ჩვენებური რივიერა

Approved by Mary Poppins


შარშან ზაფხულს, ერთ-ერთ სტატიაში ქართულ სააგარაკო კულტურას შევეხე - სუფთა ჰაერს დახარბებულმა თბილისში რომ უნდა აიბარგო და ვიღაცის ძუნძგლიან ან თუნდაც არაძუნძგლიან ოთახში საინკვიზიცოდ შექმნილ, ყოველგვარ დრეკადობას მოკლებულ  საწოლებზე ღამისთევის უფლების მოპოვებით გახარებულმა აქედან უნდა წაზიდო საბნებიც, ლეიბებიც, ტაშტიც და სარეცხის გასაფენი შპილკებიც. საბჭოთა პერიოდთან შედარებით, ოთახის, უკაცრავად, კოიკის გამქირავებელთა სექტორიც იძულებით მორჯულდა და სეზონურ დამსვენებლებს, მრავალწლიანი და დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, საკმაოდ პრიმიტიული, მაგრამ აბანოებიც მოგვიწყვეს. მერე, რა რომ ხშირად უნიტაზზე მოკალათებულს გვიწევს შხაპის მიღება... ახლა არ მითხრათ რომ ასეთი რამ არსად გინახავთ - 1 კვადრატული მეტრის ფართობის ტუალეტში რომაა უნიტაზის თავზე მიმონტაჟებული შხაპი. აღარ ვლაპარაკობ რომ ასეთი სველი წერტილები არ ნიავდება და პრაქტიკულად არ შრება. ქობულეთში ერთ-ერთი სასტუმრო ვიცი, რომელიც წლის მანძილზე ჩვეულებრივი პოლიკლინიკაა, ზაფხულობით კი ექიმები კაბინეტებს თმობენ და ქირავდება - ამიტომ პლასტიკატის სახელდახელო აბანო-ტუალეტის ბუდრუგანები შუა ოთახებში ჩადგეს საქათმეებივით და არ გეგონოთ რომ იქ დსვენება იაფი ღირდეს.
წაღვერის ხუთვარსკვლავიანი სატუმროს
ეზოს მიმდებარე ტერიტორია
აღარ ვლაპარაკობ წაღვერზე სადაც ჩვენი ღობის მეზობელი რაც თავი მახსოვს ოთახებს აქირავებს, მაგრამ მხოლოდ შარშან ააშენა ეზოში აბანო და ისიც მხოლოდ იმიტომ რომ პოტენციური დამსვენებლები არ დააფრთხოს, თორემ ქირას რომ აიღებს მერე ბანაობის უფლებას აღარ აძლევს - ბევრი დენი იხარჯებაო და დამსვენებლებსაც ჩვენთან მოყავთ ბავშვები დასაბანად - სანამ რაიმე ინფექცია შეეყარათ გვიშველეთო. მაგრამ 10 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ესეც პროგრესია - ხალხო, ბორჯომი ხეობაში დაბანის საშუალება გაჩნდა!
და კიდევ ერთი პროგრესი: დამსვენებლები მთის კურორტებზე ძველებურად გახეული ჩუსტებით და ბამბაზიის ხალათებზე შემოცმული ჟაკეტებით აღარ დადის. არა, უნიკალური ეგზემპლიარები დღესაც არიან, მაგრამ გამოპრანჭვის სურვილის ტენდენცია აშკარად შეინიშნება. თუმცა, აქაც მეორე უკიდურესობამდე მივედით, მთაში და ქვაღორღიან გზებზე 12 სანტიმეტრიან ქუსლებზე ამხედრებული და სპორტული შორტებით დავდივართ. ეტყობა სილამაზე მხვერპლს მართლა მოითხოვს, მათ შორის ფეხსაცმლისაც, იმიტომ რომ ქვიანი გზების მერე მისი ქუსლი აშკარად აღარ ვარგა. მაგრამ სილამაზეს "გამოსასვლელი" ფეხსაცმლის გარდა გემოვნებაც არ წყენს ხოლმე.
წაღვერის ცენტრალური ბირჟა
საბავშვო მოედანი
რაც შეეხება წლევანდელ ბათუმს, მანქანის მძღოლებისგან განსხვავებით, რომლებიც უგერგილოდ დაგებული უსწორმასწორო გზების გამო თავბედს იწყევლიან, მოზაიკურ ქვაფენილად ქცეული ქუჩები ვიზუალურად მოეწონა. თუმცა, უკიდურესად იღღოჩოღრო ლოდებით მოკირწყლული გზატკეცილები წარმომიდგენია მანქანას რას უშვება. ასეთი ქვაფენილი მიზანშეწონილია ტურისტულ ზონაში და არა ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზე, სადაც მოძრაობა არცერთი წამით არ წყდება. და, კიდევ ერთი: ბავშვობაში „ცეზარი“ გითამაშიათ? მოსახლეობა რომ ფერად-ფერად ქვაფენილიან გზას უგებ და იმათ უხარიათ. აი, ასე გვიხარია ჩვენც.
"წყერი"
შარშანდელი სტატიის მერე, გავილანძღე კიდეც - ბავშვობაში მშვენივრად ვისვენებდით, ნუ გაახურეო. ბავშვი იმის ბავშვია, რომ სადაც თამაშის და სირბილის საშუალებაა, ყველგან გაერთოს. მე დედების მწარე ბედზე ვწუხდი. და, ცხელი წყალის და რბილი ლოგინის მოთხოვნა რატომაა გახურება ვერ ვხვდები, თორემ გართობას რაც შეეხება - მე ბანკში, კომუნალური გადასახადების რიგშიც ვახერხებ გართობას, თუმცა ურიგოდ გადახდა აშკარად მირჩევნია.
ამიტომ, ამჯერად სიტყვიდან საქმეზე გადავალ და  ჩემი მონათხრობის საილუსტრაციოდ წაღვერის ცენტრის და ბედნიერი დამსვენებლების დაუღალავი გარჯის შედეგად ნაგვით გადავსებული წაღვერის პარკის სურათებს შემოგთავაზებთ.




წაღვერის  მთავარი მოედანი 












წაღვერის პარკი










ნაგავი წაღვერის პარკის შესასვლელში









ახალგაზრდა დედა, რომელმაც ბავშვს შუა პარკში მოაკუკინა და ახლა მისი ჰიგიენითაა დაკავებული










წყაროზე









წაღვერი







შეიძლება მართლაც იქცა ბათუმი ნიცად და ბორჯომი ბადენ-ბადენად  (ვითომ?!),  კარგით, მაგაზე არ ვდავობ, მაგრამ ნიციდან რომ გადიხარ, გზად კანი, მონტე-კარლო, ანტიბი და სხვა ფეშენებელური კურორტები გხვდება და არა სრულიად მოუვლელი წაღვერი, ცემი, დაბა და კეჩხობი. რაც არ უნდა კარგად გაარემონტო საკუთარი ბინა, ფანჯრიდან გადახედვის თუ გეშინია, ჰარმონიაში ვერ იცხოვრებ. თან მემგონი არაფერია იმაში ცუდი, თუ მინდა რომ მეც და ჩემი ხალხიც უკეთეს პირობებში ვისვენებდეთ და არა იქ, სადაც უალტერნატივობა გვაიძულებს. თუმცა, შვილი რომ სხვა ადამიანების ცხვირწინ არ უნდა გადააყენო და სადაც ჭამ და ისვენებ, ნაგავი იქვე არ უნდა დაყარო მაგას ვერანაირი ნიცა და კანი ვერ გვასწავლის. 


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

5 კომენტარი.:

  1. longi kipiani
    This comment has been removed by the author.
  1. longi kipiani

    ახლა ამ პოსტით წაღვერს უკეთებ ანტირეკლამას თუ ხალხის გამოსწორებას სცდილობ??

  1. longi kipiani

    ახლა ამ პოსტით წაღვერს უკეთებ ანტირეკლამას თუ ხალხის გამოსწორებას სცდილობ??

  1. longi kipiani

    ახლა ამ პოსტით წაღვერს უკეთებ ანტირეკლამას თუ ხალხის გამოსწორებას სცდილობ??

  1. Mary Poppins

    არც ერთი მქონია მიზნად და არც მეორე – უბრალოდ, ჩემი აზრია

Post a Comment