ქათმის ესკალოპი

Approved by Mary Poppins


მორიგი უგემრიელესი კერძი გორდონ რამზის რეცეპტებიდან:

ქათმის ესკალოპი პამიდვრის სოუსითა და ჭარხლის ფოთლებით
4 პორცია
4 ცალი ქათმის გულმკერდის ფილე, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, 2 კვერცხი, 1 ს/კ რძე, 60 გრ ფქვილი, 200 გრ დაფქული ორცხობილა, ზეითუნის ზეთი, ერთი პატარა თავი ყველი მოცარელა (250 გრ რძიანი სულგუნით შეგიძლიათ შეცვალოთ), 50 გრ გახეხილი პარმეზანი
პამიდვრის სოუსისთვის: ზეითუნის ზეთი, 2 თავი ხახვი, დაახლოებით 250 გრ პამიდორი ჩერი, ½ ჩ/კ წვრილად დაჭრილი შაშკვლამის ან რეჰანის ფოთლები, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი
კარტოფილისთვის: 500 გრ კარტოფილი, 1 ჩ/კ ცხარე წითელი წიწაკის ფანტელები
ჭარხლის ფოთლებისთვის: 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 600 გრ ნორჩი ჭარხლის ფოთოლი
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. გავთალოთ და დავჭრათ კარტოფილი და მოვხარშოთ მარიალიან წყალში. გადავწუროთ და გადავდოთ გვერდზე. ქათმის ფილეები შუაზე ჩავჭრათ ჰორიზონტალურად, ოღონდ ბოლომდე ნუ გავჭრით და პეპლის ფრთებივით გადავშალოთ, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კვერცხი და რძე ავთქვიფოთ პატარა ჯამში. ორ თეფშზე  ცალ-ცალკე დავყაროთ ფქვილი და ორცხობილა. ამოვავლოთ ქათმის ფილეები ჯერ ფქვილში, მერე კვერცხში და ბოლოს, ორცხობილაში. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ქათმის ფილეები ორივე მხრიდან დავბრაწოთ გაოქროსფერებამდე, დაახლოებით 2-2 წუთი. გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ზეთისგან რომ დაიწუროს.
სოუსისთვის დავჭრათ ხახვი, პამიდვრები გავჭრათ შუაზე. გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი სქელძირიან ტაფაზე და მოვთუშოთ ხახვი და ნიორი. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება (დაახლოებით 2-3 წუთი) დავუმატოთ პამიდორი და შაშკვლამი. პამიდორი რომ დარბილდება, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
ქათმის ფილეები დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე და ზემოდან გავანაწილოთ პამიდვრის სოუსი. მოცარელა დავჭრათ ნახევარი სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად და ისიც ფილეებზე გავანაწილოთ. ზევიდან გახეხილი პარმეზანი მოვაყაროთ, მოვაწუწოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და შევდგათ ფახურებულ ღუმელში დაახლოებით 8 წუთით - სანამ ქათამი არ შეიწვება, ყველი კი გადნება.
კარტოფილს მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ წიწაკის ფანტელები. მოვაყაროთ მარლი და პილპილი და დავბრაწოთ ცხელ ტაფაზე. ცალკე ტაფაზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი, მოვთუშოთ ნიორი და დავყაროთ ჭარხლის ფოთლები. ვთუშოთ ფოთლების დარბილებამდე. გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოციან თეფშზე, ზედმეტი ზეთისგან რომ დაიწუროს.
ქათმის ესკალოპები დავალაგოთ თეფშეზე და მოვრთოთ დაბრაწული კარტოფილითა და ჭარხლის ფოთლებით.
მერე კი გემრიელად მივირთვათ!


 საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment