ქათმის ფლავი

Approved by Mary Poppins


კარი
ისე მოხდა, რომ ჩემმა ქათმის ფლავმა მისი გასინჯვის პატივის მქონე ნაცნობ- მეგობრებში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა და ყველა გაოცებული კითხულობს ასეთი უჩვეულოდ გემრიელი საიდან და როგორ გამომდის. ჩემი ფლავის „საიდუმლო“ მის ინდურ სანელებელში მდგომარეობს, რომელიც ოდესღაც მეგობარმა ჩამომიტანა ცეილონიდან და ბოლო ორიოდე წელია უკვე თბილისშიც იყიდება. ერთი სიტყვით, ჩემს ფლავს ხუთადხუთი უცვლელი ინგრედიენტი აქვს: კარაქი, ბრინჯი, ქათამი, მარილი და ინდური სანელებელი კარი. მისი დანარჩენი შემადგენლობა, სახლში არსებული პროდუქტების მიხედვით იზრდება და მცირდება და მათგან პრიორიტეტი ნიორს და ზეთს ენიჭება. ქათამს რაც შეეხება, არჩევანი თქვენზეა, ერთნაირად კარგი გამოდის მთლიანი ქათმიდანაც, ქათმის ბარკლითაც და გულმკერდითაც. უბრალოდ, ქათამი წინასწარ აუცილებლად შეწვით. ზოგადად, ნებიმიერი ქათმისშემცველი კერძი - სალათებიდან დაწყებული ჩახოხბილით და სუპებით დამთავრებული, ბევრად უფრო გემრიელი გამოდის, ქათმის ხორცს მოხარშვის ნაცვლად თუ შეწვავთ. და, კიდევ ერთი მომენტი: პირადად მე, ქათმის შემწვარ და კრაწუნა კანზე ვგიჟდები, მაგრამ ბევრს არ უყვარს და ამიტომ ფლავს სტუმრებისთვის თუ ამზადებთ, ქათამს რომ შეწვავთ მერე, კანი გააცალეთ (მე ძვლებსაც ვაცლი ხოლმე და მარტო ხორცს ვურევ, მაგრამ პორციული ნაჭრებითაც კარგად გამოიყურება). ერთი სიტყვით, ფლავის შინაარსობრივი და გარეგნული მხარეც მთლიანად თქვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
მე ფლავის ყველაზე „დიდარ“ ვარიანტს შემოგთავაზებთ თანმიმდევრულად, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი პროდუქტის ამოგდება შეიძლება - კარაქის, ბრინჯის, ქათმისა და კარის გარდა. ჯანდაბას, კარაქის შეცვლაც შეგიძლიათ ზეთით.

ქათმის ფლავი
6-8 პორცია
1 საშუალო ზომის ქათამი დაჭრილი ნაჭრებად, 1,5 ჭ გრძელი ბრინჯი გადარჩეული, 1 ხახვი წვრილად დაჭრილი, 2 საშუალო ზომის სტაფილო გახეხილი, 200 გრ შამპინიონები თხლად დაჭრილი, 2 საშუალო ზომის მწვანე ბულგარული წიწაკა კუბიკებად დაჭრილი, 1 პატარა ქილა დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 5 კბილი ნიორი თავისავე ტყავში, ½ ჩ/კ ცხარე წითელი წიწაკა, 1 ჩ/კ მარილი, 2 ჩ/კ კარი, 30 გრ კარაქი, ცოტაოდენი ზეთი
ქათამი გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, შევაშროთ და მოვაყაროთ მარილი. სქელძირიან და მაღალბორტიან ტაფაზე გავაცელოთ ცოტაოდენი ზეთი და დავბრაწოთ ქათმის ნაჭრები ორივე მხრიდან მუქ ოქროსფრამდე. შემწვარი ქათმის ნაჭრები გადმოვალაგოთ თეფშზე. მის შენაწვავ ტაფაზე კი დავაგდოთ კარაქი და მოვხრაკოთ ხახვი და ნიორი, სანამ ხახვი გამჭვირვალე არ გახდება, დაახლოებით 2 წუთი და თან ვურიოთ ხის ნიჩაბით და შევეცადოთ რომ ქათმის მინაწვავი ტაფის ფსკერიდან ავფხიკოთ. დავუმატოთ სანელებლები (მათი სუნი ცხიმმა რომ შეიწოვოს და არომატი ბოლომდე გაიხსნას), რომელთა ოდენობაც შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით გაზარდოთ ან შეამციროთ. (თუმცა, სანელებლების დამატება ბოლოშიც შეიძლება, ბრინჯი რომ მოიხარშება ნახევრად და ზუსტად რომ მიხვდებით რამე აკლია თუ არა). დავამატოთ სტაფილო და ისიც ვთუშოთ 2 წუთი, მერე დავამატოთ სოკო და ისიც 2 წუთი ვთუშოთ. დავუმატოთ ბულგარული წიწაკა და რასაკვირველია, ისიც 2 წუთი ვთუშოთ. დავამატოთ ბრინჯი და ვხალოთ 5-6 წუთი, თან ვურიოთ. რაც უფრო მეტია ბოსტნეული, მით უფრო მეტხანს იხალება ბრინჯი, მარტო ბრინჯს თუ ვხალავთ, ანუ მარტო ქათმის და ბრინჯის ვარიანტს თუ აკეთებთ, მაშინ  ტაფაზე გაცხელებულ ქათმის შენაწვავ ზეთსა და კარაქში ჩაყარეთ სანელებლები და ამ ცხიმში მოხალეთ ბრინჯი და ამ დროს 2-3 წუთიც ეყოფა. ურიეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მიიწვას. ბრინჯი გამჭვირვალე და ღია ოქროსფერი რომ გახდება, მოხალულია.
ბრინჯი რომ მოიხალება, დავუმატოთ დაკონსერვებული ბარდა, ქათამი, კარგად გადავურიოთ და დავასხათ წყალი ან ქათმის ბულიონი და მარილი, ისე, რომ წყალი ბრინჯს 1 სანტიმეტრზე ფარავდეს ზემოდან. დავახუროთ თავსახური და საშუალოზე დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ დაახლოებით 30-35 წუთი, ბრინჯის მოხარშვა და წყლის ამოშრობამდე. ნახევარი საათის შემდეგ ჩავხედოთ და ბრინჯსაც გავუსნიჯოთ გემო. საჭიროების შემთხვევაში წყლის დამატებაც შეიძლება და აუცილებლობის (ანუ სუნელების დამატების) შემთხვევაში  ფლავი მორევასაც იტანს.
მერე კი გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. კარი 17 ხვადასხვა სანელებლის ნარევია, რომლებსაც ყველა ფირმა ან გამყიდველი საკუთარი „რეცეპტის“ მიხედვით ურევს. ამიტომ მისი ფერი კვასკვასა ყვითელიდან (კურკუმის დიდი შემადგენლობა), მუქ ყავისფრამდე (ხმელი ქინძისა და ძირას დიდი დიდი შემადგენლობა) მერყეობს, მაგრამ გემო ყოველთვის დახლოებით ერთნაირი აქვს.  

0 კომენტარი.:

Post a Comment