ვაშლის ღვეზელი

Approved by Mary Poppins


გთავაზობთ რეცეპტს, რომელსაც არ ვიცი რა უნდა უქნათ, რომ არ გამოვიდეს. ცომი არ ჩაგივარდებათ, ჩასავარდნი არაფერი აქვს, ისედაც დაბალია. გამოუმცხვარი არ დაგრჩებათ, ნუ გეშინიათ, ცომი ფხვიერია. ერთადერთი - თუ დაგავიწყდებათ და დაანახშირებთ, თორემ სხვას ვერაფერს ავნებთ.

გულსართი: 5-6 დიდი  თეთრი ვაშლი გათლილი და  თხელ ფირფიტებად დაჭრილი,   ½ - 1  ჩ.ჭ. შაქარი, ½ ჩ ჭ. წვრილად დაჭრილი ან კომბაინში დაბურბუშელებული ნიგოზი ან თხილი. თხილი და ნიგოზი თუ არ გაქვთ, ეგეც არაფერი, ისედაც გემრიელი გამოდის და დარიჩინი ზევიდან მოსაყრელად.
ცომი: ამ ცომმა იმდენი ვარიაცია განიცადა, და რაც მთავარია, ყველა მოიხდინა, რომ ვარიანტები ცალკე უნდა მოვიხსენიო. თავდაპირველი ვარიანტი, როგორც უკვე ბუნდოვნად მახსოვს იყო არაჟნით - ანუ 2 კვერცხი, 1 ჭიქამდე შაქარი, 150 გრ კარაქი, 100 გრ  არაჟანი, რა  თქმა უნდა, ფქვილი ორ ჭიქამდე, სოდა ძმრით და მარილით დანის წვერზე და ვანილი როგორც ყოველთვის გემოვნებით. ავბედითმა 90-იანმა წლებმა რეცეპტში უნებლიე ცვლილებები შეიტანეს. ჯერ  არაჟანი მაწვნით  და რძით შეიცვალა, შემდეგ საერთოდ ორივე ამოვარდა, და ცომი კლასიკური ფხვიერი გახდა. რძის პროდუქტების მაგივრობას 100 გრ ცივი წყალი უწევდა, შაქრის რაოდენობაც შემცირდა ორჯერ, შემდეგ კარაქის დროც დადგა, მერე კვერცხზე გავაკეთეთ ეკონომია, მგონი ფქვილის გარდა, რომელშიც ერთი-ორჯერ სიმინდიც კი გავურიე, უცვლელი დარჩა. და არც ერთ მოდიფიკაციაში არ იყო არც უგემური და არც „უბრალო“. დამიჯერეთ, არსად და არავისთან არ შეგარცხვენთ. მოკლედ, ამ ვაშლის ღვეზელის ინგრედიენტები ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ შეცვალოთ ანდა სულ ამოიღოთ, მთავარია, ყველა პროდუქტზე არ თქვათ უარი. მოცემული რომელიმე ვარიანტისგან მოზილეთ ცომი, გააბრტყელეთ, გადაიტანეთ თუნუქის ფურცელზე, ამასობაში გააცხელეთ ღუმელი 180 C-მდე.  სურვილისამებრ მოაყარეთ ნიგოზი ან თხილი, დაალაგეთ თითო-თითოდ ვაშლის ნაჭრები ერთმანეთზე ქერცლებად, მჭიდროდ, ზემოდან გამოცხობის წინ მოაყარეთ   ½ - 1 -მდე ჩ. ჭ შაქარი და დარიჩინი, იმ შემთხვევაში თუ გიყვართ. აცხვეთ 30 წთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

1 კომენტარი.:

  1. Mary Poppins

    სიამოვნებით მივირთმევდი 90-იან წლებშიც, და სიამოვნებით მივირთმევ დღესაც. აღიარე, რომ ამ რეცეპტოს ამოქექვა და აღორძინება ნამდვილად ღირდა.

Post a Comment