დარიშხანი გუშინ და დღეს

Approved by Mary Poppins


„ყველაფერი შხამია და არაფერია შხამის გარეშე. შხამი წამლისაგან მხოლოდ დოზით განსხვავდება“ - ფილიპ აურეოლუს თეოფრასტ ბომბასტ ფონ ჰოჰენჰეიმი (პარაცელსიუსი)

დარიშხანი ბუნებაში
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არც ერთ ურთულეს და უსასტიკეს შხამს არ უთამაშია ისეთი ტრაგიკული როლი და არ გაუსტუმრებია იმდენი ადამიანი საიქიოს, რამდენიც თითქოსდა ყველაზე უბრალო და უწყინარ დარიშხანს. თეთრი დარიშხანის სახელით ცნობილი დარიშხანის ზეჟანგი (As2O3) ხომ წყალში ან სხვა სითხეში გახსნისას ფერს არ იძლევა და სუნს და გემოს არ ტოვებს. მიუხედავად ცუდი ხსნადობისა, სასიკვდილოდ მხოლოდ 60 მგ-ც კმარა და თანაც დარიშხანით მოწამვლის სიმპტომები ძალიან წააგავს ქოლერის სიმპტომებს. პატარა დოზებით ადამიანის სისტემატიურად მოწამვლისას, იმდენად განსხვავებულ სურათს იძლევა, რომ ძველ დროში სულ სხვადასხვა დაავადებებში ეშლებოდათ - უბრალო მოწამვლიდან ვენერიულ სნეულებებამდე (დარიშხანი ხომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარდა ნერვულ სისტემას და სისხლის მიმოქცევასაც აზიანებს და კანისა და ლორწოვანი გარსის ანთებასაც იწვევს). ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ შუა საუკუნეებში მან თითქმის ყველა მცენარეული საწამლავი დაჩრდილა.
დარიშხანის მონათესავე ან მისი შემცველი მინაერთებისა და მინერალების ხსენება და ცნობები მათი შხამიანობის თაობაზე ჯერ კიდევ არისტოტელესთან გვხვდება: „სანდარაკით ცხენებს და საქონელს ხოცავენ. მას წყალში ხსნიან და პირუტყვს ისე ასმევეს“. თუმცა, იმასაც ვარაუდობენ, რომ ეს საწამლავი ევროპელებს მემკვიდრეობით გალებისგან ერგოთ. მან განსაკუთრებით დიდი პოპულარობა იტალიასა და საფრანგეთში მოიპოვა და მერე მთელ ევროპასაც მოედო. შუასაუკუნეებში დარიშხანს უკვე კარგად იცნობდნენ და მას ასე ახასიათებდნენ: „ვინმე ერთი მარცვალიც ან უფრო ცოტაც რომ შეჭამოს - მოკვდება. მკურნალობის მეთოდები არ არსებობს“. ეგზომ პოპულარულმა დარიშხანმა იმ პერიოდის ევროპაში ისეთი საქმეები დაატრიალა, რომ ლეგენდის და მართლის გარჩევა ერთმანეთისაგან პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ ორიოდე სხვებზე საინტერესო და ჟრუანტელისმომგვრელ ისტორიას მოგიყვებით.
ალექსანდრე პაპი V 


მოდით, ისევ იტალიას მივუბრუნდეთ, სადაც ძველი რომიდან გამოყოლილი ტრადიცია იმდენად კარგად შენარჩუნდა, რომ იტალიურმა შხამებმა და შხამსაწინააღმდეგო საშუალებებმა ტოქსიკოლოგიის ისტორიაში მოწინავე ადგილი დაიკავეს.  ჯერ კიდევ 1492 წელს ესპანეთის მეფე-დედოფლის იზაბელასა და ფერდინანდის წყალობით, რომლებმაც 50 ათას დუკატად ნახევარი კონკლავი მოისყიდეს, რომის პაპის ტახტზე ალექსანდრე VI (როდრიგო ბორხია) ავიდა, რომელსაც იტალიაში იქაურ ყაიდაზე ბორჯიას უწოდებდნენ, და რომელმაც სახელი უკვე კარდინალობის პერიოდშივე გაითქვა თავისი მრავალრიცხოვანი შთამომავლობითა და მათი უღირსი ქცევით. ალექსანდე VI-ის ოჯახის აღვირახსნილმა საქციელმა და მათ მიერ ჩადენილმა დანაშაულებებმა ასახვა არა ერთი თაობის ისტორიკოსთა ნაშრომებში პოვა. პაპის თანამედროვე ქრონიკები მოგვითხრობენ, რომ: „როგორც წესი, ბორჯიები სპეციალურ ჭურჭელს იყენებდნენ, რომლის შიგთავსსაც ერთ მშვენიერ დღეს არასასურველი ბარონის, ეკლესსიის მდიდარი მსახურის, ენატლიკინა კურტიზანი ქალის, ზედმეტად ოხუნჯი კამერდინერის, ჯერ კიდევ გუშინ ერთგული დაქირავებული მკვლელის, დღესაც ერთგული შეყვარებულის საიქიოს გასტუმრება შეეძლო და ბნელ ღამეში ტიბრის ტალღები „კანტარელას“ მორიგი მსხვერპლის უსულო გვამებს ღებულობდა...“
ლუკრეცია ბორჯია
„კანტარელას“ ბორჯიების სახელგანთქმულ ღვინოს უწოდებდნენ, რომელიც მოქმედებაც დოზიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს იწყებდა - ერთი თვიდან დაწყებული რამდენიმე წლით დამთავრებული. საწამლავი თავისი სიმპტომებით რადიაციით დასხივებას წააგავდა: მსხვერპლს ჯერ თმა და კბილები დასცვივდებოდა, მერე კანი გადაძვრებოდა და ბოლოს სასუნთქი ცენტრის დამბლით განუტევებდა სულს. იმასაც ამბობდნენ, რომ „კანტარელას“ რეცეპტი ბორჯიების ოჯახში ჩეზარეს დედის, რომაელი არისტოკრატი ვანოცი კატანეას წყალობით მოხვდა და შხამი სავარაუდოდ დარიშხანს, სპილენძის მარილებსა და ფოსფორს შეიცავდა.
გადმოცემების თანახმად, თავად ალექსანდრე VI-ს თუ მის ქალიშვილს, ლუკრეცია ბორჯიას საგანგებო გასაღები ქონიათ, რომელიც თვალისთვის შეუმჩნეველი შეწამლული წვეტით მთავრდებოდა. გულკეთილი მამა-შვილი არასასურველ სტუმარს ამ გასაღებით ლუკრეციას საძინებლის კარის გაღებას სთავაზობდნენ, მასაც ხელი სულ ოდნავ გაეკაწრებოდა და შხამის სასიკვდილო რაოდენობას მიიღებდა. ლუკრეციას ფარული იარაღების კოლექციაში გულამოღრუტნული ნემსიც შედიოდა, რომელიც შხამით იყო სავსე და დიდგვაროვანი ქალბატონი მტერს ყველასგან შეულჩნევლად ერთი პატარა ჩხვლეტით იშორებდა თავიდან. 
ჩეზარე ბორჯია
არანაკლებ მზაკვარი და საშიში იყო ლუკრეციას ძმა ჩეზარე, რომელიც აბსოლუტური გულგრილობით გამოირჩეოდა და მისი თანამედროვეების სიტყვებს თუ დავესესხებით „მისი სითავხედე და სისასტიკე, ღრეობის სიყვარული და დანაშაული თავისიანებისა და უცხოების წინაშე საქვეყნოდ ცნობილი და აუწერლად დიდი იყო“. ამიტომ, რაღა გასაკვირია, რომ იგი ოსტატურად ხმარობდა სპეციალურ სამალავიან ბეჭედს, რომლში შენახულ საწამლავსაც მოწინააღმდეგეების ღვინის ჭიქებში დაუნანებლად ყრიდა. ბორჯიების ოჯახზე შეთხზული ტყუილ-მართალის ზღვაში რეალობის გარჩევა დღევანდელი გადასახადიდან მართლაც ძნელია (ზოგი ისტორიკოსი იმასაც ირწმუნება რომ ლუკრეცია მამისა და ძმის დანაშაულში გარეული არ ყოფილა), მაგრამ სამალავიანი ბეჭდები მართლაც არსებობს და ერთ-ერთი მათგანი 1503 წლითაა დათარიღებული, "ჩეზარე ბორჯია" და ძველფრანგულ ენაზე მისი დევიზი: „შეასრულე შენი მოვალეობა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს“ აწერია. ისტორიკოსები ჩეზარეს მეორე ბეჭედსაც აღწერენ, რომელიც შიგნითა მხრიდან პრიალა იყო, გარედან კი მოშხამული ლომის ბრჭყალები ამშვენებდა. ჩეზარე ხელის ჩამორთმევისას დაშხამული ბრჭყალებით კონკურენტისთვის კანის გაჩხაპვნას ახერხებდა და... შედეგი უკვე იცით.
ალექსანდრე VI საკუთარი ინტრიგების მსხვერპლი გახდა: მისთვის არასასურველი კარდინალების თავიდან მოშორება განიზრახა და კამერდინერს ნადიმზე მოწამლული ღვინო გაატანა. დეტალები უცნობია, მაგრამ რაღაც აირია და პაპმა თავისი სამსალით სავსე თასი თვითონვე გამოცალა, მისმა შვილმა კი დალევის წინ მისდა საბედნიეროდ ღვინო წყლით გააზავა. პაპაი ოთხი დღის წვალების შემდეგ მოკვდა, მოწამლული ჩეზარე კი კიდევ კარგა ხანი ავადმყოფობდა.
ეკატერინე მედიჩი
იტალიელ მომწავლელთა სკოლას მიმდევარი საფრანგეთშიც გამოუჩნა დედოფალი ეკატერინე მედიჩის სახით, რომელიც, აბა რა გასაკვირია, რომ წარმოშობით ფლორენციიდან გახლდათ. საფრანგეთის მეფის ჰენრიხ II-ისა და უფროსი ვაჟიშვილის ფრანცისკ II-ის სიკვდილის შემდეგ ეკატერინე, როგორც მცირეწლოვანი ახალი მეფის, კარლოს IX-ის დედა რეგენტი გახდა და ამბიციურმა იტალიელმა ქალმა ძალაუფლებასაც მალე გაუგო გემო. მიზნების მისაღწევად უკან არაფერზე იხევდა და საწამლავი თავის მთავარ იარაღაც აქცია. მედიჩების საგვარეულო ტრადიცია  საფრანგეთის დედოფალმაც არ დაარღვია და თავის ამალაში დაქირავებული მკვლელები, შავი მაგიის სპეციალისტები, ორი ასტროლოგი - ტიკო ბრაე და კოსმო (კოზიმო) რუჯიერი და ვინმე ფლორენციელი პარფიუმერი ბიანკი შეიყვანა, რომელსაც განსაკუთრებით კარგად ეხერხებოდა სუნამოების, სურნელოვანი ხელთათმნებისა, სამკაულებისა და კოსმეტიკის დამზადება. სამეფო ოჯახის მთავარი ექიმი და საქვეყნოდ ცნობილი ქირურგი ამბრუაზ პარე დარწმუნებული იყო, რომ ბიანკი დედოფლის დავალებით თავის ქმნილებებში შხამს ურევდა და მომხმარებელს წამლავდა. ამიტომ ექიმი თავის წერილებში დაჟინებით მოითხოვდა:  „სუნამოებისგან, როგორც შავი ჭირისგან,  თავი შორს დაიჭირეთ და საფრანგეთიდან გააძევეთ ესენი (მედიჩის დამქაშები) ურწმუნოებთან თურქეთში“.
სახელგანთქმული იტალიელი საწამლავის გამყიდველი ქალების - ტოფანების დინასტიას საფუძველი ტუფანიამ დაუდო, რომელიც პალერმოში კოსმეტიკის მაღაზიის მეპატრონე გახლათ და სხვა ფერუმარილთან ერთად დარიშხანგარეული პუდრითაც ვაჭრობდა. მისი გამჭრიახი კლიენტები პუდრის წყალში გახსნას და არასასურველი ქმრების თუ დედამთილის თავიდან მოშორებას ტუფანიას დახმარების გარეშეც ახერხებდნენ, მაგრამ ამან გამსაღებელს ვერ უშველა და ჯადოსანმა ქალმა სიცოცხლე იმ დროისათვის სრულიად ლოგიკურად - კოცონზე დაასრულა. მისი საქმის ყველაზე ნიჭიერი გამგრძელებელი და სახელგანთქმული „აკვა ტოფანას“ სავარაუდო ავტორი თეოფანია დი ადამო გახლავთ, რომლის ისტორიაც ასეთია:
ჯულია ტოფანა
1659 წელს რომის პაპა ალექსანდრე VII-მდე მიაღწია ჭორმა, რომ რომში მოწამვლის შემთხვევები ეპიდემიასავით გავრცელდა და თიქთოს ამაში მაღალი წლის ქალები არიან გარეული,  მათი მსხვერპლი კი  ქმრები და საყვარლები ხდებიან. პაპმა ამ საქმის გამოძიება ბრძანა და მალე გაირკვა, რომ ვიღაც ჯერონიმა სპარა თან მკითხაობს და თან რაღაც საწამლავით ვაჭრობს, შხამის მომწოდებლად თუ ავტორად კი ვიღაც ტოფანას ასახელებს. ამ საქმეში გარეული ყველა ქალი დაისაჯა (სიკვდილით) და ისიც არ იწვევს ეჭვს რომ ერთი ძალიან მოხერხებული ქალი მართლაც არსებობდა, რომელსაც ტოფანას თუ თეოფანია დი ადამოს მართლაც ეძახდნენ. თუმცა, იმასაც არ გამორიცხავენ რომ ტოფანას სახელის ქვეშ საწამლავის გამსაღებელ ქალთა არა ერთი თაობა მოქმედებდა.
მეორე ვერსია ნეაპოლში მცხოვრებ ტოფანაზე მოგვითხრობს, რომელიც წმინდანის გამოსახულებიანი პატარა ბოთლებით რაღაც ძალიან ძვირადღირებულ სითხეს ყიდდა. „Aqua Tofana“ (ტოფანას წყალი) მთელ იტალიაში სარგებლობდა პოპულარობით და წმინდა ნიკოლოზის პორტრეტით დამშვენებულ ბოთლში ჩასხმული გამჭვირვალე, უსუნო სითხე ეჭვსაც არავიში იწვევდა. იტალიელ შურისმაძიებელ ქალთა ფარული მოღვაწეობა ვინ იცის როდემდე გაგრძელდებოდა,  კარლოს VI ავსტრიელის კარის ექიმს ამ სითხის გამოკვლევა რომ არ ჩაეტარებინა და მასში სასიკვდილო დოზით დარიშხანი არ აღმოეჩინა. ტოფანამ თავი ერთ-ერთ მონასტერს შეაფარა სადაც აბატებმა და არქიეპისკოპოსმა მთავრობის „ჯინაზე“ მისი დაცვა სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. საზოგადოების (განსაკუთრებულად კაცების) აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ მონასტერს ალყა შემოარტყეს და ტოფანა სიკვდილით დასაჯეს. ზოგიერთი ცნობით ეს ამბავი 1709 წელს მოხდა, ზოგით კი 1676-ში. ასე იყო თუ ისე, ქრონიკების ცნობით ტოფანამ თავისი მოღვაწეობის მანძილზე 600 მამაკაცის მოწამვლა მოასწრო. სახელგანთქმული წინაპრების პროფესიის აღორძინება მოგვიანებით ჯულია ტოფანამაც სცადა, მაგრამ სანამ რამე გამოუვიდოდა, ხელისუფლებამ ისიც წინაპრების გზას გაუყენა.
„აკვა ტოფანას“ უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მოწამლული თანდათანობით სუსტდებოდა და სიმპტომები ძალიან წააგავდა მუცლის ტიფს. არა თუ მაშინ, დღესაც კი საკმაოდ ძნელი იქნებოდა მოწამვლის ფაქტის დადგენა. სოწორედ ამიტომ, თაღლითების არა ერთი თაობა ცდილობდა ქალბატონი ტოფანების რეცეპტის გამეორებას და საბედნიეროდ, ვერავინ შეძლო. სხვათა შორის, თავად მოცარტი დარწმუნებული იყო, რომ იგი სწორედ „ტოფანას წყლით“ მოწამლეს.
მარკიზა დე ბრენვილიე
ვოლტერს თუ დავუჯერებთ: „საფრანგეთს თავისი დიდების წლებში დანაშაული (საწამლავი) ზუსტად ისევე თანსდევდა, როგორც რომს რესპუბლიკის საუკეთესო დღეების ეპოქაში“. და მართლაც, ლუდოვიკო IV-ის მეფობის დროს ოფიცერი გოდენ დე სენტ-კრუა დაიჭირეს, რომელიც ბასტილიაში ცნობილ იტალიელ საწამლავების ოსტატ  ეკზილთან ერთად მოხვდა და მალე მისი შეგირდი და მიმდევარი გახდა. ციხიდან გამოსულმა სენტ-კრუამ თავისი ახალი გატაცებით მარკიზა დე ბრენვილიე (თავისი საყვარელი) და რამდენიმე პირი დააინტერესა და დარიშხანის საფუძველზე შექმნილი ე.წ. „იტალიური შხამის“ ადამიანებზე გამოცდას შეუდგა. უშიშარი მარკიზა საავადმყოფოში მიდოდა და საწამლავს ავადმყოფებს იქაური წამლის ნაცვლად ასმევდა. ქალი როგორც კი დარწმუნდა, რომ მისი ქმედების შედეგების აღმოჩენა შეუძლებელია, პირველ რიგში საკუთარი მამა გაისტუმრა საიქიოს (თავის დროზე სენტ-კრუა მარკიზმა დააჭერინა შვილთან რომანისთვის), მერე მამამისის ქონების მემკვიდრეები - საკუთარი ძმებიც ზედ მიაყოლა. მარკიზამ სასურველი მემკვიდრეობა კი მიიღო, მაგრამ ამასობაში საფუძლვლიანი ეჭვიც გაჩნდა და ექიმებმა გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარეს, თუმცა, ვერაფერი იპოვეს. შურისმაძიებელი ქალბატონი შემთხვევამ დაღუპა - ლაბორატორიაში შხამიანი ამონაორთქლისაგან სენტ-კრუა მოიწამლა და მოკვდა. მარკიზას მისგან პატარა ხის ყუთი ერგო, რომელიც პოლიციამ შეამოწმა და შიგ აღმოჩენილი სითხე საწამლავი აღმოჩნდა. ბრენვილიე საფრანგეთიდან გაიქცა და კარგა ხანს იმალებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიაგნეს და ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ, 1676 წელს სიკვდილით დასაჯეს.
ლა ვუაზენი
ცნობილი ფრანგი მკითხავი ქალი ლა ვუაზენი შავ მაგიასთან ერთად საწამლავის სპეციალისტიც ბრძანდებოდა და კლიენტებისთვის არა მარტო მდიდარი ნათესავების სიკვდილსა და მათგან მემკივდეობის მიღებას წინასწარმეტყველებდა, ამ საქმის დაჩქარებაში აქტიურად მონაწილეობდა კიდეც. მის უებარ საშუალებას ფრანგები ხუმრობით „მემკვიდრეობის ფხვნილსაც“ უწოდებდნენ.  თავზეხელაღებულ ქალს დამხმარეების მთელი ბანდა ყავდა, რომლებიც პარიზის საკმაოდ გავლენიან პირებს და სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შიშის ზარს სცემდნენ (ამბობენ თავად ლუდოვიკო XIV-ს მოწამვლაც უნდოდაო). ლა ვუაზენის ბოროტმოქმედებათა გამოსაძიებლად და ტერორის აღსაკვეთად მეფემ საგანგებო სასამართლო შეკრიბა. საიდუმლო კომისა სხდომებს „მოგიზგიზე ოთახში“ მართავდა, რომელშიც კედლებზე შავი ნაჭერი იყო გადაკრული და მხოლოდ ჩირაღდნებით ნათდებოდა. ლა ვუაზენს და მის ხელქვეითებს სიკვდილი მიუსაჯეს. სამი წლის მანძილზე მათი 218 თანამონაწილე დაიჭირეს, 34 კი სიკვდილითაც დასაჯეს.
მარი ლაფარჟი
სხვათაშორის, 1840 წელს საფრანგეთშივე გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც პირველად მსოფლიოს ისტორიაში პირდაპირი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაასამართლეს მარი ლაფარჟი ქმრის დარიშხანით მოწამვლისთვის.
კვლავაც საფრანგეთში 1949 წელს 53 წლის მარი ბესნარი დააკავეს, რომელმაც 1927-1949 წლებში დარიშხანით 13 ადამიანი მოწამლა, მათ შორის, 2 ქმარი, საკუთარი მშობლები, დედამთილ-მამამთილი და რამდენიმე მეზობელი. სასამართლო პროცესი ათ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა და გინდ დაიჯერეთ გინდ არა, პატიმარი 1961 წელს საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო გამოუშვეს...


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპისნი

1 კომენტარი.:

  1. Anonymous

    rashi gamoiyneba darishxani

Post a Comment