მთვარის კალენდარი და მისი მეცამეტე თვე

Approved by Mary Poppins


მთვარის და მზის კალენდრების არსებობა და ის ფქატი, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში მზის კალენდარმა მთვარის დიდი ხანია წარმატებულად ჩაანაცვლა ყველამ იცის, მაგრამ ჩვენს წარმართ წინაპრებს მეცამეტე თვეც რომ ჰქონდათ, თანაც სადღაც ოქტომბერსა და ნოემბერს შორის გამოკვეხებული, ამის შესახებ ცოტას თუ სმენია. იმდენად, რამდენადაც თანამედროვე კალენდარში არ გვაქვს, შესაბამისად მისი სახელიც აღარ არსებობს. მაგრამ, მთვარის კალენდრით მცხოვრები თითქმის ყველა ხალხი და კულტურა მას ლურჯი მთვარის (მკვდრების მთვარის, მონადირე მთვარის, წინაპრების მთვარის, მონადირეთა მთვარის) თვეს უწოდებდა და თან საიქიო ცხოვრებასთან და იმქვეყნიურ შიშებთან თუ თქმულებებთან იყო დაკავშირებული. ერთგან სულ რამდენიმე დღე გრძელდებოდა, სხვაგან კი მთელი 29 დღეც. 
ზოგი ხალხი გამორჩეულ სახელს არქმევდა, ზოგიც კი იმდენად წმინდა და საშიშ პერიოდად მიიჩნევდა, რომ მისთვის სახელის დარქმევა კი არა, მისი ხსენებაც მკრეხელობად ითვლებოდა. ამაში თავადაც რომ დარწმუნდეთ ამისთვის 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე არსებული წარმართული დღესასწაულების და მათი შინაარსის მოკლე ჩამონათვალიც კმარა: ინკებთან მკვდრების დღესასწაული - აიამარკა; 28 ოქტომბრიდან - ეგვიპტეში ისიდას ექვსდღიანი დღესასწაული, როცა გარდაცვლილი ოსირისის პოვნას და მის მკვდრეთით აღდგენას ზეიმობდნენ; 29 ოქტომბერს - იროკეზების მკვდრების დღესასწაული, გარდაცვლილთა მოხსენიების დღე; 30 ოქტომბერს - მექსიკაში  ანხელიტოსი, გარდაცვლილი ბავშვების სულების ხსენების დღე; 31 ოქტომბერს - კელტური გარდაცვლილთა დღესასწაული; სეხმეტისა და ბასტის დღე ეგვიპტეში; ინდოეთში დაშერვის შემოდგომის დღესასწაული, რომელიც რამასა და კალის დემონ რავანასთან ბრძოლის საპატივცემულოდ იმართება; 1 ნოემბერს - კელტურ სახელმწიფოებში ბებრუხანა კაილიგის ანუ მკვდრების დღესასწაული; ირლანდიაში ბრანშისის დღე; ჰელის, სიკვდილის ღმერთის დღესასწაული სკანდინავიურ ქვეყნებში; მექსიკაში მკვდრების დღესასწაული; ეგვიპტეში ისიის მეხუთე დღე, როცა ბოროტი სეთის მიერ დანაწევრებული ოსირისი როგორც იქნა იპოვეს... და ასე უსასრულოდ შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება.
თანამედროვე ყველაწმინდას დღე ანუ ჰელოუინი (31 ოქტომბერი) სინამდვილეში ხომ წარმართული მკვდრების დრესასწაულის გადმონაშთია (ისევე, როგორც ძალიან ბევრი რელიგიური დღესასწაული თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულ ყველა რელიგიაში). ადამიანი ოდითგანვე განიცდიდა მოთხოვნილებას გამოეხატა პატივისცემა და მოწიწება გარდაცვლილთა და იქითა სამყაროს ღმერთების თუ მბრძანებლების მიმართ და ამისათვის სიმბოლური დატვირთვის მქონე კოსტუმებს, მორთულობას, რიტუალებსა და საჭმელსაც იყენებდა.
სხვათა შორის, მე მინახავს სამეგრელოში და დარწმუნებლული ვარ რომ სხვა კუთხეებშიც იქნება ასეთი ტრადიცია, რელიგიურ დღესასწაულებზე, როგორ ამზადებენ სადილს გარდაცვლილი წინაპრების პატივსაცემად. ამ ცერემონიას „საკურთხის დადგმას“ ეძახიან. მეგრულ რიტუალზე ძირითადად ქალები ზრუნავენ და კაცები ტრადიციულად მხოლოდ გამზადებულის და „მოსაკურთხებულის“ ჭამაში ღებულობენ მონაწილეობას. დიასახლისი დილიდან მიდის ბაზარში და საუკეთესო პროდუქტს ყიდულობს, მერე საზეიმო სადილს (ვახშამს) ამზადებს და სუფრასაც აწყობს აუცილებლად კენტი ოდენობის ადამიანზე. ისიც გამიგია, საჭმელი ერთმა ადამიანმა უნდა დაამზადოს და მაგიდა მეორემ გააწყოსო, თან სამზადისის განმავლობაში არაფრის გასინჯვა და ლაპარაკიც არ შეიძლება (სანამ მკვდრები არ ისადილებენ). სუფრაზე საჭმელთან ერთად დგამენ, ღვინოს პურზე გადასაწუწად, სანთელს და საკმეველს. სანთელი და საკმეველი რომ დაიწვება (ანუ მკვდრები დაძღებიან), მხოლოდ მას შემდეგ უსხდება ოჯახის ცოცხალი წევრები მაგიდას...
ეს ცერემონია პირველად ბავშვმა ვნახე კარის მეზობლის, ბებიაჩემის ბიძაშვილის ოჯახში და მთელი სიტუაციის რიტუალურობით ისე აღვფრთოვანდი, რომ სახლში აღშოთებული დავბრუნდი „ჩვენ რატომ არ ვაკეთებთ-მეთქი“. მოგეხსენებათ, საკმაოდ განებივრებული მოზარდი გახლდით და ბებიაჩემიც მორჩილად შეუდგა მზადებას და მალე სუფრაც გაშალა. სადღაც 40 წუთი უშედეგოდ ვურბინე მაგიდას გარს. ჩემი დიდი მოლოდინისდა მიუხედავად (აბა, ასეთ გემრიელ საჭმელზე მკვდრები უარს როგორ იტყოდნენ), არც ცხელ ელარჯს და არც მეგრულ საცივს არაფერი აკლდებოდა. წინაპრების მხრდან გამოჩენილმა მსგავსმა გულგრილობამ მეტისმეტად რომ შემაწუხა, ბაბუაჩემმა დამამშვიდა: „ბებიაშენს და მის ბიძაშვილს ხომ საერთო ნათესაობა ჰყავთ, იმასთან დაძღნენ და ჩვენთან რომ მოვიდნენ, ჭამის თავი აღარ ჰქონდათო“...
ეს ლირიული გადახვევა გახლდათ და ახლა ისევ საქმეს დავუბრუნდები: უძველესი დროის ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ დღევანდელი ოქტომბრის მეორე თვე საშუალებას აძლევლდათ დაენახათ სიცოცხლის დაუსრულებელი წრე, როგორც ბუნებაში, ასევე საკუთარ თავში, დაფიქრებულიყვნენ საიდან მოდიან და საით მიდიან, სად მიიყვანთ საკუთარი სულიერი გზა. პირველ ნოემბერს დღესაც ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ გარდაცვლილთა დღეს. მაგალითად, მექსიკაში მკვდრების დღესასწაული სულაც არ გეგონოთ სამგლოვიარო ცერემონიალი. თავის ქალებისა და ჩონხის ფორმების კამფეტებსა და ნამცხვრებს ამზადებენ და ერთმანეთს გაღიმებულები, საყკეთესო სურვილებთან ერთად ჩუქნიან. ფერად, მხიარულ ტანსაცმელში გამოწყობილები ქუჩაში მსვლელობებს აწყობენ და არაჩვეულებრივ განწყობას სასაფლაოზე გამართული პიკნიკებიც კი არ უფუჭებთ. ზოგიერთ ქრისტიანულ ქვეყანაში ამ დღეს ყველაწმინდას დღეს უწოდებენ და ინგლისურმა ტრადიციამაც, კარიდან კარზე კალათით ხელდამშვენებულებმა იარონ და  ტკბილეული იმათხოვრონ, მჭიდროდ მოიკიდა ფეხი. რაც თავისთავად მკვდრებისათვის სასაფლაოზე საჭმლის მიტანის ბევრად უფრო ძველი ტრადიციიდან მოდის... ამაზე აღარ გავაგრძელებ, ჰელოუნმა ჩვენს თინეოჯერებშიც იმდენად მოიკიდა ფეხი, რომ უკვე აშკარად ცალკე სტატიას იმსახურებს.
ასეა თუ ისე, გინდა მკვდრების იყოს, გინდა ცოცხლების - ოქტომბრის ბოლო ჩვენს წინაპრებში აშკარაა, რომ განსაკუთრებული მხიარულებისა და დროსტარების საბაბს იძლეოდა. ისევ და ისევ ადამიანის ბუნებაშია ყველაფერ ცუდში თუ არასასურველში იპოვოს კარგი. წინაპრების ხსოვნა და მატი პატივისცემა მკვდრებზე მეტად, ისევ ჩვენ გვჭირდება. რაც არ უნდა კარგი იყოს პოროვნება, ვერასდრის იქნება ბოლომდე კარგი, თუ თავის წარსულს და თავის ფესვებს ვერ აფასებს. ყოველთვის ექნება პატარა ნაკლი და პატარა ხარვეზი. ის, რის გამოც უბრალოდ კარგი იქნება და არა ძალიან კარგი. ასაკიანი ადამიანის და სხვისი ღირსეულად განვლილი ცხოვრების ან გაკეთებული დიდი საქმის დანახვაზე მოკრძალება თუ ვერ ვიგრძენით, ვერასდროს შევძლებთ საკუთარი მიღწევებით ტკბობას - რაც არ უნდა წარმატებულად მოგვეჩვენოს თავი და რაც არ უნდა „სხვებისთვის თვალის დასაფსებად“ ვიყოთ, მაინც არ ვიქნებით ბოლომდე კმაყოფილი, ვერ მივიღებთ სიამოვნებას ისე, როგორც უნდა ვღებულობდეთ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment