წაბლის ფესტივალი

Approved by Mary Poppins


ყოველ ოქტომბერს საფრანგეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ხორვატიაში წაბლის ფესტივალს ატარებენ. გარდა ამისა, რომ ამ შესანიშნავ და უგემრიელეს... ალბათ მაინც ხილს, იმიტომ რომ ხილს ხე ისხამს, პატივს სცემენ და უამრავ გემრიელ კერძს აკეთებენ, მსგავსი ფესტივალებით უამრავ ტურისტსაც იზიდავს, რაც დამეთანხმებით, რომ არც ერთ ქვეყანას არ აწყენს. ისე, თუ შეგიმჩნევიათ რომ ქართველებს, რაღაცნაირი - დარდიმანდული დამოკიდებულება გვაქვს ცხოვრებისადმი. თავს ზედმეტად არ ვიწუხებთ. ძალიან გემრიელი სამზარეულო გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო გემრიელი გვექნებოდა სულ ცოტათი მაინც რომ მოვინდომოთ. ალბათ ვერ ხვდებით რას ვგულისხმობ, მაგრამ ახლავე აგიხსნით. გემრიელი მრავალფეროვანს არ ნიშნავს. მოდით, დავიწყოთ ქართული კერძების ჩამოთვლა და ასს თუ გავცდებით ბოდიშს სახალხოდ მოვიხდი. ასიც არ გამოდის ქართული კულინარიული წიგნებივით, კარტოფილთან და პამიდორთან შემწვარ ხორცს და დაწეწილი ქათმის ხორცის მაიონეზიან სალათასაც ძირძველ ქართულ კერძობას თუ არ დავაბრალებთ. დესერტი? საერთოდ არ გვაქვს. ვაღიაროთ, რომ არც ჩურჩხელა და არც გოზინაყი რეალურად ქართული არაა და თუ არ გჯერათ, ერევნის და ბაქოს ბაზრებში გამოფენილი ჩურჩხელები ნახეთ - მათი ზომები, ხარისხი და გემო. რაც გვაქვს ყველაფერი ძალიან გემრიელია, მაგრამ რა იქნება სიმინდისგან მჭადის გარდა კიდევ რაიმე დავამზადოთ? 
და ისევ წაბლს ვუბრუნდები, შეიძლება ევროპა ვერა, მაგრამ თურქეთი მაინც მოიარა ნახევარმა საქართველომ. იქიდან დაბრუნებულზე ყველა ერთხმად წუწუნებს რა გემრელია შემწვარი წაბლი და თურქეთის ქუჩებში ცხლად როგორ იყიდება. წაბლის შეწვა ჩვენთან აკრძალულია? ვინმემ დაგვიშალა? წაბლი არ ხარობს ჩვენში? ძნელად მოსაყვანია თუ არ ინახება? თუმცა, ამას წინათ „გუდვილში“ დაზაფრული ვუყურებდი დაკონსერვებული წაბლის 500 გრამიან ქილას 37 ლარი როგორ ეწერა. მართლა ეგზოტიკური და დედამიწის მეორე ნახევარსფეროდან ჩამოტანილი ანანასი და პომელო ბევრად უფრო იაფი ღირს... აღარ ვლაპარაკობ წაბლისგან დამზადებულ კერძებზე. ხორცსაც და ტკბილეულსაც ერთნაირი წარმატებით უხდება. 20 წლის წინ პირველად რომ გავაკეთე შოკოლადში ამოვლებული შემწვარი წაბლი და ახლობლებს გავასინჯე, სიამოვნებითაც მიირთვეს და დღემდე (20 წელი!!!!) იხსენებენ, მაგრამ ამ უმარტივესი ტკბილეულის გაკეთება არავის მოსვლია თავში. მოდიან და მე მეკითხებიან, შემთხვევით ხომ არ მაქვს.  შემთხვევით არა, ყოველ შემოდგომაზე წინასწარგანზრახვით მაქვს, მაგრამ მე თვითონ და დამზადების პროცესს შემოსწრებულები მივირთმევთ - გემრიელია და არ რჩება...


შემწვარი წაბლი შოკოლადში
აარჩიეთ მსხვილი წაბლი, მრგვალი მხრიდან ბასრი დანით ტყავი ჯვრის ფორმაზე დაუსერეთ და გახურებულ ღუმელში 40-45 წთ-ით შეყარეთ. გამომცხვარ წაბლზე დასერილი კანი იპრიხება და სკდება და ადვილად იფცქვნება.  წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადის ფილა. თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ  რომელი შოკოლადიც გირჩევნიათ (შავი თუ რძიანი), შოკოლადის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. წაბლები აკურატულად ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში და გასაშრობად დაალაგეთ ცხიმწამუსლ პერგამენტის ქაღალდზე ან ალუმინის ლანგარზე. რომ გაშრება მიირთვით.
არის ამ დესერტის კიდევ ერთი ვარიანტი. უკვე გამშრალ შოკოლადიან წაბლებს შეგიძლიათ წვეტები რომელიმე კონტასტული ფერის გამდნარ შოკოლადში ამოაწობინოთ, მაგალითად შავ წაბლებს თეთრში ან პირიქით. და რამდენიმე საუკუნის წინ ძალიან პოპულარულ კამფეტებს - „ვენერას ძუძუებს“ მიიღებთ. გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერიპოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment