სექტემბერი - ქათმის საერთაშორისო თვე ყოფილა. იცოდით?!

Approved by Natia Jinjolava


აღარ მახსოვს სად და როდის, მაგრამ სადღაც ნამდვილად წავიკითხე, რომ სექტემბერი ქათმის საერთაშორისო თვე ყოფილა. აბა, ასეთ „ღირშესანიშნავ“ მოვლენას ჩვენი ბლოგი როგორ გამოაკლდება  და დაუყოვნებლივ გადავწყვიტე, მთელი თვე ქათმებისთვის მიმეძღვნა.
არა, არც კვერცხების დადებას და არც კრიახსა და საბუდარის დადგმას არ ვაპირებ, მაგრამ გავიხსენებ ქათმებთან დაკავშორებულ ისტორიებს, რომლებიც ჩემდა გასაკვირად, ჩემი მრავალფეროვანი წარსულის გადამკიდე აღმომაჩნდა და ქათმის შესანიშნავი კერძების ნამდვილ კორიანტელს დავაყენებ.
ქათამთან ჩემი „ნაცნობობა“ კი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ძალიან ღრმა ბავშვობაში, ბებია-ბაბუასთან ზუგდიდში სტუმრობისას, სოფლიდან ჩვენს სანახავად ჩამოსულ ნათესავებს ჩემი, ანუ პატარა ბავშვის „გასახარად“ დაკოდილი მამლები მოყავდათ ხოლმე საჩუქრად. ნორჩს კი ის უნდა გამხარებოდა, რომ ღირსებაჩამორთმეული მამრი ფრინველი გასაოცრად ლამაზი და ფუმფულა ხდება. სხვათა შორის, ასეთი მამალი სამეგრელოში დაახლოებით 20-25 წელია აღარ მინახავს, არადა საკმაოდ გავრცელებული და ხშირი ტრადიცია იყო. ყვარულს (ასე ეძახიან ფრთოსან საჭურისს სამეგრელოში) ხომ გამორჩეულად რბილი და გემრიელი ხორცი აქვს. ალბათ, როგორც ბევრი სხვა საქმის, ცხოველების დაკოდვის მცოდნეების აღარ გვყავს.
ასევე სამეგრელოში, პერიოდულად ბაბუას მოყავდა ხოლმე ჩემთვის შინაური ცხოველივის მოვალეობის შესასრულებლად დედალ-მამალი ჯუჯა იაპონური ქათმები, რომლებიც გარეგნულად გაჩხიკინებულ და ასაკთან შედარებით ადრეულად დაღვინებულ წიწილებს უფრო წააგავდნენ.  როგორც ყველა ჩია კაცი, ჯუჯა მამალიც მთელი დღე სასაცილოდ იჭიმებოდა და წვრილ და გამკივან ხმაზე ყიოდა და ყიოდა. დასაკლავად ისინი არ ვარგოდნენ და მომდევნო სტუმრობისას აღარ მხვდებოდნენ ხოლმე - არასდროს არ დავინტერესებულვარ და დღესაც არ ვიცი სად მიყავდათ. ალბათ, ვინმე ახლობლის ბავშვს გადაულოცავდნენ სათამაშოდ. მე კი ქათმებზე მეტად მათი ერთი ბეწო კვერცხებით ვერთობოდი.
და ბოლოს, ღრმა ბავშვობიდან დღემდე, რამდენი თმას გავიკრიჭავ, რაც არ უნდა მოდური და მიმზიდველი მოკლე ვარცხნილობა დავიყენო - მამაჩემი ჯიუტად ჩინურ ყეტიტველა ქათამს მადარებს. 
ცოცხალ ქათამთან მეტი შეხება არ მქონია, სულ ეს იყო და ეს, მაგრამ, სამაგიეროთ სხვებს აქვთ. აე რომ, ეს ყველაფერი მხოლოდ შესავალი იყო - ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ადგილი უკავია ქათმებს ქართველ კრიმინალთა და სამართალდამცველთა ცხოვრებაში, მაგრამ ამაზე სხვა დროს...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment