ქართველი ვალმონტები, დონ ჟუანები, კაზანოვები და ლოველასები...

Approved by Mary Poppins


კაცები რომ საკუთარი სასიყვარულო ისტორიების გამომზეურებას იწყებენ, სულ ჰენრიხ ბიოლის „ზრუნვის ბადრაგქვეშ“ მახსენდება - სადაც ერთ-ერთი მთავარი გმირის - ახალგაზრდა ქალის ქმარი ცნობილი ფლეიბოია და ბევრი ქართველი კაცივით ოჯახი არ ახსოვს და სულ დროსტარებითა და ქალებითაა გართული. ჰოდა, ცოლი რომელიღაც ცნობილი ჟურნალის გარეკანზე ქმრის მორიგ სურათს რომ ნახავს ბიკინებიან მოდელებთან ერთად, გულში ეცინება - თვითონ ხომ ზუსტად იცის, რომ ეფექტური გარეგნობის გარდა მის მეორე ნახევარს არანაირი კაცური ღირსება არ გააჩნია და ძალიან მოკრძალებული სექსუალური შესაძლებლობების პატრონია... და ალბათ ცხოვრებაშიც ასეა. საჭმელზე ხომ მაშინ ვლაპარაკობთ, როცა გვშია. მეც, რატომღაც გულწრფელად მჯერა, რომ დაკმაყოფილებული კაცი, სექსზე აღარ ლაპარაკობს. თავისი სექსუალური ისტორიებითა და ნაირ-ნაირ გოგოებთან გადაღებული სურათებით კი ის წიონებს თავს, ვინც ოცნებას რეალობად ასაღებს. აღარ ვლაპარაკობ საკუთარ რომანებზე სახალხოდ ყბედობის ამორალურ და არაეთიკურ მხარეზე.
ოდესღაც ზუგდიდს რაიკომის მდივანი ყავდა - მეტსახელად სპილო. სხვა სიკეთესთან ერთად ჩვენი ხორთუმოსანი ცნობილი თამადაც გახლდათ და სუფრაზე საყვარლების მოწერილ სასიყვარულო წერილებს კითხულობდა და თავს ასე იწონებდა. როგორც ჭორაობდნენ, სამსახურიდან მოსკოვის „ინტურისტში“ მულატებთან გამართული ორგიების გამო გაათავისუფლეს და მისი „ნანადირევის“ რიცხვში თავად დიდი პრიმადონა ალა პუგაჩოვაც შედიოდა... სანამ ქმარი „სახელს იხვეჭდა“ სახლში გამოკეტილი ცოლი სამ შვილთან ერთად სახლში იჯდა და მთელი ქალაქი მის საცოდაობაზე ლაპარაკობდა. თქვენი არ ვიცი და მე გული მერევა. კაცი რომ საყვარლის წერილებს ხალხში კითხულობს... თუმცა, ამას ლოგიკური გაგრძელება მოყვა. ამას წინათ, უკვე საპენსიო ასაკს გადაცილებული, საკუთარი სადარბაზოს წინ იდგა თბილისში. ჩავიარე, ვერ მიცნო და ფრიად უხამსი რეპლიკა მომაძახა და თან როგორც ჩემი მეზობელი მაყვალა ბებო ეძახის - „საოხრეზე“ ეკიდა ხელი. ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ „ქუჩის ავადმყოფს“ ოდესმე კარგი სექსი ჰქონდა - უბრალოდ შეუძლებელია.
ასე რომ, გოგოებო, ბიჭი თუ მეტისმეტად თავს იწონებს თავისი მამაკაცური გმირობებით და თან კონკრეტული ქალების სახელებსაც ასახელებს - თავს სასწრაფოდ უშველეთ. ასეთ კაცს, ტვინშიც უჭირს და ტვინს ქე რომ არ ემორჩილება, იქაც!
მსოფლიოს N 1 ავანტურისტი და ლოველასი - ჯაკომო ჯიროლამო კაზანოვა, რომელიც კარგი საყვარლის გარდა, უნიჭიერესი ადამიანი, ეკატერინე II-ის, ფრიდრიხ დიდის, მოცარტის, ვოლტერის და გოეთეს თანამოსაუბრე, ლატარიის გამომგონებელი, ძველბერძნულიდან ჰომერსოსის „ილიადას“ მთარგმნელი გახლდათ, თავის ათტომიან ავტობიოგრაფიაში საკუთარ სექსუალურ თავგადასავლებზე საკმაოდ ზედაპირულად და ბევრის იმედგასაცრუებლად ძალიან ცოტას საუბრობს. მისმა ბიოგრაფებმა რომ დათვალეს, მთელი ცხოვრების მანძილზე 200-ზე სულ ცოტათი მეტი ქალი ჰყავდა...  დიახ, დიახ, მეც ამას ვამბობდი - დაკმაყოფილებული კაცი ახალ ქალსაც არ აძებს და თან ჩუმადაა!
ალბათ ყველა ქალს ჰქონია ცხოვრებაში (ადრე ტელეფონზე რეკავდნენ ხოლმე), სკაიპში ან ფეისბუქზე უცხო მამაკცი რომ შემოუხტება და რაიმე უხამსს მისწერს. მადლობელი დავრჩები, ვინმე თუ ამიხსნის რას ემსახურება ეს საქციელი?! თან უბედურება ისაა, რომ ამას რაღაც-რაღაც შესაძლებლობების დაკარგვით გაბოროტებული კცები კი არა, ახალგაზრდა ბიჭები აკეთებენ. სულ მაინტერესებს რა რაექცია უნდა მქონდეს: პასუხად უნდა ვაგინო და ამითი დავაკმაყოფიებინო ავადმყოფური მოთხოვნები თუ „შენი სინსილა გაწყდა და შენ გაგიხმა ეგ თავი“ უნდა ვეძახო და ჩემს „სიგოიმეზე“ ვახალისო და ვახითხითო? მე ასე მგონია ხოლმე, ნებისმიერი მამაკაცს, რომელსაც გვერდით კარგი ქალი ჰყავს, ან უნდაც ასეთთან იყო უახლოეს წარსულში მსგავსი რამის გაკეთება აზრად არ მოუვა. უბრალოდ არ მოაფიქრდება. ამიტომ, მსგავსი ინტერნეტხულიგნები ძალიან მეცოდებიან ხოლმე და ხმას არ ვცემ.
დიდი ხნის წინ ჩემმა მეგობარმა და მისმა შეყვარებულმა ბაკურიანში რომანტიული უიკენდის გატარება განიზრახეს. შეყვარებულის ძმაკაცი მე „მაბამდა“ და „მოდი, ჩვენც წავიდეთო“. „მერე ამათ შემხედვარე ჩვენ იქ რა ვაკეთოთ-მეთქი“ დავინტერესდი. „რას ამბობ, შენ რაც არ გენდომება არ იქნებაო!“ მეც ვიცი რომ არ იქნება, არავინ მანიაკი არაა და არ მეტაკება, მაგრამ მაშინ რაღაზე წავიდე? ახლა წარმოიდგინეთ სურათი: მთელი 2 დღე მე და ის ბიჭი ან სასტუმროს ფოიეში ვზივართ ან სასტუმროს ირგვლივ დავრბივართ ტექსტით: „მოგინდა?“, „არა!“... „მოგინდა?“ „არა!“... „მოგინდა?“, „არა!“... ასეთ დასვენებას თუ აქვს აზრი??? თუ ზუსტად არ იცი რა გინდა, არ უნდა წახვიდე. არც შენ ჩაიშხამო და არც სხვას ჩააშხამო. თორემ, როგორც ჩვენი მავნე არგაბედო წერდა და როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქალების უმრავლესობას სექსის უდიდესი წილი სიბრალულის ან ხათრის გამო აქვს. კაცს რომ ქალაქიდან წაიყვან და მთელი ორი დღე აწრუწუნებ, ოდნავი ნამუსი და იმ კაცის პატივისცემა თუ გაქვს, კარგად აღზრდის გამო მაინც უნდა დაუთმო და მერე დიდხანს ინანო.
შებმის კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული ფორმა: დიდი ხნის უნახავი ბაშვობის მეგობარი ან შორიახლო ნაცნობი მამაკაცი, რომელიც სუფრაზე შენთან ერთად მოხვდება, კარგად გამოტყვრება, ორიოდეჯერ გაგიღიმებს, მერე შუაღამეზე სახლამდე მიგაცილებს და გთხოვს - ამოვალ, ყავა დამალევინეო. ესე იგი: ყავაც შენ უნდა მოუდუღო, მერე ყავის ჭიქებიც შენი დასარეცხია და ის პატივს დაგდებს და დიდსულოვნად ... იცით რას გეტყვით? სამი sms-ი მომწერეთ, ორჯერ დამირეკეთ, ერთხელ სადმე დამპატიჟეთ - მანახეთ რომ ჩემზე ცოტა მაინც იფირეთ და ეგებ მე თვითონ ჩამოგეკიდოთ კისერზე! ვიცი, ვიცი, უამისოდაც ბევრია თანახმა, მაგრამ ჯერ გარჩევა ხომ უნდა ისწავლოთ და მერე ხარისხია მთავარი და არა რაოდენობა. დავიჯერო, გსიამოვნებთ, დილას წინა საღამოს გაცნობილ ქალს თქვენი სახელი რომ არ ახსოვს და სახეზე აწერია, სამაგიეროდ რა შეგაწეროთ?! თორემ მე ისეთი ძალიან ჩვეულებრივი გოგოებიც ვიცი ერთი რანდევუდან მეორეზე რომ მიდიან და იმდენადაც კი თავხედდებიან, რომ პირველ მეპაემნეს თხოვენ მეორის მანქანამდე ან რომ ელოდება იმ ადგილამდე მიიყვანოს.
განსაკუთრებულად მიყვარს შემბმელების კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო კატეგორია, რომლებსაც ერთმა ენამოსწრებულმა მამაკაცმა იდეალური სახელი შეურჩია და „стареющие красавци“ უწოდა. ამ ჯგუფში ოდესღაც, და ხშირად დღემდეც, საკმაოდ სიმპატიური 40-ს მიკაკუნებული ან ახლახან გადაშორებული უცოლო ან აწ-ნაცოლარი კაცები შედიან. რომელთა ცხოვრებაშიც სტუდენტობის წლებიდან მუდმივად გარშემოხვეული ლამაზმანების ჟრიამული ჯერ კიდევ აქტიურად ისმის, მაგრამ თვალსადახელშუა კლებულობს და გვერდებზე აშკარად დადებულ ნაკეცებსა და შეთხელებულ თმასაც ვერსად ემალებიან. ასეთ კაცებს შუახნის კრიზისი ეწყებათ - ასაკისთვის შეუფერებლად ახალგაზრდულად ჩაცმას იწყებენ, სასწრაფოდ სპორტული დარბაზებისაკენ გარბიან და მათი ინტერესების ერთადერთი საგანი 20 წელს ქვემოთ (ძირითადად ქერა და ცისფერთვალება) შვილისტოლა და ხანდახან უმცროსიც, გოგონები ხდებიან. ასე საკუთარ თავს არწმუნებენ, პატარა გოგოებში ჯერაც მოთხოვნილებადი ვართ, ანუ ახალგაზრდულად გამოვიყურებითო და თანაც დიდი ფსიქოლოგობა და სექსოპათოლოგობა არ უნდა იმის ცოდნას რომ რაც უფრო პატარაა ქალი, მით უფრო ნაკლები მოთხოვნილება აქვს და ცოდნაც - როგორი უნდა იყოს ან რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ნამდილი მამაკაცი. პატარა, ჯერ კიდევ მიამიტი გოგონას გასულელებას რა უნდა, როცა თანატოლი ქალების მხოლოდ 3 კატეგორიაა დარჩენილი: 1. ოჯახის ქალები, რომლებსაც სხვა კაცები არ აინტერესებთ; 2. ისინი ვისაც კაცის გამოჭერა, მარჩენლის შოვნა, გათხოვება ცხოვრების მიზნად აქვთ გამხდარი და ამისთვის ყველაფერს იკადრებენ - ასეთებს ჩვენი დონ ჟუანი თავად გაურბის, მისი დონე არაა და 3. ქალები, რომლებმაც კარგად იციან ცხოვრებისგან რა უნდათ, წარმატებას უკვე მიაღწიეს და მათ დაინტერესებას მონდომება და შრომა უნდა. თან, რაც მთავარია, ვერც გაქაჩლებისგზაზე მყოფ კინკრიხოს, ვერც საფეთქლებთან შემოპარულ ჭაღარას და მოშვებულ პრესს ვერ გამოაპარებ.
საინტერესოა, ასეთი კაცები იმაზე თუ ფიქრობენ 18 წლის გოგო რა საერთოს ნახულობს მათთან. ან რა საერთო ექნება 10 წლის შემდეგ... ამაზე კლასიკის მორიგი შედევრი გამახსენდა: ოსკარ უაილდის „ლედი უინდერმირის მარაო“. სადაც საკმაოდ ასაკიან მილიონერ ტაპის მეგობრები მასზე ბევრად ახალგაზრდა, მაგრამ ლამაზი ავანტიურისტი ერლინის ცოლად მოყვანას უშლიან - მაგ ქალს შენგან მარტო ფული უნდაო. რაზეც ტაპი სრულიად მშვიდად პასუხობს: „აბა, ლამაზი და ახალგაზრდა მე არ ვარ და ფული რომ არა, სხვა ჩემგან რა უნდა უნდოდესო“...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment