ქათმის სტროგანოვი შებოლილი წიწაკით

Approved by Mary Poppins


ქათმის სტროგანოვს თავადაც ძალიან ხშირად ვაკეთებდი. საქონლის ხორცისაგან განსხვავებით, ქათმის ფილე ბევრად უფრო მალე მზადდება და სამსახურიდან მოსული ნახევარ საათში უკვე ახალმომზადებულ სარესტორნო კერძს მივირთმევდი ხოლმე. მაგრამ, გორდონ რამზის ქათმის სტროგანოვმა, ამ კერძზე ჩემი შეხედულება თავდაყირა დააყენა და ჩემს საკუთარ ვარიანტს მთელი „გლამური“ ერთი ხელის მოსმით ჩამორეცხა.
მაშ, ასე:

ქათმის სტროგანოვი შებოლილი წიწაკით გორდონ რამზისგან
4 პორცია
450 გრ ქათმის გულმკერდის ფილე წვრილ ჩხირებად დაჭრილი, 2 ს/კ დაფქული შებოლილი პაპრიკა, 50 მლ ზეითუნის ზეთი, 1 ხახვი წვრილად დაჭრილი, 3 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 1 მწვანე ბულგარული წიწაკა ჩხირებად დაჭრილი, 1 მუჭა ოთხად გაჭრილი პატარა შამპინიონები, 150 მლ ქათმის ბულიონი, დაახლოებით 75 მლ თეთრი ღვინო, დაახლოებით 50 მლ არაჟანი, დაახლოებით 70 გრ ნორჩი მწვანე ბარდის პარკი ბლანშირებული, ერთი მუჭა წვრლად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები
spätzle-ისათვის (გერმანული ატრია): 150 გრ ფქვილი, 1 მთლიანი კვერცხი და 1 კვერცხის გული ათქვეფილი, 45 მლ რძე, 45 მლ წყალი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ ახალდაფქული ჯავზის კაკალი, ცოტაოდენი კარაქი ზემოდან დასაგდებად
დავიწყოთ spätzle-ით: გავცრათ ფქვილი და დავუმატოთ ჯავზი და მარილი. კვერცხი და კვერცხის გული ავთქვიფოთ ერთდ და გადავურიოთ ფქვილში. რძე და წყალი ერთმანეთში ავურიოთ და თანდათანობით ვამატოთ ცომს, სანამ საკმაოდ სქელ პასტას არ მივიღებთ. ქვაბში ავადუღოთ წყალი. ქვაბზე შემოვდგათ თუშფალანგი და ცომი პორცია-პორციად გავატაროთ (შეგიძიათ გამოიყენოთ კარტოფილის პიურეს პრესიც). spätzle რამდენიმე წუთი ვხარშოთ, ქაფქირით თეფშზე ამოვიღოთ და გავაგრილოთ.
ქათმის ფილეს მოვაფრქვიოთ შებოლილი პაპიკა და დავამარილოთ. ცხელ ტაფაზე დავასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ქათმის ჩხირები ვბრაწოთ 2-3 წუთის განმავლობაში გაოქროსფერებამდე, მაგრამ მხოლოდ 3/4 -ით რომ იყოს მზად. ქათამი თეფშზე გადავიტანოთ და გადავდგათ გვერდზე.
იგივე ტაფაზე დავახათ ზეითუნის ზეთი და მოვთუშოთ ხახვი და ნიორი დარბილებამდე, დავუმატოთ ბულგარული წიწაკა და სოკო და ვთუშოთ კიდევ 3-4 წუთი. დავასხათ ღვინო და ქათმის ბულიონი და კარგად მოვურიოთ, ქათმისა და ბოსტნეულის მინაწვავი ტაფის ფსკერიდან ღვინოში რომ გაიხსნას. სითხე რომ წამოდუღდება და ცოტა ამოორთქლდება, დავუმატოთ არაჟანი და მოვურიოთ. ტაფაზე დავაბრუნოთ ქათამიც და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ (ძალიან თუ ამოშრა, ცოტაოდენი ქათმის ბულიონი დავუმატოთ). სულ ბოლოს დავუმატოთ ბლანშირებული (დამდუღრული) მაწვანე ბარდის პარკი და ოხრახუში.
ამასობაში ცალკე ტაფაზე გავადნოთ კარაქი. spätzle-ებს მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი და კარაქში დავბრაწოთ გაოქროსფერებამდე.
ქათმის სტროგანოვი მივირთვათ წინდაწინ გაცხელებულ თეფშებზე (ამისთვის თეფშები გახურებულ ღუმელში რამდენიმე წუთით შედეთ), ზემოდან spätzle-ები მოვაყაროთ და დაგემრიელად მივირთვათ!



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment