ყირამალა ტორტი ანუ ტორტი ტატენი (Tarte Tatin)

Approved by Mary Poppins


რამდენიმე წლის წინ უდენობისა და უწყლობის პერიოდში საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე და „ბოშის“ ახალთახალი მიქსერი შევიძინე. ორიოდე დღეში ჩემი დის შვილის დაბადების დღე მოდიოდა და ჩემი ახალი აგრეგატის გამოცდის თარიღიც დავგეგმე. მის წინამორბედ ვეტერან „კრუპსთან“ (მოგეხსენებათ, გერმანელი „კრუპსი“ საბჭოთა პერიოდში დაახლოებით „ფერარის“ უტოლდებოდა) შედარებით ახალი ზებგერითი თვითფრინავი აღმოჩნდა და ათკვერცხიანი ბიკსვიტი ღუმელში ზუსტად წუთნახევარში რომ შევდგი, ეშხში შევედი და კიდევ ორი სართული (ოცკვერცხიანი და ხუთკვერცხიანი) იქვე მივაყოლე. ერთი სიტყვით, ჩემს სამსართულიან გიგანტს, 4,5 ლიტრი კრემი და 3 კილო მარწყვი დავამატე და დაბადების დღეზეც ამაყი და ხელდამშვენებული გავემართე. სადარბაზოში შესულს დენი გამორთული დამხვდა და ოხვრა-ხვნეშით, საკმაოდ მძიმე ბარგით შევუყევი კიბეს მერვე სართულამდე. კარამდე მშვიდობიანად მივლასლასდი, მაგრამ ზარის დარეკვა რომ მოვინდომე, მოგეხსენებათ ორივე ხელით მეჭირა ტორტი, ლანგარი ამიყირავდა და ჩემი სამსართულიანი კოშკი ზედ ზღურბლზე დაემხო თავდაყირა. კარი რომ გამიღეს, ტორტს გადავაბიჯე, სტუმრებით სავსე ოთახში შევედი და ხელი შემოსასვლელისკენ გავიშვირე: „ვისაც ტორტი გინდათ, ეგერ არის-მეთქი“...
დები ტატენები
ის რაც ჩემთვის (უფრო მეტად კი სტუმრებისთვის) ტრაგედია იყო, ზოგისთვის წარმატებისა და საყოველთაო აღიარების საწინდარი აღმოჩნდა. ფრანგებს რომ კითხოთ, ტორტი თავდაყირა რომ დაემხოს რა გამოვაოაო - არც კი დაიქრდებიან, ისე გიპასუხებენ - ტორტი ტატენიო. მიუხედევად იმისა, რომ ამ შესანიშნავი ნამცხვრის ცხობა მთელ მსოფლიოში ისწავლეს, გურმანები მაინც ირწმუნებიან, რომ წმინდა სისხლის ტატენის გასინჯვა მხოლოდ მის სამშობლოში შეიძლება. არადა, ამ კულინარიულ შედევრს კაცობრიობა ბრმა შემთხვევასა და გამოცდილი მზარეულის შეცდომას უნდა უმადლოდეს: დიდი ხნის წინ, შორეულ 1898 წელს საფრანგეთის პატარა, პროვინციულ ქალაქ ლამოტ-ბატენში ორი და ცხოვრობდა - სტეფანი და კაროლინა ტატენები. როლებსაც მამის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობით პატარა სასტუმრო ერგოთ და ახლობლებისა და მოკეთეების რჩევისდა მიუხედავად, არ გაყიდეს და საოჯახო ბიზნესად აქციეს. უმცროსი და საქმის უკეთესად ცოდნით გამოირჩეოდა და ამიტომ სასტუმროს მმართველი ის გახდა, სამზარეულო კი სტეფანის ერგო, რომელსაც დიასახლისობის გარდა არაფერი აინტერესებდა. 
მალე სტეფანის ერთი ჩვეულებრივი, კარამელიანი ვაშლის ღვეზელი დები ტატენების სასტუმროს სავიზიტო ბარათად იქცა. დიდი კონკურენციისდა მიუხედავად, სასტუმროში სტუმრების სიმცირეს არასდროს უჩიოდნენ. ჰოდა, ერთხელაც გაგანია ნადირობის სეზონზე, დებს იმდენი კლიენტი მიადგათ, რომ საქმეს ვეღარ აუდიოდნენ. სტეფანიმ თავისი სახელგანთქმული ღვეზელისთვის ცეცხლზე დიდი ტაფა შემოდგა ვაშლითა და კარამელით, სხვა საქმეებში გაერთო და დამწვრის სუნი რომ ეცა მხოლოდ მერე გაახსენდა ნამცხვრის გულსართი. ახლის გაკეთების დრო აღარ იყო, გონებამახვილი ქალი არ დაიბნა, ტაფაზე მიმწვარ კარამელს და ვაშლს ცომი გადააფარა, ღუმელში შედგა და რომ გამოცხვა - თეფშზე გადმოაბრუნა. გაოცებული სტეფანი კარგა ხანს ვერ ხვდებოდა ასე რატომ აღფრთოვანდნენ მისი სტუმრები ყირამალა ნამცხვრით. უჩვეულო ტორტს მალე სახელი გაუვარდა და ტკბილეულის მოყვარულები ახლომახლო ქალაქებიდანაც კი დადიოდნენ „ტორტი ტატენის“ გასასინჯად...
ამ ისტორიის კიდევ ორი, ნაკლებად პოპულარული ვერსიაც არსებობს - 1. სიჩქარეში სტეფანის ცომის პირველი ფენის დაფენა დაავიწყდა და შეცდომა მხოლოდ ნამცხვრის გამოცხობის შემდეგ აღმოაჩინა, რაღა დარჩენოდა და გადმოაბრუნა 2. მეორე ვერსიით კი დაბნეულმა ქალმა ნამცვხარი თეფშზე უკუღმა შეცდომით დადო...  ასე იყო თუ ისე, ამ შეცდომამ თუ დაუდევრობამ სტეფანის საქვეყნოდ გაუთქვა სახელი, თუმცა ეს კარგა ხნის შემდეგ მოხდა, როცა ლამოტ-ბატენს ერთი სახელგანთქმული მზარეული ეწვია და დები ტატენების ტორტი სრულიად შემთხვევით გასინჯა. ლუი ვოდაბლი ამ კულინარიული მუტანტით ისე აღფრთოვანდა, რომ სტეფანის ნებართვით „ტორტი ტატენი“ თავისი რესტორნის მენიუში შეიტანა - მისი რესტორანი კი არც მეტი არც ნაკლები, სახელგანთქმული პარიზული „მაქსიმი“ გახლდათ...
დღეს ტატენს ვაშლის გარდა სხვა ხილისგანაც აკეთებენ - მაგალითად მსხალი, ქლიავი, ატამი, ბანანი, ანანასი... მაგრამ კლასიკური მაინც ფენოვანი ცომისა და მაგარი, ოდნავ მჟავე ჯიშის ვაშლებისგან (მაგალითად: „გოლდენი“, „ანტონოვკა“, „გრენი სმიტი“) მზადდება და მას ცხლად ნაყინთან ან კრემ შანტილთან (ათქვეფილი ნაღები) ერთად მიირთმევენ. არსებობს ტორტის არატკბილი, პამიდვრიანი, ბადრიჯნიანი და ხამანწკებიანი ვარიანტებიც კი. ამას წინათ, ერთი ცნობილი კულინარი ისე გათავხედდა, რომ ტატენს ფენოვანის ნაცვლად ფხვიერი ცომი გადააფარა... მოკლედ, ეს ნამცხვარი ყველაფრისგან გამოდის, მხოლოდ ერთი მომენტია უცვლელი, „ტატენი“ აუცილებლად ყირამალა უნდა გამოაცხოთ!
რეცეპტეს რაც შეეხება, აუცილებლად შემოგთავაზებთ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი! 

0 კომენტარი.:

Post a Comment