ეგზოტიკური ხილი ქართულ სუპერმარკეტებში

Approved by Mary Poppins

როგორც იქნა, „ცივილიზაციას“ ჩვენც ვეზიარეთ და ქართულ სუპერმარკეტებში სხვადასხვა ჯიშის „უცხო ხილიც“ გამოჩნდა. მართალია, დიდი არჩევნით დღესაც არ გვანებივრებენ, მაგრამ ბანანის და ანანასის გარდა, მანგო და პაპაიაც (მერე რა, რომ მკვახე და გულისწასვლამდე უგემური) კი ვიხილეთ საკუთარი თვალით. „საეჭვო“ გარეგნობისა და ხშირად გაუმართლებლად ძვირი ფასის გამო ასეთ სიახლეებს გვერდს შიშით უვლიან და გასინჯვასაც არ რისკავენ. ამოტომ გადავწყვიტე, ამ ეგზოტიკური „უცხოელების“ შესახებ ცოტა რამე მოგიყვეთ და მათთან ჩემი პირადი ურთიერთობის გამოცდილებაც გაგიზიაროთ. სანამ უფრო იშვიათ ეგზემპლიარებზე გადავალ, ორი სიტყვა ანანასზე და ქოქოსზე: მწიფე (შესაბამისად გემრიელი) ანანასის ასარჩევად „ქოჩორი“ უნდა მოქაჩოთ, სულ ზედა ფოთლები თუ ადვილად მოძვრა - ანანასი მწიფეა. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ სუპერმარკეტში გასაყიდად გამოტანილ ხილს არავინ დაგაპუტინებთ, ნაზად მოსინჯეთ და ფოთოლი თუ მოგყვებათ, თამამად იყიდეთ. რაც შეეხება ქოქოსს, მისი შენახვის წესები და ვადები ზუსტად თუ არ არის დაცული, წვენი (ქოქოსის რძე) საპნის გემოს ღებულობს და აღარ დაილევა. ასე რომ, დღეისათვის  ქოქოსის „რაფაელოს“ სახით მიღებას უფრო გირჩევთ.
ავოკადო (Persea americana), რომელსაც შინაურულად „ალიგატორის მსხალსაც“ ეძახიან დაფნისებრთა ოჯახის მარადმწვანე ხეა. მიუხედავად იმისა, რომ ხილია, ბევრი მას ბოსტნეულად მიიჩნევს. თუმცა დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, ამერიკელები, ჩვენგან განსხვავებით, წიწაკასაც ხილად თვლიან. მოკლედ, ხილია თუ ბოსტნეული, ძალიან სასარგებლო და გემრიელი „ვინმეა“. საკმაოდ უპრეტენზიო გემოსია და ცხიმის მაღალი შემცველობის გამო ნაზი, კარაქისებური სტრუქტურა აქვს. მას ძირითადად, ბუტერბროდებში და ცივ სალათებში იყენებენ. ძალიან გემრიელია ავოკადის პიურეც ხორცთან ერთად. ოღონდ, პიურემ სასიამოვნო მწვანე ფერი რომ არ დაკარგოს (არ დაიჟანგოს), ლიმონის ან ლაიმის წვენი უნდა მოასხათ. მისი ყველაზე პოპულარიული კერძია მექსიკური სოუსი „გუაკამოლე“ 1 ც წითელ ცხარე წიწაკას გავაცალოთ თესლი და დავჭრათ წვრილად, ასევე წვრილად დავჭრათ 1 ც პამიდორი, 1 პატარა თავი ხახვი, და რამდენიმე ღერი ნიახური, დავუმატოთ მარილი და ბლენდერში ვაქციოდ პიურედ. ავოკადო გავჭრათ შუაზე, კოვზით ამოვიღოთ რბილობი და მოვასხათ 2 ს/კ ლიმონის ან ლაიმის წვენი, მერე კოვზით ავზილოთ, ოღონდ მთლად პიურედ ნუ ვაქცევთ და გადავურიოთ პამიდვრიან მასას. „გუაკამოლე“ ჰაერზე მუქდება, ამიტომ მას არ ინახავენ, დამზადებისთანავე მიირთმევენ.
ახლა ცოტა მის ედრიუს სფეროშიც გადავიჭრები. ოთახის პირობებში კურკიდან ავოკადოს ხის გახარება ძალიან ადვილად შეიძლება. ამისათვის კურკა „გაატყავეთ“ და ქვედა უფრო ფართო მხარით მიწაში 2-3 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩაარჭვეთ და მერე, პერიოდულად მორწყთ ხოლმე. ახლა მეორე, უფრო საინტერესო და დეკორატიული დატვირთვის მქონე მეთოდს გასწავლით. კურკას კანს ნუ გააძრობთ, ქვედა მხარეს, აკურატულად გაუკეთეთ სამი ნახვრეტი და ნახვრეტებში ჩაარჭვეთ ასანთის ღერები (რათქმაუნდა ფოსფორიანი ბოლოთი არა) ან კბილის საჩიჩქნი ჩხირები და ამ სამაგრების მეშვეობით ჩამოდეთ ჭიქაზე. ჭიქაში ჩაასხით წყალი, ისე რომ კურკა ოდნავ სველდებოდეს. კურკაც მალე დაფესვიანდება და პატარა ფოთლებსაც ამოიღებს (მოსავლის აღებას თუ აპირებთ, ჭიქაში ნუ დატოვებთ, ქოთანში გადარგეთ). სხვათა შორის, ძალიან ლამაზი ხეა. ჩემმა ავოკადომ რატომღაც არსებობის მეორე წლისთავზე თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და ერთ ღამეში გახმა, მაგრამ ისე, გაითვალისწინეთ რომ 8 მეტრის სიმაღლის იზრდება, წელიწადში 150 კგ ნაყოფს ისხამს (საქართველოს პირობებში მშვენივრად ხარობს) და თითო ცალი ავოკადო თბილისში 8-9 ლარი ღირს... მშვენიერი ბიზნესია.
მანგო - მას ორნაირად მიირთმევენ: მკვახეს (მწვანეს) და მწიფეს. ახლა ინფორმაცია ფიტოთერაპიისა და სახალხო მედიცინის მოყვარულთათვის - მკვახე მანგოს ძირითადად სამკურნალო თვისებების გამო ეძალებიან - იგი საგრძნობლად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და დღეში სულ 2 ცალი თავიდან აგაცილებთ, დიარეას, ყაბზობას და ბუასილს. ასევე, წმინდავს ნაღვლის ბუშტს და ღვიძლს. კარგად მოქმედებს სისხ-ძარღვების ელასტიურობაზე და რკინის მაღალი შემცველობის გამო შეუცვლელია ანემიის დროს. და ყველა სიკეთესთან ერთად, ავიტამინოზის პირველი წამალიცაა. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ რომ მკვახე მანგო ძალიან მჟავეა და მისი დიდი ოდენობით ჭამა, ზოგიერთ დაავადებას ამწვავებს (მაგალითად მჟავიანობას, კუჭის წყლულს, ყელის ტკივილს და ა.შ.)
რაც შეეხება წიფე მანგოს, დიდი ოდენობით A ვიტამინის შემცველობის გამო შესანიშნავად მოქმედებს მხედველობაზე, უებარია „ქათმის სიბრმავის“, რქოვანას სიმშრალის და თვალის სხვა დაავადებების დროს, აუმჯობესებს იმუნიტეტს და ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ძალიან გემრიელი, დაშაქრული და არომატული ხილია. ქართველებს აქაც არ გაგვიმართლა - თბილისის სუპერმარკეტებში წარმოდგენლი მანგო მკვახე (მწვანე) აღარაა და კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ აღარ გამოგვადგება, მაგრამ არც მწიფეა... მწიფე ნაყოფს თითს რომ დააჭერ, ოდნავ რბილი უნდა იყოს (როგორც მწიფე ატამი). მე ჩვენს მაღაზიებში ორნაირი მინახავს, ან ნახევრად მკვახე, რომელიც უნდა იყიდო, მოთმინებით აღიჭურვო და 2 კვირა მაინც უნდა დაელოდო მის დამწიფებას (და კაცმა არ იცის დატკბება თუ არა), ან იმდენად დარბილებული, რომ უკვე ლპობა აქვს დაწყებული... მანგოს გასინჯვას მაინც თუ არ დაიშლით, ასეთი გამოსავალს შემოგთავაზებთ: ხილად ჭამით სიამოვნებას მართლა ვერ მიიღებთ, სალათებში კი, სადაც მისი სიტკბო არ გჭირდებათ (არომატი დაივიწყეთ), ნახევრადმწიფე ნატურალური მანგო გამოიყენეთ, ნამცხვრებში კი მანგოს კომპოტი (კონსერვი).
 ფიზალისი ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე და პამიდვრის ნათესავია. მიირთმევენ როგორც უმად, ასევე თერმოდამუშავების შემდეგაც. ვისაც მარწყვი, კივი, ხურტკმელი და ამ ტიპის ხილი გიყვართ, ძალიან მოგეწონებათ. ხშირად იყენებენ ტორტის მოსართავადაც. გურმანები იმასაც ამკიცებენ, რომ პამიდვრის მსგავსად დამწნილებული ფიზალისი ყველაზე გემრიელი და დელიკატური „ზაკუსკაა“. მე პირადად, უმადაც სიამოვნებით გეახლებით და საკუთარ აივანზეც ყოველ წელს ვთესავ (ერთ ცალ ნაყოფს შუაზე გახლიჩავთ და ქოთანში  ჩამარხავთ. უპრობლემოდ იზრდება).
პომელო გრეიფრუტისა და ფორთოხლის აზიელი მეგობარია. გამოირჩევა განსაკუთრებით დიდი ზომთა და ძალიან ნაზი, თითქმის პარფიუმერული არომატით. რაც შეეხება მის ღირსებებს, სხვა ციტრუსებთან შედაგერბით: ბევრად უფრიო დიდია ვიდრე გრეიფრუტი და ფორთოხალი; ბევრად უფრო ნაზი გემო აქვს; ბევრად უფრო წყლიანია; და ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს (ოღონდ ბევრად დიდი ოდენობით), რასაც გრეიფრუტი; საკმაოდ ტკბილია; ადვილი გასაფცქვნელია და ერთი ნაყოფი 3-4 ადამიანს თავისუფლად ყოფნის. პომელოს არჩევისას ერთი მარტივი წესი დაიმახსოვრეთ. დასუნეთ, რაც უფრო მკვეთრი და საიამოვნო სუნი ასდის მით უფრო ტკბილი და მწიფეა ნაყოფი. მოხმარების წესი ასეთია, გაფცქვენით, ლებნები დააცალკევეთ და მიირთვით (თუ არ დაგეზარებათ,შეგიძლიათ ლებნებს კანი თამამად გააცალოთ, საკმაოდ მკვრივია და არ გაიწუწებით).
პაპაიას ზოგან პურის ხეს, ზოგან ნესვის ხესაც ეძახიან. ძირითადად მექსიკასა და სამხრეთ ამერიკაში ხარობს. როგორც წესი, მას უმად მიირთმევენ გათლილ და თესლგაცლილ მდგომარეობაში. ნახევრადმკვახე ნაყოფისგან სალათებს აკეთებენ. გამომცხვარ პაპაიას პურის სუნი ასდის და სწორედ ამიტომაც მოიხსენიებენ ბევრგან „პურის ხედ“.  მწიფე ნაყოფს წესით მოტკბო გემო და დამახასიათებელი არომატი უნდა ჰქონდეს. მე რაც მიჭამია, რაღაცით უსუნო და უგემურ მკვახე ნესვს წააგავს და საკმაო ნეიტრალური გემო აქვს. ქოთანში მისი გახარებაც ადვილია (მიწაში თესლის ჩამარხვის გზით) და საკმაოდ ლამაზი „პალმის“ ხე იზრდება.
მარაკუია - მიუხედავად იმისა, რომ ამ ხილის არომატზე და გემოზე ვგიჟდები (კომპოტებიდან და წვენებიდან), არ მოგატყუებთ და ნატურალური არ გამისინჯავს. და ახლავე გეტყვით რატომ, „პოპულში“ ცალი 5 ლარად შეფასებული საეჭვოდ ჩაშავებული და დამჭკნარი კაკლისხელა ნაყოფის დანახვამ გულწრფელად აღმაშფოთა. ჯერ ერთი, მომჟაო-მოტკბო გემოს გამო მარაკუიას უფრო ნამცხვრებსა და წვენებში იყენებენ და მეორე, ფეიხოასა და ზღმარტლის მსგავსად, მისი მხოლოდ გული იჭმევა (კოვზით). თავად წარმოიდგინეთ, თუნდაც ლათინული ამერიკიდან შემოტანილი რამდენი ხუთლარიანი ფეიხოა უნდა იყიდო, გინდა საჭმელად და გინდა წვენის დასაწურად, როცა იქვე ლიტრანი ნატურალური წვენი იგივე ფასი (და ნაკლებიც) ღირს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, მარაკუიას (მცენარეს) სამეგრელო და აჭარა მიაქვს და ყოველ მეორე ეზოში ყვავის. როგორც წავიკითხე, ნაყოფი რომ გამოისხას, კივის მსგავსად „დედალ-მამალი“ ძირებია საჭირო. აგრონომიაში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ნუთუ ასე ძნელია ამ საკითხის მოგვარება და საჭირო სქესის მარაკუიის ნერგის გამოყვანა? რაღაც არამგონია.
კარამბოლა ანუ როგორც ხალხში ეძახიან „ტროპიკული ვარსკვლავი“, ორი ტიპის არსებობს ნაკლებად ტკბილი და უფრო ტკბილი. მისი ხრაშუნა და საკმაოდ სასიამოვნო არომატის მქონე ნაყოფი ჰორიზონტალურად გაჭილ მდგომარეობაში ხუთქიმიანი ვარსკვლავის ფორმისაა და ამიტომ მას ძირითადად კოქტეილების და ხილიანი ნამცხვრების მოსართავად იყენებენ. და რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, უფრო მეტად მჟავე კარამბოლა ფასობს და მისგან კონსერვებსა და სალათებს ამზადებენ. იჭმევა მთლიანად.
გუავა ესპანელებმა პირველად პერუში ნახეს და პირველად 1553 წლის „პერუს ქრონიკებშიც“ დაუყონებლივ მოიხსენიეს. როგორც ამბობენ, სწორედ მისმა ღვთაებრივმა არომატმა აფიქრებინა ესპანელებს, რომ „მიწიერ სამოთხეში“ მოხვდნენ. იდეალში, გუავას საკმაოდ მძავრი არომატი და მარწყვის, კომშის და ანანასის მაგვარი არომატი აქვს. იჭმევა კანიანად და მისი რბილობი სტრუქტურით მსხალს წააგავს, მაგრამ აურაცხელი და მაგარი კურკა საკმაოდ უსიამოვნო გადასაყლაპია. როგორც ამბობენ, მიჩვევა უნდა. მის ნატურალურ წვენს იმდენად სასიამოვნო გემო და არომატი აქვს, რომ პირადად მე, თბილისში ნანახი მწვანე, დამჭკნარი, გაქუცული და უთუსბირად დაფასებული გუავას გასინჯვა ვერ გავრისკე.
ლიჩის და რამბუტანის ანუ „ჩინური ქლიავის“ დაგემოვნებას კი ნამდვილად გირჩევთ, ძალიან წვნიანი და ტკბილი ხილია. თეთრ, ჟელესმაგვარ რბილობს სულ ოდნავ ღვინის არომატი დაჰკრავს. კანი და კურკა არ იჭმევა და სწორედ თეთრ რბილობში მოთავსებული დიდი და შავი კურკის გამო ეძახიან ჩინელები ლიჩის „დრაკონის თვალს“. რამბუტანი ლიჩის „ბანჯგვლიანი“ ნაირსახეობაა და ისიც ძალიან გემრიელია. ჭიქაში ჩაგდებული რამდენიმე ცალი ლიჩი არაჩვეულებრივ არომატს აძლევს შამპანურს ან არაყს. მიირთვით, არ ინანებთ!
მოკლედ, შეიძლება რაღაც კიდევ იყიდება, მაგრამ მე არ შემხვედრია. უბრალოდ, სტატიის ბოლოში გავედი და მივხვდი, რომ მთელი ეს უცხო ხილი ადვილად მრავლდება და საქართველოშიც თავისუფლად ხარობს და გული ძალიან დამწყდა. ჩვენი სოფლის მეურნეობის მუშაკების მხრიდან თავი დაჩაგრულად და გაბითურებულად ვიგრძენი. საკუთარ აივანზე მართლა ბოტანიკურ ბაღს ხომ არ გავაშენებ? დარგეთ ავოკადოები, ლიჩი, კარამბოლა და მეც მაჭამეთ და გაიტანეთ მზეს დანატრებულ ევროპის ქვეყნებში, სადაც ტკბილი ხილი ოქროზე უფრო ძვირად ფასობს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 


0 კომენტარი.:

Post a Comment