ქათამი პორტუგალიურად

Approved by Mary Poppins


ქათამი პორტუგალიურად ავსტრალიელი შეფის, ედრიენ რიჩარდსონის რეცეპტებიდან განსაკუთრებულად კარგად სახლის გრილზე ან პიკნიკზე გაჩაღებულ კოცონზე გამოვა. მით უმეტეს, რომ ქათმის წინდაწინ ჩამარინადება და ისე წაღება შეიძლება. თანაც ასეთი კერძი მწვადის თუ ვერა, კოცონზე შემწვარი სარდელების შესანიშნავი ალტერნატივაა.

ქათამი პორტუგალიურად
1 მთლიანი ქათამი პორციებად დაჭრილი
მარინადისათვის: 1 ლიმონი ოთხად გაჭრილი, 1 ცხარე წიწაკა წვრილად დაჭრილი, 2 ს/კ შებოლილი პაპრიკა, 1 ჩ/კ დაფქული ძირა, 1 ჩ/კ დაფქული ხმელი ქინძი, 1 ჩ/კ ხმელი ორეგანო, 1 ჩ/კ პაპრიკა, 2 კბილი ნიორი დაჭრილი, 1 წითელი ხახვი მსხვილად დაჭრილი, 2 ტოტი როზმარინი დასრესილი, 3 ცოცხალი დაფნის ფოთოლი დასრესილი, ½ ჭ extra-virgin ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი
წიწაკის სალათისთვის: 3 ცალი დიდი ზომის წითელი ბულგარული წიწაკა, ½ ჭ extra-virgin ზეითუნის ზეთი, 1 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, ¼ ჭ ოხრახუშის ფოთლები უხეშად დაჭრილი, მარილი და პილპილი
გაწმენდილი და გარეცხილი ქათამი ნაჭრებად დავჭრათ და მოვათავსოთ ჯამში. დავაწუროთ ლიმონის წვენი და გაწურული ნაჭრებიც ჯამში ჩავაგდოთ. დავაყაროთ ორეგანო, დაჭრილი წიწაკა, შებოლილი პაპრიკა, ძირა, ხმელი ქინძი და პაპრიკა. დავუმატოთ ხახვი და ნიორიც. როზმარინი დავსრისოთ ხელში და ისიც დავუმატოთ. იგივენაირად მოვექცეთ დაფნის ფოთლებსაც. დავასხათ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში, ჯამს ცელოფანი გადავაფაროთ და მაცივარში შევდგათ 12-24 საათით. რაც უფრო მეტხანს, მით უკეთესი.
უკვე ჩამარინადებული ქათამი მოვათავსოთ გრილის ორმაგ, საკეტიან ცხაურზე ნიორთან, ხახვთან, ლიმონის ნაჭრებთან და წიწაკასთან ერთად. შემოვდოთ საცხობ ფირფიტაზე და შევდგათ 220°C-მდე გახურებულ ღუმელში (თუ სახლში ვაკეთებთ) ან მოვათავსოთ ზედადგარზე დაახლოებით 10 წუთით. მერე გადავატრიალოთ და მეორე მხრიდანაც ვბრაწოთ, სანამ არ შეიწვება.
წიწაკის სალათისთვის მთელ-მთელი ბულგარული წიწაკები ამოვგანგლოთ ზეითუნის ზეთში და შევდოთ 200°C-მდე გახურებულ ღუმელში (შეგვიძლია დავბრაწოთ ცეცხლზეც) 5 ან 10 წუთით, სანამ კანი არ დაუნახშირდება. გადავიტანოთ ჯამში და გადავაფაროთ ცელოფანი. გავაჩეროთ 5 წუთი და მერე დამწვარი კანი უპრობლემოდ გადაძვრება. გამოვავალოთ თესლი და სიგრძეზე დავჭრათ ჩხირებად. მოვაყაროთ ცოტაოდენი ოხრახუში, გადავურიოთ ნიორი, დავუმატოთ მარილი და პილპილი.
ქათამი დავალაგოთ ლანგარზე, მოვასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ ახალდაჭრილი ოხრახუშის ფოთლები და მივირთვათ სალათასთან ერთად.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment