ქართული სათაგური და უფასო ყველი

Approved by Mary Poppins


უფასო ყველი რომ მარტო სათაგურშია - ყველამ იცის. გაცილებით ცოტასთვისაა ცნობილი, რომ პირველი ლატარია ჯაკომო ჯიროლამო კაზანოვამ მოიგონა ლუდოვიკოს ხაზინის შესავსებად და რეალურად ხალხის მოსატყუებელი და დიდი თანხის მარტივად შესაგროვებელი უზარმაზარი აფიორაა. ნებისმიერი ლოტოტრონის გაყალბების ათასობით მეთოდი არსებობს - აღარ ვლაპარაკობ ინტერნეტ-გათამაშებაზე. მაგრამ მყისიერად და ყოველგვარი შრომის გარეშე, დაუმსახურებლად გამდიდრების სურვილი, ადამიანის გენეტიკაში იმდენად მყარადაა ჩადებული, რომ ამ ფენომენის წინააღმდეგ არცერთი არგუმენტი არ ჭრის.
მახსოვს, ერთი კარგი ნაცნობი მონტე-კარლოს კაზინოდან როგორი ბედნიერი გამოვიდა - სამოცი ევრო მოვიგეო. სიხარულისგან თავგზააბნეულს აღარ ახსოვდა, რომ შიგნით ასით შევიდა და რეალურად ორმოცი წააგო. აი, ასსამოცით რომ გამოულიყო, მაშინ სულ სხვაგვარად იქნებოდა საქმე.
კიდევ უფრო გამაოგნებელია ერთი ქალბატონის სიხარბე, რომელსაც თავისი კერძო ფირმა აქვს. მისივე ხელქვეითი, უწინდელ დროში ზავხოზი (მნე) და დღეს ლოგისტიკის განყოფილების უფროსის ამაყი სახელის მატარებელი უმოწყალოდ ქურდავს - ოფისის დასალაგებელი ინვენტარისთვის სამმაგ და ოთხმაგ ინვოისებს წერს, ფირმის ბიუჯეტის თანხას ტეხავს და ... უფროსს უყოფს - წილს აძლევს. დამატებითი ე.წ. „ლევი“ შემოსავლის არსებობით ქალი ისეთი ბედნიერია, რომ ვერ ხვდება რომ ფირმის მფლობელი თვითონაა, თაღლითი თანამშრომელი მის ფულს იპარავს და მისავე ფულს უყოფს დისულოვნად.
ან, ჩვენში ასე ცნობილი და კარგად რეკლამირებული, ზუსტად აღარ მახოვს რა ერქვა, მგონი „საოჯახო ლოტო“ ავიღოთ - მიუხედავად იმისა, რომ პირველივე გათამაშების პირდაპირ ეთერში გათამაშების დაწყებამდე სულ ორი წამით აინთო და ჩაქრა პირველი ორი მოგებული ციფრი - რაც ყველამ დაინახა, მაგრამ მაინც მთელი საქართველო თამაშობდა ჯეკ-პოტის მოგების იმედით. იგივე ფირმის გადასაფხეკი ბარათები თუ გახსოვთ? პირველი ორი თვის მანძილზე თითქმის ყოველი მეხუთე ბილეთი იგებდა ხუთიდან ოც ლარამდე. მეც კი ჩვევად მქონდა - ვაკის „გუდვილში“ ჩასვლამდე ორ ან სამ ბარათს გადავფხეკდი, ოც ლარს მოვიგებდი და მერე ფორტუნის ნაწყალობები თანხით შეძენილ კრუასანებს მივირთმევდი ბონუსის სახით. ბოლო წელიწადნახევრის თუ მეტის მანძილზე ბოლოს როდის მოიგეთ ლარზე მეტი? ხალხი მიიჩვიეს და მოგებებიც მოკვდა. ახლა აღარავინ თამაშობს, მაგრამ სანამ შევიგნებდით და მივხვდებოდით, კარგა მსხვილი თანხა მოხსნეს.
დაახლოებით იგივე პრინციპი მოქმედებს სეზონური ფასდაკლებების დროსაც - ნურავის ნუ გონია, რომ თუნდაც 70%-იანი ფასდაკლებისას არ იხდის ნივთის სრულ ღირებულებას - მაგრამ ჩვენთვის, მყიდველებისთვის, ხანდახან მაინც რომ არ გვწეწავენ, ეგეც ხეირია.
განსაკუთრებით სასიამოვნოა, ამ ბოლო დროს მომრავლებული ინტერნეტ-შუამავლების (vovovo.ge; swoop.ge; hotsale.ge და ა.შ.) წინადადებები, რომლებიც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკასა თუ ვახშამ/სადილ/საუზმე/კოსმეტიკური პროცედურების ფასდაკლების კუპონებს გვთავაზობენ ფრიად მიმზიდველ ნახევარ და ხშირად მესამედ ფასში. სხვათა შორის, მსგავსი პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს საზღვარგარეთ, სადაც გამოცდილებიდან უკვე ისწავლეს, რომ ასეთი წინადადებები ლატარიას გავს - ან გაგიმართლებს, ან არა. მთელი ეს სისტემა და შემოთავაზების ტექსტი ისეა აგებული, რომ  უკვე შეძენილი ათი კუპონიდან ორით მაინც ვერ ისარგებლო. იქ რეგისტრაციის ვადა არ დაემთვევა, ძალიან წვრილი შრიფტით მიწერილი რაღაც პაწაწინა ფრაზის წაკითხვა თუ გამოგრჩა, აქ რაღაც ორაზროვანი წერია და მოთხოვნის პირობებს ბოლომდე ვერ დააკმაყოფილებ... ერთი სიტყვით, ყველა ასო და ციფრი ზუსტად თუ არ წაიკითხე და ყველა ფრაზას ბოლომდე არ ჩაუფიქრდი - შარში ხარ და როგორც წესი, ეს ყველაფერი იმით მთავრდება, რომ გადახდილი თანხა ამდენ დავიდარაბად და ნერვების შლად არ გიღირს და თავს ანებებ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ხშირად ერთ რაღაცას ვყიდულობთ და რეალურად მეორეს ვიღებთ.
ჩემი უცხოელი მეგობარი, რომელიც ძალიან ბევრს მოგზაურობს და თავის ცოლთან ერთად სულ საჰაერო ბუშტით გაფრენაზე ოცნებობდა (ეს კი მოგეხსენებათძალიან ძვირი სიამოვნებაა), მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ ამერიკულ საიტზე ძალიან მომხიბვლელ წინადადებას გადააწყდა და მიუხედავად იმისა, რომ კარგად იყო ინფორმირებული მსგავს მაქინაციებზე, ცდუნდა და ფასდაკლებითაც საკმაოდ მსუყე ფასიანი საოცნებო გაფრენა მეგობარ ცოლ-ქამართან ერთად შეიძინა. თავიდან თანხის გადარიცხვის, მერე რეგისტრაციის, ბოლოს გაფრენის დღის დაჯავშნის ვადების დარღვევაში დასდეს ბრალი, ედავნენ ხელშეკრულების თითო სიტყვაზე. სასამართლოში ჩივილის მუქარისა და 3 იურისტის ჩარევის შემდეგ თავისი შეცდომა აღიარეს და ახლა გაფრენის თარიღის დადგენაზე გააჩაღეს დისკუსია. ჯერ შუაგულ ქარიშხალში დანიშნეს - რასაკვირველია, გადაიდო.  მერე ზამთრის სეზონი აარჩიეს - როცა არ ფრინავენ და გარანტირებულად უნდა ჩაშლილიყო გაფრენა. ერთი სიტყვით, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თავად კლიენტს ეთქვა მათ მომსახურებაზე უარი, მოგეხენებათ, გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ჩემი მეგობარი გასაოცრად ჯიუტი აღმოჩნდა და კუპონის შეძენიდან 14 თვის თავზე 2 კვირის წინ გაფრინდა. თუმცა, გამიმხილა - იმათი ჯინი მაქვს და პრინციპის საკითხია, თორემ ისე გამაწამეს, აღაც ფრენა მინდა და აღარც საჰაერო ბუშტიო...
გულუბრყვიოდ მეგონა, რომ ჩვენთან, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს მთლად ამდენს ვერ გაბედავდნენ და ერთ მშვენიერ საღამოს, ძალიან მშიერ კუჭზე მეგობრებს შევუთანხმდი და  swoop.ge-ზე ბარი „ლუდვიგის“ კანჭის 40 ლარიანი მენიუ 24,5-ად შევიძინე, რომლის ვაუჩერიც, შემოთავაზებას თუ ვენდობოდით, ნახევარ საათში იმეილზე უნდა მომსვლოდა. რადგან შემოთავაზება დამთავრებული არ იყო, დაუყოვნებლივ მომსახურებისთვის საიტი ვაუჩერის ამობეჭდვას და ბარში წარდგენას მოითხოვდა. ამიტომ, მეგობრისთვის საჩუქრის გაკეთების სერვისით ვისარგებლე და ვაუჩერი იმ მეგობრის სახელზე ვიყიდე, პრინტერთან ყველაზე ახლოს ვინც იჯდა. თანხა დაუყოვნებლივ ჩამომეჭრა, ვაუჩერი კი არსად ჩანდა...
საიტზე ვრეკეთ, იმეილები ვუგზავნეთ, ფეხები ვაბაკუნეთ - პასუხს ვერ ვეღირსეთ. ბოლოს, "ფეისბუქზე" მათ გვერდს მივაკვლიე, რომელიც სხვათა შორის მსგავსი საჩივრებით სავსე იყო და ჩვენი გასაჭირი შევჩივლეთ - მოგეხენებათ, მგელივით გვშიოდა.
კომენტარში, სადავ ვწერდი რომ ვაუჩერი არ მომსვლია, „სვუპის“ წარმომადგენლებმა თავისი ჭკუით დამცინეს, კანჭს სახლში არავინ მოგართმევდათ, ბარში უნდა წასულიყავითო. იცოცხლე, მე გავცეცხლდი და იმათ დღე ვაყარე, მაგრამ რა ხეირი?! სამი დღის შემდეგ იკადრეს და წერილი გამოგზავნეს, რომ თურმე ვაუჩერს მეგობრისთვის თუ ყიდულობ, წინადადების დასრულებამდე ვერ ისარგებლებ - რაც არც საიტზე და არ შემოთავაზების პირობებში არ ეწერა: არ დავიზარე და ყველაფერი მისხალ-მისხალ ჩავიკითხე.
იმ საღამოს, რასაკვირველია, სხვაგან ვივახშმეთ და სანამ ვაუჩერი მოვიდა, რომელმაც შემოთავაზები ვადის გასვლის შემდეგაც კარგა გვარიანად დაიგვიანა, კანჭის ჭამის სურვილმაც გადაგვიარა. ბევრს აღარ გავაგრძელებ, კარგა ხანი გავიდა სანამ ვაუჩერი გამახსენდა და ერთ დღესაც მისი მოქმედების ვადის გადამოწმება მოვინდომე - „სვუპისგან“ მოსულ შეტყობინებაში შავით თეთრზე ეწერა, რომ იგი 29 სექტემბრამდე მოქმედებდა. რამაც ძალიან დამაეჭვა, იმიტომ რომ  კანჭის ჭამის ერთთვიანი უფლება აშკარად ივლისის ბოლოს შევიძინე. გადავრეკე და თურმე ნუ იტყვით, ჩემი ვაუჩერის ვადა 29 აგვისტოს მთავრდება, 29 სექტემბრამდე კი 40 ლარიან კანჭს თუ შევუკვეთავ, ჩემი უკვე გადახდილი 24 არ დამეკარგება და მხოლოდ სხვაობას მიანგარიშებენ. როგორ მოგწონთ? ოპერატორთან სამჯერ გადავამოწმე, რომ წინადადება 29 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებდა და სწორედ ამ დღეს დავთქვით "ლუდვიგში" სტუმრობა.
მივედით. სამი გოგო რომ დაგვინახეს, ჯერ ოფიციანტისთვის მისაღები მაგიდა ვერ მოინახა, ხან სად მიგვითითა, ხან სად, სანამ ჩვენთვის შესაფერისს მიაგნებდა. მერე ვიღაცის ნაჭამის ალაგებას და  მაგიდის გადაწმენდას ვერ ვეღირსეთ და როცა გადაწმინდა, ნამცეცებიც დარჩა და ხელებიც გვეწებებოდა ცხიმიანი მაგიდის ზედაპირზე. მენიუს სადღაც 15 წუთი ვუცდიდით... რაც იმის ბრალი იყო რომ საკმაოდ ხალხმრავალ ბარს ერთი, დაღლილ-დაქანცული გოგონა ემსახურებოდა, რომელსაც ჩვენი მისვლის მომენტითვის სუფრის ალაგება-დალაგების კი არა, მეტყველების ძალა და უნარი ქონდა წართმეული. სადღაც ნახევარ საათი ვერ მივიქციე მენეჯერის ყურადღება, რომელიც პარალელურად ბარმენობდა. როგორც იქნა, ვაუჩერი მივაჩეჩე ხელში და გაჩაღდა ვაჭრობა რომ კანჭი არ აქვთ და წინასწარ უნდა შემეკვეთა და აჯობებს ხვალ მივიდე. რაზეც ვუთხარი, რომ ხვალ ვაუჩერს ვადა გასდიოდა. აი, აქ ჩაიხედეს პირველად ვაუჩერში და აღმოაჩინეს, რომ იგი ოცდაცხრის ჩათვლით კი არა 29-მდე მოქმედებდა. ანუ, ისიც არ იცოდნენ რომ მათი აქცია საერთოდ დამთავრდა - მოგეხენებათ ვაუჩერი ერთთვიანი შეთავაზების ბოლო დღეს ვიყიდეთ.
ისეთი სახით ავდექით და კარისაკენ გავემართეთ, რომ შეატყვეს, ბარში დარჩენას და იქ ფულის დახარჯვა პრინციპულად რომ არ ვაპირებდით (წინასწარ შეძენილ საკმაოდ მარილიან და ცხიმიან მენიუს სასმელები წინდახედულად არ მოყვებოდა, რაც გარანტირებულად იძლეოდა დამატებითი ხარჯისა და ბარის შემოსავლის გარანტიას) დაგვეწივნენ და კანჭის სახვალიოდ მოტანას კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ. 
რამდენიმე წუთიანი ვაჭრობისა და ცალყბად ნათქვამი „ამაზე აუცილებლად დავწერთს“ შემდეგ, ჩვენი 40 ლარიანი კანჭის ოთხკაციანი მენიუს ნაცვლად ნეკნების ოთხკაციანი მენიუთი შეცვლა  შემოგვთავაზეს. რომელიც როგორც მერე ბარის მენიუში ვნახე, ზუტად ჩვენი გადახდილი 24,5 ლარის ფარგლებში ღირდა.
მართლაც ობიექტურად უგემრიელესი ნეკბები ოთხის ნაცვლად სამ კაცზე მოგვიტანეს და რასაკვირველია ლუდის ფულიც გადაგვახდევინეს, რომელიც აქციით დაპირებულ 40 ლარის გამასპინძლებაში იდეალურად ჯდებოდა. ამდენი დავიდარაბისგან მოშიებულ გულზე ისეთი ვქენით, საკუთარი მადის დღესაც მრცხვენია.
თანაც ჯადოსნურმა ფრაზამ „ამაზე აუცილებლათ დავწერთ“ (მერე, რა რომ არ იცოდნენ რას და სად ვწერდით), შეასაშური გავლენა იქონია - ოფიციანტი და მენეჯერი თავს ყველაზე საპატიოს სტუმრებივით გვევლებოდნენ, ყოველი ლუკმის მერე თეფშებს გვიცვლიდნენ, აზრს გვეკითხებოდნენ, გვეფერებოდნენ, გვიყვავებდნე და სიყვარულით სავსე სათნო თვალებით გვიღიმოდნენ...
თავად „ლუდვიგი“ ცალკე სტატიას იმსახურებს - ბევრი კარგი და რაღაც ცუდიც აქვს. მაგრამ ამაზე სხვა დროს, ნაკლებად აჟიტირებული რომ ვეწვევი მერე. მანამდე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენს მაგივრად იგივე სოციალური სტატუსის და შემოსავლის მქონე 3 ბიჭი რომ მისულიყო, იმათ ვერ გაუბედავდნენ კანჭი არ გვაქვსო.
შევიძენ თუ არა კიდევ მსგავს შემოთავაზებებს? აუცილებლად! ალბათ „სვუპში“ აღარ - პრინციპის საკითხია (არ უნდა დაეცინათ), მაგრამ სხვაგან - კი. ბოლოს და ბოლოს, თქვენთვის მოსაყოლი ისტორიები მაინც მექნება და მეტი არაა ჩემი მტერი, მე მაგათ რამე შევარჩინო...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


1 კომენტარი.:

  1. Pikria Aphkhaidze

    sashineleba taglitebi arian kvelani!!!

Post a Comment