ქათამი მოლეს სოუსით - Mole Poblano

Approved by Natia Jinjolava


რაც არ უნდა კურიოზულად ჟღერდეს, ძალიან გავრცელებული და უპოპულარულესი მექსიკური კერძის რეცეპტს მსოფლიოს მეორე ბოლოში მოღვაწე ავსტრალიელი მზარეული ედრიენ რიჩარდსონი რეცეპტებიდან გთავაზობთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ  თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, რიჩარდსონმა რამდენიმე წელი მექსიკაშიც გაატარა და ჩემგან განხვავებით იქაურ სამზარეულოს მხოლოდ წიგნებიდან და ტელევიზორიდან არ იცნობს. ზოგადად კერძი კი მექსიკელი ინდიელების უძველესი ტრადიციებიდან მოდის და მისი თავდაპირველი ვარიანტი ქათმის ნაცვლად შოკოლადისა და წიწაკის სოუსმოსხმული ინდაურით მზადდებოდა.

მოლე პობლანო - ქათამი მოლეს სოუსში
4-6 პორცია
1 დიდი ქათამი ნაჭრებად დაჭრილი, 1 ნიახურის ღერო დაჭრილი, 1 სტაფილო დაჭრილი, მარილი, 1 ს/კ ბატის ქონი (შეგიძლიათ შეცვალთ ზეთით ან კარაქით)
სოუსი მოლესთვის: 1 წიწაკა ჩიპოტლე, 1 წიწაკა ანჩო, 1 წიწაკა მულატო (სამივე წიწაკა ხმელია და ამიტომ წინდაწინ ჩავალბოთ წყალში), 1 ჭ წყალში დამბალი ნუში,  1 ½ ს/კ სეზამის მარცვლები, 1  ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 1  ჩ/კ დაფქული მიხაკი, 1 ჩ/კ  დაფქული ხმელი ქინძი, 1 ჩ/კ დაფქული ვარსკვლავა ანისულა, 2 კბილი ნიორი მსხვილად დაჭრილი, ½ წითელი ხახვი მსხვილად დაჭრილი, 2 საშუალო ზომის პამიდორი მსხვილად დაჭრილი, 200 გრ მწარე შავი შოკოლადი (შოკოლადი 72% შემცველობით), 1 ს/კ ბატის ქონი
მოსართავად: 1 ს/კ სეზამის თესლი, 1 ს/კ ქინძის ფოთოლი დაჭრილი
ქათამი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავალაგოთ დიდი ზომის მდუღარე წყლიან ქვაბში მარილთან, სტაფილოსთან და ნიახურთან ერთად და ვხარშოთ 20-30 წუთი.
მოლეს მოსამზადებლად ბლენდერში მოვათავსოთ დამბალი წიწაკები, ნუში, სანელებლები, ნიორი, ხახვი, პამიდვრები და ვაქციოთ პიურედ. საშუალო ზომის ტაფაზე დავასხათ ბატის ქონი (თამამად შეცვალეთ კარაქით) და რომ გაცხელდება, დავუმატოთ ჩვენი სოუსი და ვხრაკოთ საშუალოზე დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, თან ვურიოთ. მერე ცეცხლი დავუწიოთ, ტაფას თავსახური დავაფაროთ და კიდევ 15 წუთი ვთუშოთ. დავუმატოთ დატეხილი შოკოლადი და ვურიოთ სანამ არ გადნება. დავაფაროთ თავსახური და კიდევ 5 წუთი გავაჩეროთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ქათამი რომ მოიხარშება, ამოვალაგოთ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე და შევაშროთ. მერე ტაფაზე გავაცხელოთ ბატის ქონი და ქათმის ნაჭრები ყველა მხრიდან კარგად დავბრაწოთ. ქათამი რომ შეოქროსფერდება მარილი მოვაყაროთ და კიდევ უფრო დავბრაწოთ. კრაწუნა ქათმის ნაჭრები დავალაგოთ ლანგარზე, მოვასხათ ჯერ კიდევ თბილი სოუსი, ზემოდან მოვაყაროთ სეზამის მარცვლები, მოვრთოთ ქინძის ფოთლებით და გემრიელად მივირთვათ!



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment