ქათმის ქურდები - ინციდენტი სოფელ გლდანულაში

Approved by Mary Poppins


ადრეული გაზაფხულის სუსხიანი დილა იდგა, როცა ჯერ კიდევ ბინდით მოცულ  გლდანულაში განგაშის ზარმა შემოკრა: დიდი და პატარა სოფლის ერთ-ერთი ბინადრის საქათმეზე დაყენებულმა სიგნალიზაციის ხმამ გააღვიძა. საღამურებს, პიჟამოებსა თუ ოჯახურ საცვლებში გამოწყობილი სოფლელები ძილღვიძლში სახლებიდან გარეთ გამოეფინენ და ქათმის ორი უგერგილო გამტაცებლიდან ერთი გასკვანჩეს და პოლიციასაც გადასცეს.
იმ დროს სასამართლოში ვმუშაობდი და  ქათმების გატაცების მცდელობისთვის გამართულ კურიოზულ პროცესზე ბევრი ვიცინეთ, მაგრამ რაც მთავარი იყო, მოსამართლომ უიღბლო ქურდბაცაცა შეიბრალა და პროკურატურის მოთხოვნისდა მიუხედავად, პატიმრობის ნახცვლად მინიმალური ჯარიმა შეუფარდა და სახლში სასამართლო დარბაზიდანვე გაუშვა. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ მინიმალური ჯარიმა ჩვენთან 2500 ლარია და ჩახოხბილით პირის ჩატკბარუნების მცდელობა ჩვებს ქურდს ერთობ ძვირი დაუჯდა.
დიზაინერული საქათმე
ასე იყო თუ ისე, არც დანაშაული იყო ძალიან მძიმე და სახლში გაშვებული ყოფილი ბრალდებულებიც საამართლოს მიმართ ყოველთვის მადლიერები არიან და ამიტომ ჟურნალისტების მთელ ჯარს გავუკეთე მობილიზაცია და ჩვენს ქურდს პირდაპირ სახლში გავუგზავნე. მოგეხსენებათ, ნამდვილი „პიარშიკი“ თავის ობიექტს  თვითონ არ აქებს - სხვას აიძულებს მის შექებას.
პროკურატურის საბრალდებო აქტში მითითებულ ეჭვმიტანილის მისამართს ერთი კი დავხედე ეჭვის თვალით, დიდ დიღომში გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე წყვილი ნომრებით შენობები არ დგას-მეთქი (მაშინ ასე იყო), მაგრამ იქვე დავივიწყე და მშვიდად გავაგრძელე საქმიანობა. და, "ქათმების საქმეც" აღარც გამახსენდებოდა მეორე დღეს „რეზონანსის“ ჟურნალისტები რომ არ მწვეოდნენ: გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე სასურველი სახლი რომ ვერ უპოვიათ, იგივე მისამართზე პარალელურ ქუჩაზე გადასულან და კაცის ყოფილი ცოლისთვის მიუგნიათ.  
თურმე ნუ იტყვით, ჩვენი ქათმების ქურდი სახლიდან დიდი ხნის წინ გაპარულა და ცოლ-შვილი მიუტოვებია, რომლებმაც მისი ასავალ-დასავალიც არ იციან, მის ამბებს კი მხოლოდ მაშინ (ოღონს საკმაოდ ხშირად) იგებენ, როცა კაცი სხვადასხვა დოკუმენტებში თავისის ნაცვლად ყოფილი ცოლის მისამართს უთითებს და ხან გაავებული მევალეები და ხანაც ათასი ჯურის უცნაური ხალხი აკითხავთ...
ჯეიმი ოლივერის საქათმე
ისე მოხდა, რომ ჟურნალისტების ნაპოვნ კორპუსში ჩემი და ცხოვრობს. რასაკვირველია, დაუყოვნებლივ გადავრეკე გასარკვევად, შემთხვევით ქურდის ცოლს ხომ არ ვიცნობ-მეთი და ჩემდა სამწუხაროდ აღმოვჩინე, რომ ცოლს არა, მაგრამ მისი ერთ ერთი შვილი ჩემთვის კარგად ნაცნობი და ჩემი დის შვილის კლასელი და უახლოესი მეგობარი იყო, რომლის მართალია სახლიდან გაქცეული და უვარგისი, მაგრამ მაინც მამის, ძალიან სასაცილო, მაგრამ სამარცხვინო ისტორია პირადად გავავრცელე და ქვეყანას მოვდე. ძალიან შემრცხვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო - ქათმის ქურდობაზე სტატიები გაზეთებში დაწრილიც, გამოქვეყნებულიც და წაკითხულიც იყო...

საუკეთეო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment