გინესის ქაფქეიქი

Approved by Natia Jinjolava


უგემრიელესი და მეტად უჩვეულო ნამცხვარი უმარიტივესი რეცეპტით - ამ არც თუ ისე ტკბილ კექსებს გინესი უჩვეულო სინოტივესა და მდირულ არომატს ანიჭებს. ორიგინალურია გემოთი, ორიგინალურია ინგრედიენტებით, ეფექტურია სტუმრებისთვის მისართმევად და რაც ყველაზე მთავარია - უიოლესი დასამზადებელია.
კექსებისათვის: 1 ჭ გინესი, 150 გრ კარაქი, ¾ ჭ კაკაოს ფხვნილი, 2 ჭ ლერწმის შაქარი, ¾ ჭ არაჟანი, 2 კვერცხი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 2 ჭ ფქვილი, 1 ½ ჩ/კ სოდა
სარკალასთვის: 200 გრ ნაღების ყველი (მაგალითად, მასკარპონე), 1 ¼ ჭ შაქრის პუდრა, 1/3 ჭ რძე
ღუმელი გავახუროთ 180°C-მდე. კექსების პატარა ფორმებს წავუსვათ ცხიმი. საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ გინესი და ჩავყაროთ პატარა კუბიკებად დაჭრილი კარაქი და შემოვდგათ ცეცხლზე. კარაქი რომ გადნება, გადმოვდგათ გაზიდან და შევურიოთ კაკაო და შაქარი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ არაჟანი, კვერცხები და ვანილი და მერე ჩავუმატოთ ლუდს და კარაქს. ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი და სოდა და ჩავუმატოთ ლუდიან მასას. კარგად მოვურიოთ. მიღებული ცომი ჩავასხათ მაფინის (პატარა კექსის) ფორმებში და გამოვაცხოთ 25 წუთი. გავაჩეროთ 10 წუთი და მერე ამოვიღოთ ფორმებიდან. გავაცივოთ.
მასკარპონე ავთვიფოთ შაქარის პუდრასთან ერთად, რძე ჩავათქვიფოთ თითო-თითო სუფრის კოვზობით. თუ თხელი სარკალა გვინდა, მეტი რძე დავამატოთ, თუ სქელი - ნაკლები. გამზადებული სარკალა გადავუსვათ გაგრილებულ ქაფქეიქებს.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment