საფირმო ბლინები ქათმის ხორცით

Approved by Natia Jinjolava


დღეს ჩემს ერთ-ერთ საფირმო კერძს წარმოგიდგენთ, რომლის დეგუსტაციამაც ჩვენი კლუბის ერთ-ერთ შეკრებაზე წარმატებულად ჩაიარა.
პირველ რიგში დავაცხოთ ბლინები. 3 კვერცხი, ½ ლ წყალი, 1 ს/კ შაქრი, 2 ს/კ ზეთი და მწიკვი მარილი ერთმანეთში ავურიოთ და თანდათანობით ჩავაყაროთ ფქვილიც. იმდენი, ბლინის თხელი ცომი რომ გამოგვივიდეს. გავაჩეროთ 5 წუთი.
ბლინის საცხობი ტაფა (აჯობებს ტაფები - ასე უფრო მალე მოვრჩებით) გავავარვაროთ, დავასხათ ცოტა ზეთი და დავიწყოთ ბლინების ცხობა. ჩამჩით დავასხათ ცომი (იმდენი რომ ტაფა თხელ ფენად დაფაროს) და როგორც კი ერთი მხრიდან მოიბრაწება და ზედაპირი შეუშრება, თხელი ნიჩბით გადმოვიღოთ თეფშზე და ახლის ცხობას შევუდგეთ: დავასხათ ზეთი, ცომი, გადმოვიღოთ და ასე ცომის გათავებამდე.
ბლინები რომ გაგრილდება, მოვხარშოთ 1 ჭ ბრინჯი. ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ 1 კგ ქათმის ფილე. 1 ცალი ხახვი დავჭრათ წვრილად. 1 კბილი ნიორი დავჭყლიტოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ცოტაოდენი ზეთი და კარაქი, მოვხრაკოთ ხახვი და ნიორი, დავუმატოთ ქათმის ხორცი, ½ ჩ/კ პილპილი, მარილი გემოვნებით, ცოტაოდენი ხმელი ქინძი და ძირა. ქათამი რომ შეიწვება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავურიოთ ბრინჯი. ცოტა შევაგრილოთ და გავახვიოთ ბლინები - ცომის დაუბრაწავი მხარე გარედან უნდა იყოს.
ჭამის წინ დახვეული ბლინები ზეთისა და კარაქი ნარევში კარგად დავბრაწოთ ყველა მხრიდან.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბატი ტასიკო 

2 კომენტარი.:

  1. Nadwrażliwiec

    It looks on very interesting dish - I read this note by translator. Greetings from Poland! :)

  1. Natia Jinjolava

    Wow! first comment from abroad. Thank you! I have tried, it is really delicious :)

Post a Comment