ბეთჰოვენის მუსიკის ფონზე!
თუ გინდა რომის ორომტრიალს მოსწყდე, კასტელი რომანის მიაშურე. მიქელანჯელოს დაპროექტებული კარიბჭედან, პორტა პიადან გეზი სამხრეთ-აღმოსავლეთით აიღე, ზეთისხილის ვერცხლისფერ ბაღებს გასცდი და დაახლოებით ოც წუთში ძველი ლათინელების აგარაკზე აღმოჩნდები. მაღლობზე გაშენებული დასახლებიდან რომი ხელისგულზე გაშლილივით ჩანს და მუდმივ მოძრაობაში მყოფ მეგაპოლისსა და ამ მეგაპოლისში მცხოვრებლების ნანატრ სიმშვიდეს შორის განსხვავება განსაკუთრებით თვალში საცემია. აქ ცხოვრებას თითქოს სხვა ტემპი აქვს, დინჯი, გამოზომილი, არავის არსად ეჩქარება. კანტინების კართან ჩამომსხდარი მოხუცი გლეხების საუბარი, პორკეტა დ’არიჩას და ახალი ღვინის მათრობელა სუნი... აქ ჰაერიც სულ სხვაა.
რომიდან დაახლოებით ოცი კილომეტრის მოშორებით, მის ჩრდილოეთ პროვინციაში, ტივოლიში, სამოთხის კიდევ ერთი „ნაგლეჯია“ – „ვილა ადრიანა“. ამ ქალაქ-მუზეუმის აშენება მეორე საუკუნეში იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით დაიწყო (მართალია, ადრიანე მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო. საწყალი ადრიანე! ვერც თავისი სასახლის, კასტელ სანტ ანჯელოს დამთავრება მოასწრო, რომელიც შემდგომ იმპერატორის მავზოლეუმი გახდა). ოთხმოც ჰექტარზე გადაჭიმული ვილების, თერმებისა და მიწისქვეშა ნაგებობების ურთულესი კომპლექსი უჩვეულო, ე.წ. „შერეული“ ტექნიკითაა (რომელიც რომბისებური აგურებისა და ცემენტის ნაზავს წარმოადგენს) შექმნილი. კომპლექსის ერთ-ერთი ამფითეატრი კერძო სამფლობელოს ტერიტორიაზეა, რომლის მეპატრონე სახელმწიფოსთვის მის გადაცემაზე უარს აცხადებს იმიტომ, რომ მისი გვარი ამ მიწაზე ხუთ საუკუნეზე მეტია სახლობს. და აი, ასე ცხოვრობს - საკუთარ ეზოში ანტიკურ ამფითეატრს უვლის.
უცნაური ხალხი.. უცნაური და ძალიან დადებითი ენერგიით დამუხტული.. სანტ ანდრეა დელა ვალეს თეატინელთა ორდენის მოხუცი, სიფრიფანა არქივარიუსი, რომელიც უცნობი ქვეყნიდან ჩამოსულ, სხვა კონფესიის და გაურკვეველი პროფესიის უცხოელს ტაძრის არქივში მეგზურობას გიწევს და თავდავიწყებით საუბრობს პიეტრო დელა ვალეს გასაოცარ მოგზაურობაზე შორეულ საქართველოში. მხოლოდ იმიტომ, რომ მსმენელის თვალებში ინტერესს ხედავს. უცნობი მეცნიერი, რომელიც თავის საქმეს ივიწყებს და რამდენიმე საათს კატალოგებში შენთვის სასურველი დოკუმენტების ძებნაში ატარებს. ამ ინტერესის გამოა, წმინდა კონგრეგაციის არქივში ქრისტოფორე კასტელის წერილებს და მე-17 საუკუნის ხელნაწერებს ხალისით რომ დაგათვალიერებინებენ. უზარმაზარი ფოლიანტებიდან გაცრეცილი, ოთხი საუკუნის წინანდელი ქაღალდის სუნი გცემს. ვატიკანის ბიბლიოთეკაში (რა თქმა უნდა, სათანადო საბუთების წარდგენისა და სხვადასხვა ფორმულარის შევსების შემდეგ) შეგიძლია თაროდან პირველივე წიგნი ჩამოიღო და ის ეგვიპტური პაპირუსების ან რომის რომელიღაც პაპის (მაინც რამდენნი იყვნენ ეს პაპები და ანტიპაპები!) სიგელების კრებული აღმოჩნდება.
ოცნებას ერთი დიდი ნაკლი აქვს - ახდენილი, თავის მიმზიდველობას კარგავს. რომი გამონაკლისია - იქ ერთხელ მოხვედრილ ადამიანს უკან დაბრუნება უნდა...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment