ქათმის ხმით აკაკანებული მიწის ყივილი

Approved by Mary Poppins

ჯორჯიას და ფუნმის საქათმე

უკვე არაერთხელ მომიყოლია ისტორიები ჩემს მეგობარზე, რომელმაც დიდი ხნის წინ, 17 წლის ასაკში სოფლის სკოლის დირექტორის ინტელიგენტური ოჯახი რაც დატოვა, მას მერე ნახევარი დედამიწა და მსოფლიოს რამდენიმე უნივერსიტეტი მოიარა, დისერტაცია დაიცვა, რამდენიმე წიგნი გამოსცა და ამჟამად ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. ერთი სიტყვით, კარგა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ თოხი და ბარი ან ძროხი წველა მისი საქმე არ იყო და სწავლა-განათლება არჩია.
ინგლისელი სახლი მეპატრონე,
პირველად რომ დაინახა
თავის გარაჟში შესახლებული ქათმები
შემჩნეული მაქვს, რომ ასაკთან ერთად ბევრს უჩნდება სოფელში ცხოვრების და მიწასთან დაბრუნების ჰიპოთეტური სურვილი. ჰიპოთეტური იმიტომ, რომ ამ განზრახვის სირულეში მომყვანი ჯერ არავინ მინახავს. მაგალითად, მამაჩემი სულ იძახდა, რომ სიბერეს ბაბუამისის სოფელში გაატარებდა, ერთ ძროხას იყოლიებდა და ასე ტკბილად გაიყვანდა ბუკოლიკური იდილიით დამშვენებულ დღეებს მწვანე ბალახზე ხის ძირში წამოგორებული. აქვე გეტყვით, რომ მისი იდეალური პეიზაჟის აუცილებელი ატრიბუტი ძროხა - ყველაზე ახლოდან ტრასისპირა საძოვრებზე ყავს დანახული საკუთარი ავტომანქანის ფანჯრებიდან. კიდევ ერთი მეგობრის დედა, ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი ფირმის ბუღალტერი, რამდენი ჩათვლის რომ შვილის ყურადღება მოაკლდა, რაჭაში მიდის მარტდმარტო საცხოვრებლად და ხვეწნა-მუდარის და ფერების შემდეგ კიდევ ცოტა ხნით რჩება თბილისში.
თავიდან რომ ვახსენე იმ მეგობარს კი, მშობლიური სიმონეთის ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა გავლის სურვილმა სრულიად მოულოდნელად ლონდონში უწია. ოღონდ, სამართლიანობისთვის აღვნიშნავ, რომ მთლად თავისი ნებით არა. ერთ დღეს ნაცნობი ინგლისელი ბიჭი მიადგა საკუთარი ხელით შექმნილი ორადგილიანი საქათმით და სარფიანი ბიზნესპარტნიორობა შესთავაზა: ორ ქათამს გაჩუქებ, შენს გარაჟში ვაცხოვროთ, ერთად მოვუაროთ და კვერცხებს რომ დადებენ, გავიყოთო. საკუთარი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული ყმაწვილი ისეთ ეიფორიაში იყო, რომ ქათმების მომავალ „დიალოგსაც“ მონდომებით ასახიერებდა და მოულოდნელი წინადადების პირველი ეფექტით დაზაფრულ გოგოს იქვე გაუმხილა, რომ ქათმებისთვის სახელებიც კი ქონდა წინდაწინ შერჩეული - ჯორჯია (საქართველოს საპატივცემულოდ) და ფუნმი (ერთი ტაივანელი გოგოს ხათრით).
ლონდონელი მელა
ერთი სიტყვით, ბიჭს ყველაფერზე ეტყობოდა, რომ გაგებაში არ იყო ქათამი სინამდვილეში როგორია, შინაურ ფრთოსნებთან ნაცნობობის მქონე ჩვენებურ გოგოს კი კარგახანი ეჩვენებოდა, რომ ლონდონის კარგად ნასუქმა და გაზულუქებულმა მელიებმა ქათმის მომავალი მეპატრონე მასში მეორე დილასვე ამოიცნეს და თითეული მათგანი შესაშური მონდომებით ცდილობდა მისი სახლის გზის და საქათმის ადგილსამყოფელის  დამახსოვრებას.
მაგრამ თურმე ნუ იტყვით, მელიის სულ ტყუილად ეშინოდა, ახალბედა ფერმერებს დროთა განმავლობაში გაშინაურებული ჯორჯიას და ფუნმის ცხოველთა თავშესაფარში ჩაბარებამ მეზობლის მუქარის გამო მოუწიათ: ცხოველების მოყვარულმა ლონდონელმა დაასკვნა რომ გარაჟში ქათმებს ქათმური ბედნიერებითვის საკმარისი სანავარდო ტერიტორია არ აქვთ და მათი უფლებები ირღვა. ლონდონში ქათმის „ოფიციალურად“ ყოლის ნებართვას კი უამრავი საბუთი, ქალაქის მუნიციპალიტეტისა და ყველა მეზობლის თანხმობა და ათასი საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცედურა ჭირდება.
მაგრამ მთელი უბედურება ის გახლავთ, რომ ამასობაში გოგო ქათმებს ძალიან შეეჩვია. ერთი პირობა მათი სახლში გადაყვანაც კი სცადა, მაგრამ დანარჩენი მდგმურები აუჯანყდნენ - ქათმების ნივთებს ჩვენს აბაზანაში არ გაგარეცხინებთო. ასე, რომ იძულებული გახდა თავისი ვაი-მექათმე პარტნიორი მოეხმო და ლონდონის ქუჩებში ფეხზეთოკშებმულ სეირნობას მიჩვეული და გაქალაქელებული ქათმები საიდანაც მოიყვანა იქვე მიებრუნებინა. ყველაზე ნაღვლიანი კი ის იყო, რომ ჯორჯიამ და ფუნმიმ დიდი რუდუნებითა და სიყვარულით გამოჩარხულ საბუდარში ერთი კვერცხის დადებაც ვერ მოაწრეს - როგორც მითხრეს, ასაკი არ უწყობდათ ჯერ ხელს (ლონდონელი ვეტერინარების გათვლით, ეს ბედნიერი დღე ორი კვირის მერე უნდა დამდგარიყო).
ჯორჯია
- შენ კი იცინი, მაგრამ მე იცი, გული როგორ დამწყდა? ისე შევეჩვიე, ჯორჯიას იმდენს ვეფერებოდი, იმდენს ველაპარაკებოდიო. სიცოცხლეში პირველად, მიწა, ცხოველები და სოფელი მენატრებაო, - შემომჩივლა ამა წინათ მეგობარმა. თავიდან ცოტა გავიოცე, პრაქტიკულად კოსმოპოლიტ, საოცრად კონტაქტურ და თბილ გოგოს დამლაპარაკლების და მეგობრის დეფიციტი აშკარად არ უნდა ქონოდა. მაგრამ მერე მივხვდი: ჯორჯია ერთადერთი იყო, ვისაც  ლონდონში ქართულად ელაპარაკებოდა...
ამას კი გინდა ნოსტალგია უწოდე, გინდა მონატრება, გინდა მიწის ყივილი....

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

5 კომენტარი.:

  1. Pikria Aphkhaidze

    weldone!!! Great true story of my experience.

  1. Anonymous

    magaria:)

  1. Pikria Aphkhaidze

    ახლა გაამხსენდა, ის ბიჭი მეუბნებოდა-"ჯორჯიას" ქართულად ელაპარაკეო.და კიდევ შემომთავაზა, ქათმების სხვენზე გადამალვა. ძალიან გულდაწყვეტილი იყო და ეძებდა ყველა გზას რომ შეენარჩუნებინა ქათმები.მისი რჩევით, სასურველი იყო, ქათმები ბაღში შემოღობილში მარტო არ დამეტოვებინა, თუ მათ ჰაერზე გავიყვანდი, რადგან მისი თქმით, აქური მოსახლეობის უმრავლესობას ცოცხალი ქათამი არ ყავს ნანახი და დიდი იქნებოდა ცდუნება იმისა, რომ მოეპარათ ქათმები უბრალოდ სანახაობრივი ეფექტის ზემოქმედებით. მეორე გულუბრყვილო დაკვირვება, რაც მან გამდო ეხებოდა ძროხებს. მაგალითად,ძროხებს თურმე ყოველთვის მალავენ ინგლისელი ფერმერები და სპეციალურად რგავენ უზარმაზარ ხეებს ფერმის გარშემო რომ მახლობელ ცენტრალური გზებზე არ მოხდეს უზარმაზარი საცობების წარმოქმნა. როცა ვკითხე, რატომ უნდა წარმოიქმნას უზარმაზარი საცობი-მეთქი, მან აღნიშნა დიდის ამბით, რომ მანქანები გაჩერდებოდნენ და ყველანი გადმოვიდოდნენ თავიანთი მანქანებიდან ძროხების ახლოდან დასანახად. ეს გამოიწვევდა დიდ აურზაურს და უხერხულობას. ამიტომ თურმე ინგლისელი ფერმერები მალავენ ძროხებს და რგავენ ხეებს ფერმის გარშემო რათა ძროხები დაიფარონ ცნობისმოყვარე თვალებისგან.რატომღაც მე მეგონა მეტყოდა, იმიტომ მალავენ რომ ეშინიათ რძის მოყვარული ლონდონელები არ მიეპარონ და ჩუმად არ გამოწველონ როგორც "მე ვხედავ მზეშია", ან არ მოიპარონ ძროხები და დასაკლავად ყასაბისთვის მიუყვანონ. არა, თურმე მხოლოდ სანახაობრივი ეფექტის შიშით მალავენ ძროხებს.

  1. Pikria Aphkhaidze

    მკითხველებო მაპატიეთ, სწრაფად ავკრიფე ტექსტი და უამრავი სტილისტური შეცდომა გაიპარა.

  1. Mary Poppins

    ვაიმე, რამდენი ვიცინე ძროხებზეც - გლიჯავენ რა! მიყვარს ეგ ხალხი :) ოდესმე მაგ ისტორიასაც გამოვიყენებთ სადმე :)

Post a Comment