დატენილი ქათამი

Approved by Mary Poppins


დღევანდელი დღის მთავარი გმირი, ყველასათვის ნაცნობი, ფრთოსანთა ოჯახის ლამის ყველაზე გავრცელებული  წარმომადგენელი -  ქათამია. როგორ გამოიყურება ეს ფრინველი უმად, საინტერესო ნაკლებადაა, აქ მისი მხოლოდ „გარუჯულ“ სურათებს იხილავთ. ამიტომ საკუთარი თვალით გადახედეთ დახლებზე წარმოდგენილ პროდუქციას და თავად აირჩიეთ რომელი „ჩიტი“ გირჩევნიათ, „პარკიანი ცივილიზებული“ ანუ გაპუტული, გამოშიგნული და ა.შ. მაგრამ გაყინული,  თუ სერიიდან „სწავლა - აღმოჩენით“ და ლოზუნგით „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“ ადგილობრივი წარმოების არაგილიოტინირებული, ზოოვეტისთვის განკუთვნილი თვალსაჩინოება, რომელსაც ერთი კარგი თვისება გააჩნია, გალღვობას არ საჭიროებს.
აი, ისიც, ჩვენი "ფოტომოდელი"
არჩევანის გაკეთებისა და სამზარეულოში წინამოსამზადებელი პროცედურების ჩატარების შემდეგ მივხედოთ რეცეპტს, სადაც ქათმის გარდა სატენიც დაგვჭირდება. რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, რაც დამოკიდებულია გემოვნებაზე, სეზონზე და სახლში მოპოვებული პროდუქტების არსებობაზე. ჩემს ვარიანტში, დიდხანს არ მიფიქრია, ნახევრამდე მოვხარშე მიახლოებით ნახევარ ჩაის ჭიქაზე ოდნავ მეტი გრძელი ბრინჯი, წყალი გადავწურე, ხახვში და ერთ კბილ ნიორში მოვხრაკე სოკო, სადღაც ისიც 250-300 გრ, დავუმატე ცოტა კარაქი სოკოს გემოს დასარბილებლად, დავამარილ-დავაპილპილე, ტაფაშივე გადავურიე გადაწურული ბრინჯი, გავუსინჯე გემო და გასაცივებლად აივანზე გავიტანე. სანამ ქათამს „ვაწესრიგებდი“, ამასობაში ბრინჯიანი სოკოც გაცივდა და გაზქურის ღუმელის ჩართვის შემდეგ უშუალოდ ქათმის დატენვას მივჰყავი ხელი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სატენი ხომ ქათმის შიგნით უნდა აღმოჩნდეს. ამ მნიშვნელოვანი პროცედურის  ჩატარების შემდეგ, ქირურგადაც ვიმუშავე, შიგთავსი რომ არ გადმოცვენილიყო ქათამი საგულდაგულოდ გავკერე. ნემსი და ძაფის მაგივრად შეიძლება რამდენიმე (უხმარი) კბილის საჩიჩქნიც გამოიყენოთ. ხრაშუნა კანისთვის ზემოდან წავუსვი ერთმანეთში არეული 2 ს.კ. არაჟანი, 1 ს.კ. აჯიკა, 1 ს. კ. მარილი, 2-3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი და ნახევარი ლიმონის წვენის ნაზავი.
ბედნიერმა შევდგი უკვე გახურებულ ღუმელში საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე და სადღაც ერთი საათით დავივიწყე მისი არსებობის შესახებ. ამ დროის განმავლობაში ჩემი 2კგ 700 გრ დატენილი ქათამი ზემოდან შეიბრაწა. მადისაღმძვრელი სუნზე მეც სანახავად გავეშურე, დაგროვებული წვენი საგულდაგულოდ, ყველა მხრიდან გადავასხი, მსგავს „შხაპს“ ქათამს რაც უფრო ხშირად ჩაუტარებთ, მით უფრო ხრაშუნა კანს, და ნაკლებად გამომშრალ ხორცს მიიღებთ.
როგორ უნდა მიხვდეთ მზადაა თუ არა? ჩაარჭვეთ ჩანგალი ბარკალში, თუ გამჭირვალე წვენი გამოვიდა, ე.ი. მზადაა. ჩემმა ქათამმა 2 სთ. 30 წთ. გაატარა ღუმელში.
სუფრაზე მიტანამდე მზა ქათამს ძაფი (ან კბილის საჩიჩქნები) გამოაცალეთ. 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

1 კომენტარი.:

  1. Fluffy

    vaime isea agcerili mogshivdeba mgelivit:)

Post a Comment