შავი ხელი და ფანჯრის უკან ატუზული ჰამლეტის მამის აჩრდილი

Approved by Mary Poppins


ჩვეულებრივ ადამიანს ყოველთვის ეშინოდა რაღაც ზებუნებრივი, არაადამიანური წარმოშობის, არაამქვეყნიური ძალების. თუნდაც სრულიად უწყინარი მიცვალებულის... არადა, რომ დაფიქრდე, რა უნდა დაგიშავოს მკვდარმა? საშიში სწორედ ცოცხალია, ბოროტი აზრები რომ უტრიალებს თავში. და სწორედ ასეთი შიშებიდან მოდის, თვალის, ჯადოს, წყევლის ანუ მისტიური ხასიათის და სიბნელის, ოთახში მარტო დარჩენის და ა.შ. - პირველზე ბევრად უფრო მიწიერი ხასიათის შიშები. რასაკვირველია, გაცილებით ადვილია ფეხის გადაბრუნება დააბრალო ვიღაცის შურიან მზერას, ვიდრე საკუთარ უგერგილობასა და საგულდაგულოდ შერჩეულ და ამაყად წამოცმულ უხეირო ფეხსაცმელს. ისიც გასაგებია, რომ ჩაბნელებულ უკაცრიელ ქუჩაში მარტო დარჩენა არავის უხარია, სრულიად მიწიერი ქურდების და მოკვდავი მძარცველების გვეშინია, მაგრამ ნეტა რა მონსტრი უნდა გველოდებოდეს საღამოს ცხრა საათზე ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში? არა, ასე ჩემთვის ვმსჯელობ, თორემ არავის და არცერთნაირი შიშებისთვის არ დავძრახავ. შიში ისეთი უცნაური რამეა, ამაზე ქილიკი არ ღირს. გეშინია და მორჩა - ახსნა არ აქვს.


ჩემს დას მაგალითად ბუმბულის ეშინია, ხელს ვერ კიდებს. ბალიშიდან ამოყოფილ წვეტს რომ დაინახავს, რეზინის ხელთათმანს იცმევს და პინცეტით იღებს. ისე, კაცმა რომ თქვას, რადგან მიდის და იღებს, თუნდაც ხელთათმნით, ეს უკვე ნახევრადდაძლეული შიშია. მე პირადად, მისტიურ შიშებს არ ვუჩივი, ღამე მარტოც კარგად ვრჩები და არ ქარის ღმუილი მიფრთხობს ძილს ზამთრის ღამით. რა თქმა უნდა, სახლში შემოსული ქურდი ან გზადგადაყრილი ლომი ან გველი ნამდვილად დამზაფრავს, მაგრამ კალიები, ხოჭოები და ტარაკნები ვერ მაფრთხობენ. ისინი უბრალოდ მეზიზღებიან. რა უნდა მიქნას შემოფრენილმა კალიამ? კბენითაც ვერ მიკბენს, ვერ შემჭამს და ვერც ფეხს მომტეხს. აი, ღამურა ან ვირთხა კი... ააააა!!! თუმცა პანიკა აქაც არაა საჭირო, ბოლოსდაბოლოს სარკეში ჩაიხედეთ და მერე იმათ შეხედეთ, ღამურა დათვი ხომ არ არის, ვერ მოგვერევა. იმათ ჩვენზე უფრო ეშინია...

არა, წერტილის დასმა თუ არ ვისწავლე, ასე არ ივარგებს - ჩემი ჭკუით სტატიის წერა ზებუნებრივის და არაამქვეყნიურის შიშზე დავიწყე. რაც არ უნდა ილაპარაკონ და რაც არ უნდა მარწმუნონ, ღრმად მჯერა, რომ ნებისმიერ პარანორმალურ მოვლენას აბსოლუტურად ნორმალური ახსნა აქვს. ამის მაგალითად, რამდენიმე პატარა ისტორიას მოგიყვებით, თან ბავშვობა გავიხსენოთ... ალბათ ყველას გვიყვარდა სადარბაზოს კუთხეში შებინდებულზე შეკრება და „შავ ხელის“ მსგავსი ჟრუანტელისმომგვრელი ისტორიების მოყოლა.
ისტორია პირველი - ალმოდებული ცხვარი და ღვთის რისხვა
დიდი, დიდი ხნის წინათ ერთი პატარა ქვეყნის პატარა დედაქალაქში ტარხუნდა დამწიფდა და მისი სურნელისგან თავბრუდახვეულმა და რელიგიურ ექსტაზში ჩავარდნილმა ბიჭებმაც ღვთისთვის ცხვრის შეწირვა განიზრახეს. საკუთარი გამჭიახობით აღფრთოვანებულმა ყმაწვილებმა ჯერ ბაზარში შეირბინეს: ღვინო, კიტრი, პამიდორი, ყველი მოიხაზირეს (აბა, ცხვრის დაკვლას რა აზრი ექნებოდა, მერე ჩაქაფულს განმკლავით და ჭიქით ხელში ირვლივ თუ არ შემოუსხდებოდნენ) და შემოგარენს მიაშურეს. მეცხვარეები და ფარა მოიძიეს და კარგი ჭედილაც შეარჩიეს. პატივგებულ პირუტყვს ფეხები შეუკრეს და ბევრი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე საბარგულში ოცლიტრიან ბენზინის ავზსა და სათადარიგო საბურავს შორის უკრეს თავი. მოგეხსენებათ, პურმარილს კარგი ბუნებაც უხდება და გეზი შორიახლო მონასტრისკენ აიღეს. ბევრი იარეს თუ ცოტა, დანიშნულების ადგილამდეც მიაღწიეს. მღვდელი მონახეს და რომ არ შემოღამებოდათ და ქეიფიც არ დაგვიანებულიყო დაჩქარებული წესით შეუდგნენ მსხვერპლთშეწირვის ცერემონიას. მანქანას რომ მიაკითხეს, აღმოაჩინეს, რომ საბარგულში ბენზინი ჩაღვრილიყო და ცხვრის მატყლი ღრუბელივით გაჟღენთილიყო. 
ახალგაზრდა ღვთისმოსავებმა, აქოთებულ ცხოველს რომ დახედეს, ცხვირი ერთი კი შეიჭმუხნეს, მაგრამ რაც მთავარია, ბებზინის სუნი ხორცს ვერ გააფუჭებდაო და აქტიური სამზადისი გააჩაღეს. ოცი ლიტრით დამძიმებული საბრალო ცხვარი საბარგულიდან გამოათავისუფლეს, ბაწარი ფეხებიდან შეხსნეს, ყელზე შეაბეს და ტაძრის ირგვლივ შემოსატარებლად წაათოხარიკეს. მღვდელმა ლოცვა ჩაათავა, ცხვრისკენ შემოტრიალდა და წესისა დარიგის მიხედვით, მორჩილად მდგარ ცხოველს შუბლზე ანთებული სანთელი მიაკრა... რაღაცამ იბუთქა და გაოცებული ცხვარი მყესეულად ზეცად აღმაღლდა! მაგრამ ცხვრის გაოცება რას მოვა, მამაოს გაოცებასთან: „ამისთანა რა ცოდვა გქონდათ ჩადენილიო?“
ვინც ბოლომდე ვერ ჩაწვდა სიტუაციას და ნავთობპროდუქტებში მაინცდამაინც ვერ ერკვევა, იმათთვის განვმარტავ - ბენზინი სალიარი არაა, არ იწვის, ბენზინი ფეთქდება. ერთი საშუალო ცხვრისა და ოცი ლიტრი ბენზინის აფეთქების შეფარდებითი ძალის გამოთვლა კი თქვენთვის მომინდვია.
ისტორია მეორე - პიანინო და პატარა თაგუნა
ერთხელაც ერთი პატარა გოგო სოფელში ისვენებდა. ბებია ახალგარდაცვლილი ყავდა და მიუხედავად იმისა, რომ მიცვალებული სასტუმრო ოთახიდან გაასვენეს, გოგონას მაინც იქ უყვარდა  გასაშლელ ტახტზე დაძინება - წიგნების კითხვით ერთობოდა ხოლმე ღამ-ღამობოთ. სასტუმრო ოთახშ კი ყველაზე მეტი წიგნის თარო იდგა. ერთხელაც, ღამის სამ საათზე გოგონა სავარძელში იჯდა და როგორც უკვე ხვდებით, კითხულობდა. არც რამე ფაჩუნი ყოფილა, არც რაიმესთვის მოუკრავს თვალი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე რაღაც უჩინარმა ძალამ თავი ააწევინა (აი, აქ კი აშკარად განგების ხელი ურევია), და დაინახა პატარა წრუწუნა პიანინოს უკან როგორ შეძვრა. გოგონა გულადი იყო, თაგვების არ ეშინოდა და კითხვა მშვიდად განაგრძნო. ცოტა ხანში პიანინომ დაკვრა დაიწყო, თან უბრალოდ კი არ უკრავდა, არაამქვეყნიურ, არამიწიერ ხმებს გამოსცემდა...
როგორც ხვდებით, პატარა ონავარი მღრღნელი დაძვრებოდა პიანინოს სიმებში. თუ წარმოგიდგენიათ, რა ხასიათზე დავდგებოდი (ის გოგონა მე გახლდით), შუაღამეზე პიანინოს დაკვრის ხმას რომ გავეღვიძებინე და მის უკან შემძვრალი თაგვი არ დამენახა?! სწორად ხვდებით. მაგრამ ეს ისტორიების სწორედ იმას მოვაყოლე, რომ ამქვეყნად აუხსნელი არაფერია, უბრალოდ რაღაც არ ვიცით, ვერ დავინახეთ, ვერ შევნიშნეთ, ან სულაც დაგვავიწყდა. ამქვეყნად იმდენი მედიცინის მიერ აღიარებული შიშია, ზებუნებრივისთვის დროც აღარ უნდა გვრჩებოდეს...

 


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment