ვაშლის ღვეზელი ჩვენი ბებიების რეცეპტების წიგნიდან

Approved by Natia Jinjolava


ვისაც მეგობრებთან ერთად ჩაის სმა და სახლში მშვიდი საღამოს გატარება გიყვართ, ყველა დამეთანხმებით რომ არაფერი ჯობს შინაურ, სადა და გემრიელ ნამცხვარს, რაიმე განსაკუთრებული სირთულეების, გადაპრანჭული ელემენტებისა და რეცეპტების გარეშე. ეს ღვეზელი მარტივადაც მზადდება და განსაკუთრებულ კულინარიულ ნიჭსაც არ მოითხოვს. იმედი მაქვს, რომ თქვენც ჩემსავით შეგიყვარდებათ. ამ ნამცხვრის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს და ჩემთვის ძალიან ძვირფასია - სტუდენტობას მაგონებს. ლექციიდან გაპარულებს მეგობრის ბებია გვახვედრებდა სისტემატიურად და მშობლების საყვედურზე: ლექციებს აცდენენ, შენ კი დასჯის ნაცვლად ანებივრებო. ბებია დარწმუნებული სახით პასუხობდა: „გადასარევი ბავშვები არიან, დაანებეთ თავი. ლექციას თუ აცდენენ, სადღაც ქუჩაში კი არ დაყიალობენ უპატრონოდ, სახლში მოდიან  და წყნარად ზიანო“...
რეცეპტიც სწორედ მაშნდელი სახით მაქვს შემონახული: „200 გრ კარაქი, 1 ½ ჭ შაქარი, 4 ან 5 კვერცხი, ½ ლ მაწონი, სოდა ძმრით, ვანილი, მუსკატი, კარიცა, 3-4 ჭ ფქვილი, ვაშლის ჯემი“. დაიზაფრეთ არა? მაგრამ მერწმუნეთ, მაშინდელი რეცეპტების 80% სწორედ ასეა ჩაწერილი.
ახლავე ვთარგმნოთ ადამიანურ ენაზე - 200 გრ დარბილებული კარაქი და 1 ½ ჭ შაქარი კარგად გავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე, ჩავათქვიფოთ 4 დიდი ან 5 პატარა კვერცხი. 1 ჩ/კ სოდას დავასხათ დაახლოებით ამდენივე ძმარი და ჩავასხათ ½ ლ მაწონში და ყველაფერი ერთად ჩავუმატოთ კარაქიან და კვერცხიან მასას. ჩავაყაროთ 1 ჩ/კ დარიჩინი, ჯავზის კაკალი დანის წვერზე, 1 მწიკვი მარილი. თანდათანობით შევათქვიფოთ ფქვილიც. სქელი არაჟნის სისქის თხევადი ცომი უნდა გამოვიდეს. ცომის  1/3 გადავიტანოთ საკონდიტრო შპრიცში. გამოსაცხობ თუნუქის ფირფიტას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი და დავფერთხოთ. დავასხათ ცომი და მოვასწოროთ. ავიღოთ 1 ლ ვაშლის ჯემი (თუ არ გაქვთ მარტივად შეგიძლიათ დაამზადოთ ვაშის პიურე) და ცომზე გავანაწილოთ თანაბრად, ისე რომ ირგვლივ კიდეებში 1 სანტიმეტრი ცომი პიურეს გარეშე დავტოვოთ. ავიღოთ საკონდიტრო შპრიცი და ნაცხვარს დიაგონალზე ცომის ზოლები დავახატოთ, ჯერ ერთი მხრიდან, მერე მეორედან, ისე რომ ნამცხვარზე ცომის რომბები დაეხატოს. შევდგათ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთით, სანამ არ გაოქროსფერდება და გამოცხვება. 25 წუთის შემდეგ თამამად შეუჭყიტეთ, არ ჩავარდება!
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment