ქათამი მარილის „თაბაშირში“ ესპანურად

Approved by Mary Poppins


ასე ესპანეთში ტრადიციულად თევზს წვავენ, ზღვის მარილისა და ზღვის წყლის „თაბაშირში“ ამოქოლილს, ბრიტანელმა შეფ-მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა კი რეცეპტი გადააკეთა და უგემრიელეს ქათამს მიუსადაგა. მიუხედავად მარილის სიჭარბისა, ქათამი მლაშე არ გამოდი, სამაგიეროდ, ხორცი სინოტივესა და არაჩვეულებრივ სირბილეს იძენს. ზღვის მარილი კი ჩვენს აფთიაქები იყიდება, ოღონდ არომატიზატორებულს და შეფერადებულს ანუ კოსმეტიკურს ნუ შეარჩევთ, ნატურალური იყიდეთ.
მაშ, ასე:

ქათამი მარილის „თაბაშირში“ ესპანურად - ჯეიმი ოლივერის საავტორო რეცეპტი
3კგ ზღვის მარილი, 8 თავშედგმული ჩ/კ კამის თესლი, 2 ან 3 კვერცხი, 2 ლიმონი, 1 ს/კ პილპილის მარცვლები, 1 პატარა კონა ქონდარა (thyme), 1 პატარა კონა ოხრახუში, ზეითუნის ზეთი, 1 ცალი 2 კილოგრამიანი ქათამი, 8 კბილი ნიორი თავის ტყავში  ოდნავ დაჩეჩქვილი
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და შევაშროთ. ავიღოთ დიდი ჯამი და ჩავყაროთ მარილი, დანაყილი კამის თესლი, დაჩეჩქვილი პილპილი, ჩავატეხოთ კვერცხები და მოვზილოთ სათაბაშირე მასალა. საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ სულ ცოტა წყალი ან დამატებითი კვერცხი.
ცალკე დავნაყოთ ქონდარა და ოხრახუში, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის ცედრა და შევაზილოთ ქათამს რაც შეიძლება კარგად. რაც დაგვრჩება ქათმის შიგნით შევჩურთოთ ლიმონის ნახევრებთან და ნივრის კბილებთან ერთად. ასე ქათამი უფრო არამოტული გახდება, თან მისი "ღრიჭო" ამოივსება და მარილი შიგნით ვერ შეაღწევს. ავიღოთ ქათმის ზომაზე ცოტა დიდი ოთკუთხედი ტაფა და ფსკერზე ქათმის ზომაზე დავაფინოთ მარილის ნახევარი სანტიმეტრის სისქის ფენა, ზევიდან დავადოთ ქათამი და მთლიანად მარილით ამოვქოლოთ, ისე რომ აღარაფერი არ უჩანდეს. სველი მარილი ქათამს თიხასავით უნდა მიეკრას. ოღონდ, ძალიან ნუ დავაწვებით, ქათმის კანი არ უნდა გაიხეს. (გარანტირებულად კარგი შედეგისთვის, ქათამს შეგიძლიათ ალუმინის ფოლგა დაუფინოთ და მარილში რომ ამოვქოლავთ, მერე ფოლგაც შემოუკეცით, ფოლგაში გაახვიოთ, მაგრამ ეს დამატებითი ზომა სავალდებულო არაა.
ქათამს ირგვლივ მოხარშული კარტოფილი შემოვულაგოთ და შევდგათ ღუმელში მინიმუმ 2 საათით. გამოვიღოთ და ქათამი ცოტა ხანი ხელუხლებლად დავტოვოთ.
სანამ ქათამი "ისვენებს", დაბრაწული კარტოფილის გული კოვზით გამოვრუტნოთ ჯამში, დავუმატოთ კარაქი, მარილი და პილპილი, ცოტაოდენი არაჟანი და გავაკეთოთ პიურე. სალათა რუკოლას ფოთლები გავრეცხოთ, შევაშროთ, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ჩვენი სალათაც მზადაა. ერთმანეთში გადავურიოთ არაჟანი, გახეხილი პირშუშხა, მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და გავამზადოთ სოუსიც. ჩვენი გარნირიც მზადაა.
ახლა ქათმის ჯერიც დადგა - დავამტვრიოთ  „მარილის აკვანი“ და გამოვათავისუფლოთ ჩვენი ფრთოსანი. დავჭრათ და გარნირთან ერთად მივირთვათ!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment