19.4.11
სააღდგომო კულიჩი
Approved by
სააღდგომო კულიჩის (ჩვენებურად პასკის) რეცეპტებიდან გადავწყვიტე შემოგთავაზოთ რუსული კულინარიის კორიფეს ვ.ვ. პოხლიობკინის ვარიანტი. ზედმეტი დეტალიზაციის მიუხედავად, მისი რეცეპტების მიხედვით კერძი აუცილებლად ძალიან კარგი გამოდის, თუ, რა თქმა უნდა, თქვენც დაიცავით ყველა წესი და ტექნოლოგიის თავისებურება, ისეთი, როგორც მაგალითად, ფქვილის ჩახარშვა მდუღარე რძეში, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა კონკრეტულ რეცეპტში.
1 კგ ფქვილი, 50 გრ ცოცხალი საფუარი ან 1 გრანულირებული საფუარის პატარა პაკეტი, 1-1,5 ჭიქა რძე, 10 კვერცხის გული, 250 გრ შაქარი, 200 გრ კარაქი, 100 გრ ქიშმიში, 25 გრ ცუკატი, 25 მლ კონიაკი, 3 ჩ.კ ლიმონის დახეხილი ცედრა, 1 ჩ.კ. დაფხვნილი ჯანჯაფილი (კარდამონი), 0,5 ჩ.კ. დაფხვნილი ჯავზის კაკალი, 1ჩ.კ. ნამდვილი ზაფრანის ნაყენი, 3-4 ჩ. კ. ვანილის შაქარი, 1 გრ მარილი.
ცომი N 1. ნახევარ ჭიქა მდუღარე რძეში ჩავახარშოთ 100 გრ ფქვილი, სწრაფად მოვურიოთ. ცომი ელასტიური უნდა იყოს.
ცომი N 2. იმავდროულად საფუარი გავხსნათ ნახევარ ჭიქა თბილ რძეში 100 გრ. ფქვილთან ერთად და გავაჩეროთ 10 წუთი.
შევაერთოდ ცომი N1 და 2 და დავდგათ თბილ ადგილას 1საათით ან მეტით.
კვერცხის გული, შაქარი და მარილი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, ნახევარი ჩავასხათ საფუარიან მასაში, დავამატოთ 250 გრ ფქვილი და გავაჩეროთ ერთი საათი, შემდეგ დავამატოთ კვერცხის მეორე ნახევარი და 500 გრ ფქვილი და ვზილოთ, სანამ ცომი ხელებს აღარ მიეწებება. ამ ცომს დავამატოთ გამდნარი თბილი კარაქი, ჩავაზილოთ კონიაკი, სუნელები და დავდგათ ხელმეორედ ამოსასვლელად.
მეორე ამოსვლის შემდეგ ცომში დავამატოდ ფქვილმოყრილი ქიშმიშის და ცუკატების 2/3 და ცომს მესამედ ამოსვლა ვაცალოთ.
ამოსული ცომი გავყოთ ორ ნაწილად (ორ კულიჩად), შევავსოთ ფორმები ნახევრამდე, ზემოდან დარჩენილი ქიშმიში და ცუკატები მოვაყაროთ და ფორმის 2/3-მდე ვაცალოთ ამოსვლა, შემდეგ წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთით.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი
0 კომენტარი.:
Post a Comment