მსხლის ტატენი გორდონ რამზისაგან

Approved by Natia Jinjolava


ამ კვირაში მტკიცე გადაწყვეტილება მქონდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვაშლის ნამცხვრებზე და მის ვარიაციებზე უნდა მესაუბრა, მაგრამ როგორც კი ტორტი ტატენი ვახსენე, მივხვდი რომ ამ არაჩვეულებრივ რეცეპტს გვერდს ვერ ავუვლიდი.

ინდივიდუალური მსხლის ტატენი ვარსკვლავა ანისულათი და ნაყინით
ინგრედიენტები: 2 მაგარი მსხალი (გათლილი), 4 ცალი ვარსკვლავა ანისულა, 1 ვანილის ჩხირი (ოთხად გაჭრილი), 500 გრ მზა ფენოვანი ცომი, 150 გრ შაქარი, 30 გრ კარაქი, 30 მლ რომი, 75 გრ შაქრის პუდრა, 100 მლ ცხიმიანი ნაღები, 4 ბურთი ვანილის ნაყინი მოსართავად
ღუმელი გავახუროთ 200°C-მდე. გათლილი მსხალი შუაზე გავჭრათ და ნესვის ბურთულების დასამზადებელი სპეციალური საჭრელით, ან ბასრი დანით აკურატულად მრგვალად ამოვაჭრათ გული. ოთხივე ნაჭერს კურკების ადგილას ამოჭრილ ღრმულში ჩავულაგოთ თითო ვარსკვლავა ანისულა და ხელით ოდნავ დავაწვეთ, კარგად რომ ჩაჯდეს. ვანილის ჩხირი კი ყუნწის ადგილას ჩავურჭოთ.
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ 3 მმ-ის სისქეზე და მსხლის ნაჭრების ზომაზე 4 ნაწილად გავყოთ.  მსხალი გაჭრილი მხარით ზემოთ დავდოთ ცომის ნაჭერზე და ცომი მსხალს მომრგვალებული მხრიდან ირგვლივ მჭირდოდ შემოვახვიოთ, ისე რომ ზედაპირი არ დაიფაროს. ზედმეტი ცომი შემოვაჭრათ. მსხლის ყველა ნაჭერი მსგავსად გავამზადოთ და ცოტა ხნით მაცივარში შევდგათ.
კარამელის დასამზადებლად ტაფა მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ. ტაფა რომ გაცხელდება, დავყაროთ შაქარი და ვადუღოთ დაახლოებით 5 წუთი, სანამ კარამელი არ გაყავისფრდება. კარამელს ნუ მოურევთ. კარამელი რომ გამზადდება, ცეცხლს ავუწიოთ, კარაქი და რომი დავუმატოთ და მოვურიოთ. ფრთხილად იყავით, კარამელი ძალიან არ დაგეწვათ, იგი სასიამოვნო მოოქროსფრო-ყავისფერი უნდა იყოს. ცომში გახვეული მსხლები მსხლიანი და ანისულიანი მხარით (ცომიანით ზევით!) ჩავაწყოთ კარამელში, ისე რომ ანისულა და ვანილის ჩხირი არ გამოვარდეს (თუ გამოგივარდათ, პრობლემა არაა, ისევ თავის ადგილას დააბრუნეთ). კარამელში ჩაწყობილ მსხლებს ცომიანი მხრიდან შაქრის პუდრა მოვატაროთ. ტაფა გახურებულ ღუმელში შევდგათ 15-20 წუთით, სანამ ცომი მოოქროსფრო ყავისფრად არ დაიბრაწება. ტაფა ღუმელიდან გამოვიღოთ და სანამ ცხელია, სპეციალური ასაღები ნიჩბით ავიღოთ მსხლები და სათითაოდ დავალაგოთ თეფშებზე ცომიანი მხარით ქვევით. კარამელიანი ტაფა ისევ დაბალ ცეცხლშე შემოვდგათ, ჩავუმატოთ ნაღები, მოვურიოთ და დავამზადოთ სოუსი. მზა სოუსი მსხლებს მოვასხათ და ვანილის ნაყინის ბურთულითაც მოვრთოთ.
გემრიელად მიირთვით!



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment