„თხა თხაზე ნაკლებიო...“

Approved by Mary Poppins

მამაკაცური სოლიდარობის თემამ დამაფიქრა და დავასკვენი, რომ ადამიანები, განურჩევლად სქესისა, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, თუმცა ქალების და კაცების მეგობრობის „გაგება“ მაინც განსხვავდება. წინა პოსტში აღწერილმა სიტუაციამ, ძმაკაცები როგორ დაჟინებით ცდილობენ „გაბედნიერებული“ მეგობარი სატრფოს, საცოლეს თუ სულაც ცოლს დროებით მაინც მოწყვიტონ,  ანალოგიურ მდგომარეობაში ქალების ქცევა გამახსენა. საკუთარ მეხსიერებაში კარგად მივიჩხრიკ-მოვიჩხრიკე და მართლაც, მეგობარი ქალების ვერც ერთი მსგავსი საქციელი ვერ გავიხსენე. დაქალებს შეუძლიათ შენს რჩეულს კერძო და უწყინარ საუბარში ვითომდა შემთხვევით, სრულიად მიამიტად შენი ყველა ნაკლი გამოუმზეურონ: ზედმეტი კილოგრამები, ზომაზე დიდი ყურები, კულინარიული ნიჭის უქონლობა, ფეთხუმობა თუ ფიცხი ხასიათი. ამავე დროს შეუძლიათ უკვე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე და, ხანდახან სრულიად უტაქტოდაც, კუთხეში მიგაყენონ და, სანამ შენი შეყვარებულის ყველა დეფექტს გამოთქმით არ დაგაზეპირებინებენ, არ მოისვენონ. სიმართლესაც გეტყვიან და ბევრ უსამართლობასაც მოაყოლებენ, გააკრიტიკებენ, გალანძღავენ, მაგრამ, რაც არ უნდა „ცუდი“ კაცის გვერდით იყო, შენს აზრს მაინც გაითვალისწინებენ და ხელსაც არ შეგიშლიან (რა თქმა უნდა, თუ კონკრეტული მამაკაცი მათი პირადი ინტერესების ობიექტს არ წარმოადგენს - რას იზამ, ასეთიც ხდება).
ერთი ფრანგი მწერლის გამონათქვამი მახსენდება, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „ქალები ერთმანეთთან საუბარში შესანიშნავად ახერხებენ მეგობრული სოლიდარობის, ნდობისა და გულახდილობის იმიტაციას, რომლის უფლებასაც მამაკაცებთან ურთიერთობისას თავს არასდროს აძლევენ. მაგრამ ამ გარეგნული კეთილგანწყობის მიღმა, რამდენი უნდობლობაა! და არცთუ უსაფუძვლო...“
ქალი მამაკაცს მართლაც ბევრ რამეს არ უმხელს. ბუნებრივია, ნებისმიერ ჩვენგანს უნდა სხვებთან უკეთესი გამოჩნდეს, უფრო ლამაზი, მიმზიდველი, ჭკვიანი და ა.შ. საკუთარი უარყოფითი მხარეების დამალვას ყველანი ვცდილობთ, უბრალოდ, ზოგს ეს უკეთ გამოსდის და ზოგიც მეტისმეტი გულმოდგინებით სრულიად საწინაამღდეგო შედეგს აღწევს.
ვნახოთ, აბა, რის უფლებას აძლევენ ქალები ერთმანეთთან ურთიერთობაში. განსაკუთრებული ნიჭი და გულუხვობა საეჭვო ქათინაურების თქმაში ვლინდება. „უი, როგორ მოგიმატია, არაჩვეულებრივად გამოიყურები, მაგრამ მეტი არ გინდა!“ - ეს ასეთი კომპლიმენტის ყველაზე გავრცელებული და ხშირი მაგალითია, მაგრამ კეთილმოსურნეთა „კბენის“ სხვა უფრო დახვეწილი ვარიანტებიც არსებობს. ქალები დამეთანხმებიან, რომ ხშირად ასეც ხდება: განსაკუთრებულად კარგად გამოიყურები, საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი ხარ და სწორედ ამ დროს ის ახლობელი ქალები, რომლებიც თმაგაწეწილს და შეუღებავს საქებ სიტყვებს არ გამადლიან, პირში წყალს იგუბებენ და ჯიუტად დუმან. ჩემს სამეგობროში ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანია: ერთი ჩემს გარეგნობაში წვრილმან ნიუანსებს მაშინვე ამჩნევს და კომპლიმენტებს არასდროს იშურებს, მეორე ამ მხრივ ძალიან (მეტისმეტადაც) თავშეკავებულია - ალბათ პლასტიკური ოპერაციაც რომ გავიკეთო, ჯიუტად „ვერ დაინახავს“. ერთ დღესაც ვარცხნილობა და თმის ფერი რადიკალურად შევიცვალე. ჩემი ახალი ქოჩრის ესთეტურობას და მოწონება-არმოწონებას თავი რომ დავანებოთ, ბრმა უნდა ყოფილიყავით, რომ არ შეგენიშნათ. აი, აქ კი ქალების ქცევის მორიგ უჩვეულო ფენომენს წავაწყდი: ჩემს თვალმახვილ და ხოტბის შესხმის მოყვარულ დაქალს ხმა-კრინტი არ დაუძრავს, აი, მეორემ კი (ჩვენი მეგობრობის ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში ალბათ სულ ორჯერ ექნებოდა „ტკბილი სიტყვა“ ნათქვამი) ქათინაურების კორიანტელი დააყენა. საკუთარი იერ-სახის მიმართ ობიექტურობის გრძნობა დავკარგე და კარგა ხანს ვერ მივხვდი, ის ოხერი ვარცხნილობა მიხდებოდა თუ არა...
მერი პოპინსს ათი წლის მანძლზე სტაბილურად ერთი წონა ჰქონდა, ერთ გრამსაც არ იკლებდა და არც იმატებდა. მთელი ეს ხანი ერთი ნაცნობი ქალი ყოველ შეხვედრაზე ამ სიტყვებით ეგებებოდა: „უჰ, შენ გასუქებულხარ!“ და ასე წლიდან წლამდე... შარშან მერიკომ მართლაც სულ ცოტა მოიმატა. იმ დღიდან მოყოლებული, იმ ქალისგან ჩვეული მისალმება აღარ სმენია. რა არის ეს,  მოყვასის სიყვარული თუ წინააღმდეგობის გრძნობა, ქალური სოლიდარობა თუ შური?
არსებობს ქალური ურთიერთდამოკიდებულების კიდევ ერთი სახე - წამხედურობა, რომელიც პრინციპში იგივე შურია, თითქოს უწყინარი და გაუთვითცნობიერებული. ერთი-ორი ისეთი დაქალიც გეყოლებათ, რომელსაც მარტო ის მოსწონს, რაც სხვას დაუნახა: თმის ფერი, ტანსაცმელი, აქსესუარები... ასეთებს ადვილად ამოიცნობთ: სიახლის დანახვაზე მაშინვე კითხვას დაგისვამს  „სად იყიდე, მიმასწავლე“, და ანალოგის შესაძენად გაქანდება.  ერთხელ მე და ჩემი ზემოხსენებული სიტყვაძუნწი დაქალი საერთო მეგობრის ქორწილში დაგვპატიჟეს. მე მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი და ქორწილისთვის სამზადისს სერიოზულად მოვეკიდე.
გოგოებს როგორც ჩვევიათ, მასთან ერთად ტანსაცმლის შესაძენად წავედი. ბევრი ვიარეთ, ბევრი მოვიზომეთ, ბევრიც დავიწუნეთ და, როგორც იქნა, დღის ბოლოს დაღლილები, მაგრამ საკუთარი არჩევანით კმაყოფილები დავიშალეთ: ჩემთვის მეჯვარისთვის არატრადიციული, მაგრამ მოხდენილი შარვლიანი კოსტუმი შევარჩიე, მეგობარმა - არანაკლებ მოხდენილი კაბა. მეორე დღეს ქორწილში მისულს უსიამოვნო სიურპრიზი დამხვდა ზუსტად ჩემნაირ კოსტუმში ტყუპისცალივით გამოწყობილი დაქალის სახით. კითხვაზე: „ამის ყიდვა როდის მოასწარი?“ (თითქოს მთელი დღე ერთად გავატარეთ და ზუსტად იცოდა, რომ ეს კოსტუმი მეორე დღეს ჩასაცმელად შევიძინე), მშვიდად მიპასუხა: „სახლში რომ დავბრუნდი, მივხვდი, რომ მეც მინდოდა. გავიქეცი და მაღაზიას დაკეტვამდე სულზე მივუსწარი“. ამდაგვარ თავყრილობებზე ერთნაირ ტანისამოსში გამოწყობილი მისვლას ბევრი ვერ რისკავს, მაგრამ მეგობრის ფეხსაცმლის, სამკაულის თუ სუნამოს „დუბლიკატით“ საკუთარ კარადას სიამოვნებით ავსებენ  და განსაკუთრებით „თავხედები“ გაოცებით სახალხოდ გარცხვენენ კიდეც: „ვაა, შენც ჩემნაირი გიყიდა!“
ერთმა ჩემმა, პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტმა ნაცნობმა, თავისი უფრო წარმატებული მეგობრის ძალიან პრესტიჟულ, ფრანგულენოვან სამსახურში გადასვლის ამბავი რომ შეიტყო, სასწრაფოდ ფრანგული ენის სწავლა დაიწყო. სხვა საქმეა, რომ ეს მონდომება მხოლოდ სამ გაკვეთილზე ეყო...
ისე, ქალს, რომელსაც შენი სტილი, ჩვევები თუ შენს საკუთრებაში არსებული ნივთი ასე მოსწონს და „ითვისებს“ კიდეც, რატომ არ შეძლება ერთ დღეს შენს „სიმპათიას“ - რჩეულ მამაკაცს დაადგას თვალი?
დაწერილს გადავხედე და მივხვდი, რომ მეტისმეტი მომივიდა. იფიქრებთ, ყველაფერი ასე რომ ახსოვს, რა ბოღმიანი ყოფილაო. აბა, დავიწყების საშუალებას ვინ მოგცემს, როცა ასეთი „ისტორიები“ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეორდება? ამასობაში იმუნიტეტი გამომიმუშავდა და მსგავსი „წვრილმანები“ აღარ მწყინს, უბრალოდ, საკუთარი გამოცდილებიდან ფაქტებით განმტკიცებული, ქალური შურის ორიოდე, ყველაზე ბანალური  მაგალითი მოგიყვანეთ.
ჰო, კიდევ ერთი (სხვისი)  ბრძნული ნათქვამი, რომელსაც  ვეთანხმები: „ხმამაღლა გაჟღერებული შური, როგორ წესი, უმოქმედოა. იმ შურის გეშინოდეს, რომელიც დუმს“.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment