Baked Alaska - ბეზეში გამომცხვარი ნაყინი

Approved by Natia Jinjolava


დღეს ცხელის და ცივის კლასიკურ და განუმეორებელ შეხამებას - „გამომცხვარ ალიასკას“ გთავაზობთ. როგორც ამბობენ, ეს საყოველთაოდ ცნობილი და მეტად ეფექტური დესერტი (ამასთანავე ძალიან გემრიელიც),  პირველად მე-19 საუკუნის 60-იან წლებში პარიზში ჩინეთის დელეგაციის სტუმრობისას შექმნეს. თურმე ერთი ჩინელი მზარეული 1866 წელს პარიზის „გრანდ ოტელში“ შესახლებულა და მისთვის იქ უსწავლებია ფრანგ კოლეგას ცხელ ბეზეში ცივი ნაყინის მოთავსების მეთოდი. ნოვატორი მზარეულბის სახელები სიტორიას არ შემორჩენია, მაგრამ სამაიგეროდ, კარგადაა ცნობილი, რომ ამ დესერტს „გამომცხვარი ალიასკა“ 1876 წელს ნიუ-იორკში რესტორან „დელმონიკოში“ უწოდეს - ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ალიასკის შეძენის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ვახშამზე.  საყოველთაო აღიარება კი ამ კულინარიულმა შედევრმა სახელგანთქმული ფრანგი მზარეულის ჟან ჟირუას წყალობით 1895 წელს მონტე-კარლოში, სასტუმრო „ოტელ დე პარიში“ მოიპოვა.
დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მზარეულის, გორდონ რამზისეულ ვარიანტს შემოგთავაზებთ და ერთი რამეც გაითვალისწინეთ: „გამომცხვარი ალიასკა“ არ ინახება, ის დამზადებისთანავე უნდა მიირთვათ!
(4 პორცია) ინგრედიენტები: 120 გრ შაქარი, 2 კვერცხის ცილა, 1 ლიმონის წვენი, 1 ფირფიტა ჯანჯაფილიანი ბისკვიტი, 140 გრ ოდნავ დაჭყლეტილი ჟოლო, 2 ს/კ „Framboise“ (ჟოლოს ბრენდი), 4 ნაჭერი  6X7 სმ-ის კვარდატებად დაჭრილი მაღალი ხარისხის ნაყინი, 200 მლ ბრენდი
იატლიური ბეზეს დასამზადებლად პატარა ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავუმატოთ 2 ს/კ წყალი და დაბალ ცეცხლზე გავადნოთ, თან ერთი-ორჯერ მოვურიოთ. შაქარი რომ გადნება და სითხე დაიწმინდება, ცეცხლს მოვუმატოთ და წამოვადუღოთ. ვადუღოთ  3 წუთი ( ან შაქრის თერმომეტრით გავზომოთ სიროპი 120 °C-მდე როდის მივა). მანამდე, კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი ავთქვიფოთ ელექტრომიქსერით ან ხელის სათქვეფით. ბეზე კარგად რომ აითქვიფება, თქვეფის შეუწყვეტლად დავიწყოთ სიროპის ჩასხმა ძალიან წვრილ ნაკადად ჯამის კედლზე (შუაში ნუ ჩაასხამთ!) და ვთქვიფოთ კიდევ 10 წუთი მყარი, პრიალა ბეზეს მიღებამდე. გადავდგათ გვერდზე. ჯანჯაფილიანი ბისკვიტისგან ნაყინის ნაჭრების ანუ 6X7 სმ-ის ზომის  8 ცალი ოთკუთხედი გამოვჭრათ და 4 ცალი თეფშებზე დავალაგოთ (ნამცხვრის ასაწყობად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ფორმა). ზემოდან გავანაწილოთ ლიქიორმოსხმული ოდნავ დაჭყლეტილი ჟოლო. ამ ეტაპიდან, ნაყინი რომ არ დადნეს, პორციების მორთვა რიგ-რიგობით უნდა გავაგრძელოთ. ჟოლოზე ნაყინის ოთკუთხედი შემოვდგათ და ზევიდან ისევ ჯანჯაფილის ბისკვიტი დავადოთ. ბეზე საკონდიტრო კონვერტში მოვათავსოთ და გამზადებული ნამცხვარი თავზე და გვერდებზე ბეზეთი მოვრთოთ. ნამცხვარი საყინულეში მოვათავსოთ და დანარჩენი ულუფებიც დავამთავროთ. ყველას რომ გავამზადებთ, საყინულიდან გამოვალაგოთ და სპეციალური სანთურათი დავბრაწოთ, ოღონდ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ბეზე არ დაგინახშირდეთ. და ბოლოს, ფლამბე: ბრენდი ცეცხლგამძლე სარძევეში ჩავასხათ, ცეცხლი წავუკიდოთ და ნამცხვრებს გადავასხათ. ალბათ ხვდებით, რომ ბოლო ეტაპი გაოცებული სტუმრების თვალწინ უნდა განვახორციელოთ.
ცეხლი რომ ჩაქრება, გემრიელად მიირთვით!



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment