ქათამის პარმეზანით - ამერიკული კლასიკა

Approved by Natia Jinjolava


Chicken Parmesan ანუ ქათამი პარმეზანით კიდევ ერთი ძალიან პოპულარული და გადაამერიკულებული იტალიური კერძია. დღევანდელი რეცეპტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კულინარიული ჟურნალი „bon appétit“-ის 2008 წლის სექტემბრის ნომრიდანაა და ცნობილი მზარეული მარიო ბატალის ნიუ-იორკის პიცერია „ოტოს“ თანამშრომლების ოჯახური კერძია, ანუ კერძი რომელსაც რესტორნის თანამშრომლების ყველა შეკრებაზე მიირთმევენ.

Chicken Parmesan
10 პორცია
პამიდვრის სოუსითვის: ¼ ჭ extra-virgin ზეითუნის ზეთი, 1 ¾ ჭ წვრილად დაჭრილი ხახვი, 4 კბილი ნიორი დასრესილი, ¾ ჭ ძალიან წვრილად გახეხილი სტაფილო, 3 ს/კ წვრილად დაჭრილი ქონდარას ფოთლები, 2  ცალი 800 გრამიანი ქილა დაკონსერვებული პამიდორი
ქათმისათვის: 10 ცალი კან და ძვალგაცლილი ქათმის მკერდის ფილე, 3 ჭ ახადაფქული პურის ნაფშვენები, 2 დიდი ზომის კვერცხი, 1 ჭ ფქვილი, 6 ს/კ ან ცოტა მეტი ზეითუნის ზეთი, 3 ჭ გახეხილი და კარგად დაწურული ახალი ყველი მოცარელა (შეგიძლიათ შეცვალოთ ახალი სულგუნით), 1 ¼ ჭ ახალგახეხილი ყველი პარმეზანი, 1 ¼ ჭ ახალგახეხილი ყველი პეკორინო რომანო, 2 ს/კ ახალდაჭრილი ოხრახუში, 1 ს/კ ახალდაჭრილი ცოცხალი მაიორანი
სოუსისთვი: საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი დიდი ზომის ტაფაზე. დავყაროთ ხახვი და ნიორი და ვთუშოთ სანამ ხახვი არ დარბილდება და გაოქროსფერდება, დაახლოებით 10 წუთი. დავუმატოთ სტაფილო და ქონდარა (ქონდარი არ გეგონოთ, ეს არის thyme, ხმელი იყიდება სუპერმარკეტებში და ყველაზე მეტად გავს ომბალოს), ვთუშოთ სანამ სტაფილო არ დარბილდება, დაახლოებით 5 წუთი. ჩავამატოთ პამიდორი თავისი წვენით. წამოვადუღოთ და პამიდვრები ჩავშალოთ ჩანგლით. დავუწიოთ ცეცხლს საშუალოზე ოდნავ დაბლა. ვათუხთუხოთ სანამ სოუსი არ შესქელდება და არ დავა დაახლოებით 5 ჭიქამდე, დახალოებით 1 საათი. ჩავაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
სოუსის მომზადება ერთი დღით ადრეც შეიძლება, გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე და შევინახოთ მაცივარში, გამოყენების წინ კი ისევ შევაცხელოთ.
ქათამისთვის: ქათმის ფილეები მოვათავსოთ ცელოფნის ორ ფენას შორის და დავბეგვოთ  და დავიყვანოთ 1 სმ-ს სისქემდე. ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და პილპილი. პურის ნამცეცები დავყაროთ თეფშზე. საშუალო ზომის ფართო ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი. ცალკე თეფშზე დავყაროთ ფქვილი. ქათმის ფილეები ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, მერე კვერცხში და ბოლოს, პურის ნამცეცებში (ან საფანელში).
გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. დავასხათ 2 ს/კ ზეთი ფართო ტეფლონიან ტაფაზე და შემოვდგათ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. ქათმის ფილეები ცალ-ცალკე დავბრაწოთ ორივე მზრიდან (თითო მხარეზე დაახლოებით 2 წუთი) ღია ოქროსფერ ფერს სანამ არ მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ ხოლმე ზეთი. შემწვარი ფილეები ლანგარზე დავალაგოთ. 38X25-ზე სმ და 10 სმ სიღრმის საცხობ ფირფიტაზე დავასხათ დაახლოებით 1 ჭ პამიდვრის სოუსი, ჩავაწყოთ ქათმის ფილეების ერთი ფენა. ზევიდან მოვასხათ კიდევ 2 ჭ პამიდვრის სოუსი. მოვაყაროთ მოცარელას, პარმეზანისა და პეკორინო ნახევარი. დავალაგოთ დარჩენილი ქათმის ფილეების კიდევ ერთი ფენა, მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ მოცარელა, პარმეზანი და პეკორინო. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ სანამ ყველი არ გადნება და ქათამი ბოლომდე არ შეიწვება, დაახლოებით 20 წუთი. მოვაყაროთ ოხრახუში და მაიორანი და მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment