აღდგომა და წითელი კვერცხები

Approved by Mary Poppins

ყველას უყვარს აღდგომაზე კვერცხის წითლად შეღებვა და მერე საზეიმო სუფრაზე ამ კვერცხების ჭახა-ჭუხი. მაგრამ ცოტამ თუ იცის საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია ან რატომ გახდა კვერცხი ქრისტიანულ სამყაროში აღდგომის სიმბოლო.
ერთ-ერთი და ყველაზე პოპულარული საეკლესიო ლეგენდის თანახმად, მარია მაგდალინელმა ქრისტეს აღდგომის შესახებ რომ შეიტყო, სასწრაფოდ რომში გაემგზავრა და  ახალი ამბის შესატყობინებლად იმპერატორ ტიბერიუსს ეახლა. მაშინდელი ტრადიციის თანახმად,  იმპერატორთან ხელცარიელი მისვლა არ შეიძლებოდა და ღარიბ-ღატაკ მარია მაგდალინეს სხვა რაღა დარჩენოდა, ტიბერიუსს ძღვენად ერთი ცალი ქათმის კვერცხი მიართვა. ქალმა იმპერატორს კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა!“ ქრისტეს სასწაულებრივად აღდგომის ამბავი რომ მოისმინა, ტიბერიუსმა არ დაიჯერა და წამოიძახა: „ადამიანი მკვდრეთით ვერ აღსდგება, ისევე როგორც ეს თეთრი კვერცხი ვერ გაწითლდება“ და ამ სიტყვებზე თეთრი კვერცხი ხელშივე გაუწითლდა.
მეორე ლეგენდა გვიყვება, რომ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ შვიდი იუდეველი საქეიფოდ შეიკრიბა. სხვა ნუგბარ-ნუგბარ საჭმელებთან ერთად მაგიდაზე შემწვარი ქათამი და მოხარშული კვერცხებიც იდო. ქეიფის დროს, იმდღევანდელი ჯვარცმის ამბავი გაიხსენეს და ერთ-ერთმა იუდეველმა თქვა: „ქრისტე მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგებაო“. ამაზე მასპინძელმა უპასუხა: „ქრისტეც ისევე გაცოცხლდება, როგორც ეს შემწვარი ქათამი აკაკანდება ან ეს მოხარშული კვერცხი გაწითლდება“ და კვერცხმა მყესეულდ ფერი იცვალა, ქათამი კი აკრიახდა და ეზოში გაფრთხიალდა. ზოგიერთი ვერსიით იმასაც ამბობენ, რომ ქრისტეს აღდგომის მომენტში გოგლოთაზე ქვები წითელ კვერცხებად იქცა. ბავშვობაში ისიც მსმენია, რომ ჯვარსგაკრულ ისესოსთან ხალხს პატივისცემის ნიშნად კვერცხები მიქონდა, ფეხებთან ულაგებდნენ და კვერცხებიც მაცხოვრის სისხლით იღებებოდა.
კიდევ ერთი ქრისტიანული გადმოცემა კვერცხების წითლად შეღევბვის ტრადიციას რომის იმპერატორი მარკ ავრელიუსის სახელს უკავშირებს. მარკ ავრელიუსი რომ იბადეოდა იმ დღეს იმპერატორის დედის ერთ-ერთმა  ქათამმა წითლად დაწინწკლული კვერცხი დადო და ეს სასწაული მომავალი იმპერატორის დაბადების ბედნიერ წინასწარმეტყველებად მიიჩნიეს. ასე რომ, 224 წლიდან რაიმეს მისალოცად შეღებილი კვერცხების ერთმანეთისათვის გაგზავნა რომში ტრადიციად იქცა. რომაელმა ქრისტიანებმა ეს ტრადიცია აიტაცეს, ოღონდ თავისებურად გადააკეთეს და კვერცხის სიწითლეში ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლიკა ჩადეს.
ერთ-ერთი ლამაზი ლეგენდის მიხედვით, ყრმა ისესოს თავად ღვთისმშობელი უღებავდა ფერად კვერცხებს.
კვერცხის წითლად ღებვის ტრადიციას ისტორიულად ასე ხსნიან: იუდეაში დიდი მარხვის დროს კვერცხის ჭამა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში აიკრძალა. და იმდენად რამდენადაც მაცივარი და პროდუქტების შენახვის თანამედროვე მეთოდები არ არსებობდა, კვერცხისმდებელ ქათმებს კი საეკლესიო კალენდრის არაფერი გაეგებოდათ და კვერცხის დებას მარხვის დროსაც „უნამუსოდ“ აგრძელებდნენ, კვერცხის ხანგრძლივად და ვარგისიანად შენახვის აუცილებლობაც წარმოიშვა. შედეგად, კვერცხებს ხახვის ნაფცქვენებთან ერთად ძალიან დიდხანს ხარშავდნენ. ხარშვის პროცესში ხახვის ნახარშში შემავალი ანტიბაქტერიალური ნივთიერებები ნაჭუჭის ფორებს ავსებდა და ასეთი მეთოდით მოხარშული კვერცხი დიდხანს არ ფუჭდებოდა (სხვათა შორის, ჰენდროს და სხვა ნატურალურ საღებავებს ეს თვისება არ აქვთ). შვიდკვირიანი დიდი მარხვის შემდეგ ძველი ქრისტიანები დაგროვებულ ფერად კვერცხებს ჭამდნენ კიდეც და ერთმანეთსაც ურიგებდნენ.
კვერცხებით თანამოძმეების დასაჩუქრების წესი ყველაზე ადრე იუდეისა და ეგვიპტის ქრისტიანებს შორის დაამკვიდრდა. ძველ დროში ასეთი კვერცხის მთელი წელი შენახვის ტრადიციაც კი არსებობდა. ხახვის ნაფცქვენებში შეღებილი კვერცხი იმდენად კარგად ინახება, რომ დროთა განმავლობაში შიგთავსი ხმება და რამდენიმე თვეში შუშისმაგვარ პატარა ბურთულად იქცევა. ჩვ.წ.აღ. I-II საუკუნეების ქრისტიანების ცხოვრება ძველ რომში იმდენად მძიმე იყო, რომ აუცილებლობისას ასეთ გამხმარ კერცხებს მდუღარე წყალში ალბობდნენ და მერე გემრიელად მიირთმევდნენ. რომაელი ქრისტიანების მსხვერპლს ფუჭად არ ჩაუვლია და 313 წელს წარმართმა რომის იმპერატორმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. სხვათა შორის, ახლა ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ და გეხვეწებით, არსად არ თქვათ: ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად პირველად 301 წელს, სომხეთში გამოცხადდა.
სააღდგომოდ შეღებილი კვერცხების შესახებ პირველი წერილობითი ცნობა X საუკუნით თარიღდება. ხელნაწერ პერგამენტში (რომელიც საბერძნეთში ფასალონიკთან ახლოს წმინდა ანასტასის მონატერის ბიბლიოთეკაში იანხება) საეკლესიო წესდების ბოლოში მითითებულია, რომ აღდგომაზე აუცილებელი ლოცვების აღვლენის შემდეგ უნდა წაიკითხონ კვერცხისა და ყველის საკურთხებელი ლოცვა, რომლის დროსაც იღუმენი თავის თანამოძმეებს დაურიგებს კვერცხებს სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა!“. „ნომოკანონ ფოტიას“ ხელნაწერის თანახმად (XIII ს) კი იღუმენს შეეძლო დაესაჯა ის ბერი, რომელიც აღდგომა დღეს წითელ კვერცხს არ შეჭამდა და ამით ტრადიციას შეურაცხყოფდა.
და მაინც, რატომ ითვლება მაინცდამაინც კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმობოლოდ? ოდითგანვე კვერცხს მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ქრისტიანობამდელი პერიოდის უძველეს სამარხებსა და ყორღანებში ნატურალურ, ქვის, მარმარილოს და თიხის კვერცხებს სისტემატიურად პოულობენ. ეტრუსკული სამარხები სავსეა სირაქლემისა და ქათმის კვერცხებით. რაც გასაკვირი არც არის, იმიტომ რომ  წარმართულ სამყაროში კვერცი ახალი სიცოცხლის, განახლების, ბუნების გაღვიძების, ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ  ითვლებოდა. არაერთი გადმოცემა გვაუწყებს, რომ სამყარო სწორედ კვერცხიდან გაჩნდა. მაგალითად, ძველი ეგვიპტელები ყოველ გაზაფხულზე ნილოსის ადიდებასთან ერთად, უკვდავებისა და ახალი ცხოვრების ნიშნად, ერთმანეთს მოხატულ კვერცხებს ურიგებდნენ. „ვედები“ გვარწმუნებს, რომ ბრამა ოქროს კვერცხიდან „გამოიჩეკა“ და  ინდოეთში კვერცხიდან გამოჩეკილ ჩიტს დღესაც „ორჯერ დაბადებულს“ ეძახიან. ერთი აღმოსავლური თქმულების თანახმად, სამყარი ქაოსი იყო, ეს ქაოსი კი უზარმაზარ კვერცხში იყო მოქცეული და სიცოცხლი ყველა ფორმა შიგ იყო ჩაკეტილი. კვერცხის ნაჭუჭს გარედან ღვთაებრივი ცეცხლი ათბობდა და ერთ დღესაც კვერცხიდან მითოლოგიური არსება პანგუ დაიბადა. ქაოსში რაც უწონადი იყო, ცად იქცა, მყარი კი მიწად. პანგუმ ცა და მიწა შეაერთა, გააჩინა ქარი, სივრცე, ღრუბლები, მეხი და ელვა. მერე ახალშექმნილი მიწას გასათბობად მზე აჩუქა და გასაგრილებლად მთვარე. მზემ მიწა გაათბო, მთვარემ გაანათა და პლანეტები და ვარსკვლავებიც გაჩნდა.
მომავალი ბედნიერების, ახალი ცხოვრების დაწყებისა და ბარაქის ნიშნად კვერცხს სახლის საძირკველშიც აყოლებდნენ. გაზაფხულის დადგომის, ბუნების გამოღვიძების და სიცოცხლის ზეიმის აღსანიშნავად ახალ წელს (ნავრუზზე 21 მარტს ირანელები კვერცხებს დღესაც ღებავენ) და დაბადების დღეებზე ღარიბები ერთმანეთს ფერად კვერცხებს ჩუქნიდნენ, მდიდრები კი ოქროსას ან მოოქროვილს (როგორც მზის სიმბოლოს). ძველ რომაელებს ასეთი ტრადიციაც ჰქონდათ, ტრაპეზის დაწყებამდე ახალი წამოწყების წარმატების საწინდრად ღუმელში გამომცხვარ კვერცხს მიირთმევდნენ.
და რაღა გასაკვირია, რომ ამ ყველაფერმა გამოძახილი ქრისტიანულ რელიგიაშიც ჰპოვა და თვისი ადგილი დაიმკვიდრა. ცნობილმა იტალიერმა ფერმწერმა პიერო დელა ფრანჩესკამ მონტე ფელტროს საკურთხველში (მილანი, XV ს) მადონასა ყრმა იესოს თავზე ჩამოკიდებული სირაქლემის კვერცხი გამოსახა. ფრესკაზე კვერცხი ღმერთკაცი იესოს სასწაულებრივ დაბადებასა  და სამყაროს ქრისტიანულ აღქმაზე მიგვანიშნებს. ბიზანტიელი ღვთისმეტყველი და ფილოსოფი იოან დამასკინი ამტკიცებდა (ისევე, როგორც იმ პერიოდის ბევრი თეოლოგი), რომ ცა და მიწა კვერცხის ანალოგიაა: ნაჭუჭი - ცაა, აპკი - ღრუბლები, ცილა - წყალი, გული კი მიწა. კვერცხის უსულო მატერიისგან სიცოცხლე იბადება და მასში განითარების, შესაძლებლობებისა და წინსვლის იდეაა ჩადებული.
ბევრ სხვა ზებუნებრივ ძლაასთან ერთად, შეღებილ კვერცხს მკვდრებსა და ცოცხლებს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი ძალის მოვალეობასაც აკისრებდნენ და საფლავზე შეღებილი კვერცხის დადებით, ცოცხლები გარდაცვლილებს თავიანთი ჭირისა და ლხინის ამბავს აწვდიდნენ (აქედან მოდის საფლავზე კვერცხის გადაგორების ტრადიცია).
საეკლესიო კანონების თანახმად სააღდგომო კვერცხები „სუფთა ხუთშაბათს“ იღებება. დიახ, დიახ, ხუთშაბათს და არა პარასკევს, არ მეშლება. კვერცხების პარასკევს შეღებვა წმინდა ქართული ტრადიციაა და საიდან და რატომ გაჩნდა, ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ დავადგინე. მოკლედ, წესის და რიგის მიხედვით, ხუთშაბათ დილას უნდა იბანაოთ, ირგვლივ ყველაფერი მიალაგ-მოალაგოთ,  რომ მთელი წელი თქვენს სახლს ჭუჭყი და სიბინძურე ვეღარ გაეკაროს და მერე სააღდგომო სამზადისსაც შეუდგეთ - დააცხოთ კულიჩები, გააკეთოთ ხაჭოს პასკა და შეღებოთ კვერცხები. მერე კი ეს ყველაფერი „დიდ შაბათს“ ეკლესიაში საკურთხებლად წაზიდოთ.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

2 კომენტარი.:

  1. Mzia Ptadze

    ჰენდრო რა მცენარეა? როგორ გამოიყურება და რა ქვია ბოთანიქაში?

  1. Mary Poppins

    აი, რა ვიპოვე ენროზე ქართულ "გუგლზე"
    http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D
    და ისიც დავაზუსტე, რომ ენდრო რქმევია, ჩემს ირგვლივ რატომღაც ყველა ჰენდროს ეძახის...

Post a Comment