Limoncello Chicken - ქათამი ლიმონჩელოში

Approved by Mary Poppins


ეს რეცეპტი ავსტრალიური შოუ „My Kitchen’s Rules”-დან „მოვიპარე“ და არც ვინანე, მანუ ფილდელისა და პიტ ევანსის მოწონებული კერძი მართლაც შესანიშნავი აღმოჩნდა

ქათამი ლიმონჩელოში ცუკინის სპაგეტით და დაბრაწული ბოსტნეულით
4 პორცია
ინგრედიენტები: 4 ცალი 180 გრამიანი ქათმის მკერდის ფილე თავისი კანით, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 50 გრ კარაქი, 350 გრ ქათმის ბულიონი, ცოცხალი მწვანილი მოსართავად
მარინადითვის: 4 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 1 ლიმონის ცედრა და წვენი, 12 ტოტი ლიმონის ქონდარა, 375 მლ ლიქიორი ლიმონჩელო, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი გემოვნებით
დაბრაწული ბოსტნეულისთვის: 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 8 ცალი ნორჩი სტაფილო გარეცხილი და გათლილი, 4 გაფცქვნილი ხახვი, 4 თეთრი ბოლოკი, გაწმენდილი და შუაზე გაჭრილი, 2 პატარა თალგამი, გათლილი და სიგრძეზე შუაზე გაჭრილი
ცუკინის (ჩინური ყაბაყი) სპაგეტისთვი: 2 ს/კ extra-virgin ზეითუნის ზეთი, 2 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 2 მუქი მწვანე ცუკინი დაჭრილი გრძელ და წვრილ, თხელ ჩხირებად, 2 ყვითელი ცუკინი დაჭრილი გრძელ და წვრილ, თხელ ჩხირებად, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ¼ ს/კ ლიმონის ცედრა, 2 ჩ/კ ლიმონის წვენი
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე.
ქათმის მარინადისთვის მარინადის ინგრედიენტები მოვათავსოთ საშუალო ზომის ჯამში. ჩავალაგოთ ქათმის ფილე და კარგად ამოვურიოთ. თავზე დავაფაროთ და შევდგათ მაცივარში 20 წუთით.
ბოსტნეულის შესაწვავად: საცხობ ფირფიტაზე დავასხათ ზეთი და გავაცხელოთ ღუმელში, დავალაგოთ ბოსტნეული, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კარგად ამოვგანგლოთ ზეთში და ვაცხოთ დაახლოებით 30 წუთი, სანამ არ გაყავისფრდებიან და არ დარბილდებიან.
ქათამი ამოვიღოთ მარინადიდან და შევაშროთ. გავაცხელოთ ზეთი და კარაქი სქელძირიან დიდი ტაფაზე და დავალაგოთ ქათამი კანით დაბლა. ვბრაწოთ დაახლოებით 2-3 წუთი თითო მხრიდან ან სანამ არ შეოქროსფერდება. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გადავიტანოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფირფიტაზე და შევდგათ ღუმელში 10-12 წუთით, სანამ კარგად არ შეიწვება. გადავაფაროთ და გავაჩეროთ 5 წუთი.
ქათმის შენაწვავ ტაფაზე დავასხათ მარინადი და მოვურიოთ. დავუმატოთ ბულიონი. წამოვადუღოთ. ვადუღოთ სანამ სოუსის კონსისტენციის არ გახდება. გადავწუროთ და შევინახოდ თბილად.
ცუკინის სპაგეტისათვის: გავაცხელთ ზეთი სქელძირიან დიდი ტაფაზე. დავყაროთ ნიორი. ვურიოთ სანამ არ დარბილდება. დავამატოთ ცუკინი და ვთუშოთ მორევა მორევით დარბილებამდე. დავუმატოთ დარჩენილი ინგრედიენტები.
ჭამის წინ: ცუკინი გავანაწილოთ 4 თეფშზე და ზემოდან შემწვარი ქათმის ფილე დავადოთ. გვერდზე მივულაგოთ ბოსტნეული და მოვასხათ ბლომად სოუსი. მოვრთოთ ცოცხალი მწვანილით.

რამდენიმე შენიშვნა:
1. ლიმონჩელო იტალიური ლიმონის ლიქიორია, რომელსაც ჩაცივებულად მიირთმევენ;
2. ლიმონის გემოს გასაძლიერებლად ქათამი მარინადში მთელი ღამით გააჩერეთ;
3. ცუკინის სპაგეტის შეცვლა ნამდვილი მაკარონითაც შეიძლება;
4. შეგიძლიათ საგარნირე ბოსტნეული თქვენი გემოვნებით შეცვალოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment