ქათმის ღვეზელი

Approved by Mary Poppins


1 კილოგრამიანი ქათამი (ან იგივე წონის  ბარკლები) შეწვით ან მოხარშეთ ნახევრამდე და მერე დაბრაწეთ, ჩამოაჭერით ხორცი (ვისაც სურვილი აქვს, კანიც გააძვრეთ),  და დაჭერით პატარა ნაჭრებად ან შემოქმედებითად მიუდექით და დაანაკუწეთ. გააცხელეთ ტაფა, დაუმატეთ ოდანვ ზეთი,  30-40 გრ კარაქი, წვრილად დაჭრილი ერთი დიდი  თავი ხახვი, 1 კბილი  დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი. მერე  დაუმატეთ ½ ან ¾ ჩაის ჭიქა მოხარშული გრძელი ბრინჯი, მარილი, წითელი წიწაკა ან მშრალი აჯიკა გემოვნებით. გულსართი ზედმეტად მშრალი რომ არ  იყოს, საჭიროების შემთხვევაში 2-3 ს.კ. წყალი ან ნახარში ჩაამატეთ და 1-2 წუთი კიდევ გააჩერეთ ცეცხლზე. შემდეგ გააცივეთ. ამ პორცია ფარშისგან საშუალო ზომის 22-25 ღვეზელი გამოდის.
გამოდგება ნებისმიერი არატკბილი ცომი: მინერალურ წყალზეც, მაწონზეც, ფენოვანიც, საფუარზეც. შეგახსენებთ ჩვენს ბლოგში გამოქვეყნებული  მეგრული ხაჭაპურის ცომის რეცეპტს:
ცომი: 0,5 ლ მაწონი და 100 მლ არაჟანი გადავურიოთ ერთმანეთში. ჭიქაში ჩავყაროთ 1 ჩ/კ საფუარი (ზამთარში და სიცივეში ცოტა მეტი ჯობია), 1 ს/კ შაქარი, ჩავასხათ 50 მლ თბილი წყალი, ამივურიოთ და გადავდგათ გვერდზე. ამასობაში მაწონს და არაჟანს დავუმატოთ 40-50 გრ დარბილებული კარაქი ან მარგარინი (მარგარინით უფრო ფუმფულა გამოდის), 150 მლ რძე ან წყალი და 1 ს/კ ზეთი. არაჟანი ან მაწონი თუ არ გაქვთ, ან ნაკლები ოდენობის გაქვთ, მაშინ გაზარდეთ კარაქის ან მარგარინის ოდენობა 100 გრამამდე და 250 მლ მაიონეზი დაუმატეთ. (მაიონეზიანი ცომი ბოლო პერიოდის მეგრული ნოუ-ჰაუა და გასაოცრად გემრიელი გამოდის. განსაკუთრებულად პიცას უხდება.) დავუმატოთ მარილი და 2-3 კვერცხი. ჩავასხათ აფუებული საფუარიც და დავიწყოთ ფქვილის შეზელვაც. ზამთარში ცომი უფრო ფაფუკი უნდა იყოს, ზაფხულისთვის უფრო მაგარი. ფქვილის რაოდენობას რაც შეეხება, სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ოდენობას იზელს. გავაჩეროთ თბილ ადგილას 1-2 საათით. მერე გადავზილოთ და კდევ ნახევარი საათი გავაჩეროთ. შემდეგ დავყოთ პორციებად და მოვამზადოთ ღვეზელი.
ღვეზელების ცომი უფრო დემოკრატიულია, იტანს ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის არ არსებობას.  ღვეზელების საფუარიან ცომში კვერცხი სასურველი, მაგრამ არა პირველი აუცილებლობის პროდუქტია. კარაქი შეიძლება ზეთით შეცვალოთ, რძის მაგივრობას წყალი უწევს. ერთი სიტყვით, რეცეპტი ექვემდებარება ვარირებას სერიიდან „სახლში რაც მოგეპოვებათ“. ღვეზელი იწვება, როგოც ტაფაზე, ასევე ღუმელში, 25-30 წუთი. ღუმელში გამოცხობის წინ ათქვეფილი კვერცხის გული 1 ს.კ. რძესთან ან წყალთან არეული გადაუსვით, სიპრიალესა და სილამაზისთვის. მერე კი გემრიელად მიირთვით.

კეთილი სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

0 კომენტარი.:

Post a Comment