ნაპოლეონი და ქათამი „მარენგო“

Approved by Mary Poppins


ოდესღაც ქათმის ეს კერძი იტალიის სოფელ მარენგოში ნაპოლეონს მიართვეს. საქმე იმაში გახლდთ, რომ მარენგოს შეტაკების შემდეგ ბრძოლისგან მადაგაღვიძებულმა იმეპარტორმა ტრადიციულად მოითხოვა საჭმელი და მისი შეფ-მზარეულიც იძულებული გახდა ხელთარსებული, მაშინდელი საზომით, მწირი ინგრედიენტებისგან რაიმე სწრაფი და ეფექტური შეექმნა. იმდღევანდელი პროვიზიის მარაგს ქათამი, რამდენიმე კვერცხი, პამიდორი, ხახვი, ნიორი, მწვანილები, ზეითუნის ზეთი, კიბორჩხალა და  ცოტაოდენი კონიაკი ნაპოლეონის პირადი მათარიდან შეადგენდა. მოხერხებული მზარეულიც დაფაცურდა: ქათამი ზეითუნის ზეთში დაბრაწა. კიბორჩხალისა და მოხარშული კვერცხისგან გარნირი მოამზადა, ზევიდან კი პამიდვრის, ხახვისა და ნიორის სოუსი მოასხა. ბრძოლამოგებულ იმპერატორს კერძი ისე მოეწონა, რომ იღბლიანად შერაცხა და მას მერე, მთელი საბრძოლო კამპანიის განმავლობაში, როგორც კი კიბორჩხალას ჩაიგდებდნენ ხელში, მზარეულს სულ მის მომზადებას (თანაც რეცეპტის ზედმიწევნით ზუსტად გამეორებას) ავალებდა.
თანამედროვე კერძიდან დროთა განმავლობაში კიბორჩხალა გაქრა, სამაგიეროდ ზეთისხილი და მწვანილები დაემატა.
მაშ ასე:

ქათამი „მარენგო“
1 ცალი 1,2 კგ-იანი ქათამი, ½ ჩ/კ ახალდაფქული თეთრი პილპილი, 125 მლ ზეითუნის ზეთი, 200 გრ შამპინიონები, 1 ლიმონის წვენი, 250 მლ ქათმის ბულიონი, 6 ანჩოუსის ფილე, 2 კბილი ნიორი, 1 ღერო ოხრახუში, 2 ღერო ქონდარა (thyme), ½ დაფნის ფოთოლი, 400 გრ პამიდორი, 12  ცალი შავი ზეთისხილი კურკაგაცლილი, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, მარილი
ქათამი გავრეცხოთ და დავჭრათ პორციებად. გავაშროთ და წავუსვათ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შამპინიონები გავრეცხოთ, გავაშროთ, დავჭრათ წვრილად და მოვაწუწოთ ლიმონის წვენი. გავაცხელოთ ქათმის ბულიონი. ანჩოუსის ფილეები დავჭრათ წვრილად. ნიორი გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილად. მწვანილი გავრეცხოთ, დავფერთხოთ და ძაფით შევკრათ კონად დაფნის ფოთოლთან ერთად.  დარჩენილი ზეთი გავაცხელოთ ტაფაზე და ქათმის ნაჭრები დავბრაწოთ კარგად ორივე მხრიდან დაახლოებით 10 წუთი. ტაფაზე ქათამს დავუმატოთ შამპინიონები, ანჩოუსები, ნიორი, მწვანილი და ცხელი ბულიონი, დავახუროთ თავსახური და ვთუშოთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 25 წუთი. პამიდორებს გავაცალოთ კანი და ყუნწეები და დავჭრათ კუბიკებად. დავუმატოთ ქათამს ზეთისხილთან ერთად და ვთუშოთ კიდევ 5 წუთი. გავფცქვნათ მოხარშული კვერცხები, დავჭრათ ძალიან წვრილად და ჭამის წინ მოავაყაროთ კერძს და მერე გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment