დუდუ დუდუ, აბა, ჩქარა! მოდის, მოდის, აბეზარა!

Approved by Mary Poppins


დიდი ხნის წინ, კომუნისტების დროს წელიწადში ერთხელ თუ ორ წელიწადში ერთხელ, ზუსტად აღარ მახსოვს,  ტრასაზე უსაფრთხოდ მგაზვრობის დეკადები ტარდებოდა ხოლმე და ათი დღის მანძილზე საქართველოს მთავარი მაგისტრალი, როგორც მაშინ ვფიქრობდი, ძალიან სასაცილო შინაარსის პლაკატებითა და ლოზუნგებით ირთვებოდა ხოლმე. მაგალითად რიკოთის უღელტეხილის დაკლაკნილ გზას ყოველთვის ამშვენებდა უზარმაზარი წარწერა: „მძღოლო, წინ საშიში მოსახვევია!“, უკვე ზესტაფონისკენ კი: „მამებო და ქმრებო, გახსოვდეთ რომ ოჯახში გელიან!“ იყო გამოკრული. დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ მაინცდამაინც არ ტყუოდნენ. რამდენიმე წლის წინ, გორის გადასახვევთან (ამბობენ, რაღაც ადგილია, სადაც ფრთხილად თუ არ იქნები, საშიშიაო) ზედმეტად სწრაფად მომავალი ახალგაზრდები ამოტრიალდნენ და ხუთი მგზავრიდან ოთხი დაიღუპა. ხდება ხოლმე, რას იზამ, მაგრამ იცით რაშია საქმე? ის მეხუთე, გადარჩენილი მომდევნო წელიწადნახევრის მანძილზე იმავე ადგილას კიდევ ორჯერ დაიმტვრა. ბედისწერააო, იტყვით. არა, ბატონო, ამას უტვინობა ქვია. ყველას გონია, რომ ცუდი სხვებს ემართებათ, თორემ თვითონ საჭეს კარგად ფლობს. სხვათა შორის, უადგილო ადგილას (ანუ ყველგან და ყოველთვის) მაღალი სიჩქარე და საკუთარი თავის მეტისმეტი რწმენა გამოუცდელი მძღოლობის პირველი ნიშანია - ასე ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მაგრები არიან. 
ერთი ჩემი მეგობარი ამას წინათ ხალისით იხსენებდა: „ქორწილში ოთხნი მივდიოდით და თან გზაში ვსვამდით, სადღაც რიკოთის გზაზე ხევში გადავვარდით და წყალში კოხტად ჩავჯექითო. მდინარე მაინცდამაინც ღრმა არ იყო, არავინ დაშავებულა და ადვილად ამოვედით. მერე ვიღაცას გაახსენდა, რომ წინ მჯდომს ფეხებშუა ოცლიტრიანი ბოცით ღვინო ედგა, ჩავყვინთეთ - ვა, მთელი დაგხვდა, დავსხედით და ვიქეიფეთ, გადარჩენა ხომ უნდა აგვეღნიშნაო. ამასობაში, ამწეკრანი მოვიდა, მანქანაც ამოიყვანა და გასაშრობად დააგდოო. ღვინო რომ გაგვითავდა, მართალია სველი და ჩანაძირი მანქანა არ იქოქება, მაგრამ რომელიღაცამ თქვა, ხომ არ გვეცადაო და ... საოცრება მოხდა - მანქანა დაიქოქა. ჩავხტით და გზა გავაგრძელეთ, ოღონდ ისეთი მთვრალები ვიყავით, შორს ვეღარ წავედით, მოსახვევში ვერ შევედით და მალევე გადავეშვით მდინარეშიო...“ საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მაგრამ როგორც ხვდებით, ქორწილამდეც ვერ მიაღწიეს. იგივე „სასტავი“ რაჭიდან მოდიოდა კვლავაც შეზარხოშებულ მდგომარეობაში - გადავარდნენ, ამოვიდნენ, ხომ უნდა აღენიშნათ და უკან მოტოვებულ რესტორანში დაბრუნდნენ. მერე განაგრძეს: „აბა, აბა სად გადავვარდით, ეს ადგილი ხომ იყოო“ და ისევ გადავარდნენ. ამოვიდნენ, გაბრუნდნენ აღსანიშნავად... და ზუსტად იგივე ადგილას მესამეჯერ და საბოლოოდ გადაფრინდნენ - ამჯერად მანქანა აღმოჩნდა ყველაზე ჭკვიანი და გონიერი და უკან აღარ ამოვიდა და ალბათ სიცოცხლეც შეუნარჩუნა ახალგაზრდებს... მოდით, გულწრფელად თქვით, სასაცილოა? ისეთიც ბევრი ვიცი, სიმთვრალისგან ერთი ლამპიონი ორად რომ მოჩვენებია, შუაში გასვლა მოუნდომებია და შედეგად ზედ აღმოჩენილა. არაფერია საჭეზე ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომაზე დიდი უკულტურობა. დააყენე ეს მანქანა და იარე ტაქსით და ტაქსის ფული თუ არ გაქვს - დარჩი სახლში, ნურც თავს იღუპავ და ნურც სხვას ერჩი! მაგრამ კიდევ უფრო დიდი უგუნურებაა გაუმართავი ან მომსახურების ყველა ვადაგასული მანქანით დასახლებულ ადგილას, ხალხმრავალ ქუჩაში ან მიხვეულ-მოხვეულ გზაზე სწრაფად სიარული.
ბევრი ამაყობს, ხოლმე რომ მისი მანქანა 100 კმ/სთ-ს 6-7-8.. და ა.შ. წამში კრიფავს. ძალიან კარგი, მაგრამ მე სხვა კითხვა მაქვს, დამუხრუჭების მერე რამდენ წამში და რამდენ მეტრში ჩერდება თუ იცით? მემგონი, კისერი რომ არ მოიტეხო და არც სხვა იმსხვერპლო ეს უფრო მნიშვნელოვანია.
საზღვარგარეთ ყოფნისას განსაკუთრებულად ერთი რამე მომხვდა თვალში: რა თქმა უნდა, თბილისში რომ არ დაგვსიზმრებია, ისეთი ძვირფასი ეგზემპლიარიც ბევრი ვნახე მაგრამ ხალხის მასა ახალი, ოღონდ საკმაოდ ეკონომიური და იაფფასიანი მანქანებით მოძრაობს. ანუ, მილიონერების გარდა, არავინ იხდის გადაადგილების საშუალებაში საჭიროზე მეტს. ბევრი ქართველისგან განსხვავეით, ის მანქანა ყავთ, რომლის ბენზინსა და რემონტის ხარჯებსაც აუდიან. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: იმ კაცის ასე და ისე, მანქანაში 10 ათას დოლარზე მეტს რომ გადაიხდის და მერე ელიავაზე დადის მეორადი საბურავების შესაძენად ან ბენზინის ფასზე წუწუნებს! თუ ვერ ქაჩავ გადაჯექი უფრო ეკონომიურზე და ოჯახსაც შეარგე და შენც შეირგე. ასეთ დროს, სულ ჩემი ძველი სამსახური მახსენდება ხოლმე, სადაც უმეტესობას ძალიან დაბალი ხელფასი ქონდა. ბევრს ერთადერთი ხელი ტანსაცმელი გააჩნდა, ნაქირავებში ცხოვრობდა და ვალებში იხრჩობოდა, მაგრამ ბოლო მოდელ და უგონოდ ძვირიან მობილურს ყიდულობდა. მარიაჟობა გვიყვარს ქართველებს და რა ვქნათ?! მაგრამ ვის ვატყუებთ? დაჟანგებულ „იაგუარს“ არ ჯობია, ახალი და გამართული „ფორდი“ ან „პეჟო“ გყავდეს?
ახლა ერთი რჩევა თუ იდეა, სხვებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მოყვარულებისთვის: არის ორი მეტად იაფიანი და საინტერესო მანქანა - „Toyota MR2„ და „Ranault“. თავისთავად მოდელებიც ლამაზია, მაგრამ ორივეს ერთი ძალიან საინტერესო თვისება აქვს, გარეთა ნაწილები ლეგოს კონსტუქტორივით ადვილად ეხსნება და მათ გაშიშვლებულ ძარაზე ნებისმიერი ძვირადღირებული მანქანის აწყობა შეიძლება. ანუ, მანქანას პლასტიკური ოპერაცია უკეთდება და შედეგად „ფერარის“, „პორშის“, „ლამბორგინის“ ან „ფორდ მუსტანგის“ ტყავში გამოწყობილ „ტოიოტას“ ღებულობთ და თუ მაინცდამაინც კაპოტის ახსნას არ მოგთხოვენ, თქვენ გარდა არავის ეცოდინება ამ პატარა ეშმაკობის შესახებ. ასეთ მანქანებს „Kit Car“-ები ქვია და სულ რაღაც ათი ათასად ასიათასიანი მანქანის პატრონი გახდებით - უფრო მეტიც, შეიძლება რამდენიმე მოდელის „კიტები“  გამოიწეროთ ინტერნეტით და მეზობლებისა და მოშურნეების გულის გასახეთქად, კვირაში ერთხელ ნამეტანია და ყოველთვე კი ცვალოთ. თან, კიტების მთელი მუღამი იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი ხელით აწყობაზეა გათვლილი და განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს - ყველაფერს ყუთებში აკურატულად ჩაწყობილს და მისამონტაჟებლად გამზადებულს მოგართმევენ, მხოლოდ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: საბარგულში ანუ უკანმოტორიანები „ტოიოტაზე“ იწყობა, კაპოტში ანუ წინმოტორიანები კი „რენოზე“.
ალბათ უკვე ხვდებით, რომ  სტატიას რომ ამშვენებს ამ სურათებზე ორიგინალების ნაცვლად სწორედ კიტებია გამოჭიმული - არავითარი განსხვავება. სცადეთ, ააწყვეთ, ხელსაც გაიწაფავთ და ოცნების მანქანაც გეყოლებათ. დრაგზე დადგომას თუ მოგთხოვენ, არ დაიბნეთ, თქვით, რომ აქაურ გზებზე არ აფუჭებთ და თუ მაინცდამაინც გამოგიჭირეს ტყუილში, თბილისში პირველი კიტის პატრონი მაინც ხომ იქნებით და ესეც სახელია. წარმატებებს გისურვებთ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment