ქართველები ზღვაზე

Approved by Mary Poppins



იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ მეგულება ადამიანი ზღვა არ უყვარდეს. არიან ისეთები, ვისაც ზღვაზე სიცხეში დასვენებას მთა ურჩევნია, მაგრამ არავინ მეგულება ისეთი, ვისაც ზღვის დანახვაზე უნებურად არ გაეღიმოს და განწყობა ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ აუმაღლდეს. მართლა ძალიან მიყვარს ზღვა და ყველასი მესმის ვინც ნებისმიერ პირობებზე თანახმაა, ოღონდ ზღვის ნაპირზე მოხვდეს და წელიწადში ერთხელ მაინც მიიღოს რელაქსაციისა და სულიერი სიმშვიდის კუთვნილი დოზა. წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩემს
უსაყვარლეს ნაპირს - კვარიათს ვესტუმრე და მშვენიერი ათი დღე გავატარე. ზღვა - გამაოგნებელი, სანაპირო - არაჩვეულებრივი, დამსვენებლები - გამორჩეული და შეზლონგებიც და მომსახურებაც აჭარის სხვა კურორტებთან შედარებით ასატანი და პერიოდულად კარგიც კი. მაგალითად, ბათუმში თუ შეზლონგი დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში, თუნდაც მინიმალური დროით და ყველანაირ ამინდში „ოთხი ლარი, დააა“ ღირდა და საღამოს ცხრა საათზე, ნაწვიმარზე ვერაფრით ვუხსნიდი, რომ ტყუილად მდგარ „საქონელს“ ჯობდა ნახევარ საათში ორი ლარი მაინც მოეტანა, კვარიათსა და სარფში უფრო პრეტენზიულ „კლიენტებთან“ ურთიერთობაში გამობრძმედილი „პლიაჟის ბიზნესმენები“ თავად გთავაზობდნენ ფასდაკლებას.
რაც შეეხება კაფეებს და საჭმელს კვარიათის კონტინგენტი აქაც გამოირჩეოდა ბათუმისგან. კაფე „რაკუშკაში“ (დიახ, დიახ რაკუშკა და არა ნიჟარა, არაფერს ვურევ! მაგრამ, პრინციპში, თბილისში მაღაზიას თუ შეიძლება ერქვას „სმაილი“, რატომ არ შეიძლება კაფეს ერქვას „რაკუშკა“?!), საჭმელთან ერთად მენიუ ჭკუა-დარიგებებითაც უხვად გიმასპინძლდებათ: „არასდროს არ იკითხოთ - მალე იქნება?? რადგან ვინც აჩქარებით ჭამს და სვამს დიდხანს ვერ იცოცხლებს“ (ციტატა მენიუდან, პუნქტუაცია დაცულია). შენ დროზე მომიტანე და რამდენ ხანში შევჭამ ჩემი საქმეა. გონებამახვილური გამონათქვამებითა, „კვარი-10“-ებითა და „კოტ-лето“-ებით დამშვენებული მენიუს გარდა, დამსვენებლებს შეუძლიათ კედლებზე გამოფენილი ნათია ბოლქვაძის ტილოებით - „ლაზი მეთევზე“, „ზაფხული - თუთიყუში“, „მზესუმზირები“, იქვე გამოკრული თანამედროვე პოეზიის „ღირსეშანიშნაობებითა“ და ჭერზე ჩამოკონწიალებული გადამხმარი და ნახმარი ფრჩხილების ლაქებისა და პომადის ყუთებისგან შექმნილი ჭაღების ცქერითაც დატკბეს. პირველ ჯერზე ნამდვილად გაერთობით და თავად საჭმელსაც არაუშავს.

ბათუმური დაცვის ფირმა „Victoria Security”-ის (არ მოგეჩვენათ, მეც ძალიან ბევრი ვიცინე და დაცვის ბიჭსაც უამრავი ვეხვეწე, ლოგოს გადაღების ნება მაინც დაერთო. მაგრამ მკაცრი უარი მივიღე, აშკარად მიგზავნილად ჩამთვალა, მის საეჭვო პირთა სიაში მოვხვდი და მერე მთელი დღე ირგვლივ საახალწლო ნაძვის ხესავით მარტყამდა წრეებს ჩემგან „გარდაუვალი“ დივერსიის მოლოდინში) მახვილი და დაუღალავი ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშ მყოფ „საზანდარში“ წვიმას შეგიძლიათ შეაფაროთ თავი და მიირთვათ საკმაოდ გემრიელი ხაჭაპური ან კარტოფილი ფრი, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თქვენ გვერდით სკამზე შეიძლება ქუჩასავით კოკისპირულად წვიმდეს. ჩემი აზით, სრულიად უსარგებლო დაცვისათვის ფულის გადახდას რამდენიმე ადგილზე დაცხრილული ჭერის შეკეთება სჯობდა, მაგრამ რესტორნის მესვეურებს აშკარად სხვა პრიორიტეტები აღმოაჩნდათ.
კაფე „ნეპტუნში“ (და კვარიათის სხვა კაფეებშიც), ერთი საოცარი აღმოჩენა გავაკეთე: ყველით გაძეძგილი უზარმაზარი ხაჭაპური ექვსი ლარი ღირს, ლუდი „ყაზბეგის“ ჭიქით მორთმეული სრულიად უგემური 1 ჩ/კ ყავა „პელე“, 2 ჩ/კ შაქრისა და 1 ს/კ ვანილის ნაყინისაგან დამზადებული ცივი ყავა კი შვიდი. მე პირადად ამაში ვერანაირ ლოგიკას, ბიზნესგანჭრიახობას ან მარკეტინგულ სვლას ვერ ვხედავ, საკუთარი სამზარეულოს უპატივცემულობის გარდა. გარდა ამისა, ნუ გარისკავთ და აჭარულ ხაჭაპურს ნუ შეუკვეთავთ - გახარებული მზარეული, ზემოდან დაგდებული კარაქი და უმი კვვერცხი დამალავსო და თუკი სადმე ამძაღებული ყველი აქვს შიგ უკრავს თავს.
როგორც ჩვენი ვარდისფერი პანტერა იტყოდა, სრულიად „საოცარ სანახავი“ რამ ვნახე სარფის „სვეცკი“ პლიაჟზე „სვეცკ“ კაფესთან: „სვეცკი“ ბალდახინიანი შეზლონგები ინტიმური განმარტოებისთვის. ორმოცდაათ ლარად  შეფასებულ ამ საოცრებაში მატარებლის „კოიკასავით“ ვიწრო  ორი მერხია დაგდებული, რომელზეც მრავალკლიენტგამოცვლილი ზეწარი და გამქირავებლის ხელით ცელოფნის პარკში მზრუნველად მოთავსებული ბალიშები აგდია (სველი თმისგან რომ არ დაისვაროს და გამოსაცვლელი არ გახდეს). თქვენი არ ვიცი და, ასეთი რომანტიკისა და კონფორტის ... როცა  VIP-მომსახურებაზე გაქვს პრეტენზია, ნუთუ ასე ძნელია ყველა კლიენტისთვის ზეწრის და ბალიშის პირის გამოცვლა? მაგრამ საოცარი ისაა, რომ ქირაობის მსურველები მაინც და მრავლად არიან.
ქართველები ბევრ საკითხში გამოვირჩევით ორიგინალობითა და საქმისადმი მიდგომის მხოლოდ ჩვენეული მანერით, ამიტომ რაღა გასაკვირია, რომ ზღვაზე დასვენებაც სრულიად ჩვენებური და „გურჯული“ გვაქვს. სადმე მაიამიში ან იბიცაზე სრულიან მომარმარილოებულ და მოზაიკით მოკირწყლული აუზის პირას რომ დაიკვანწებიან მრავალსანტიმეტრიან ქოშებზე ამხედრებული სპორტულ კლუბში არაერთსაათგანატარები, პრესდაყენებული და წინდაწინ სოლარიუმში „ზაგრისსასურველფერდასმული“ ბიკინმოსილი ლამაზმანები გასაგებია, მაგრამ საქართველოს ქვიან პლიაჟებზე რისთვის იკლავენ თავს და რატომ უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობასაც (საუკეთესო შემთხვევაში
 გადაბრუნებული ფეხი და დასიებული კოჭი, უარესში მოტეხილობა) და სხვებსაც (შეიძლება მოულოდნელად თავზე დაგემხონ და დაგალილაონ) საფრთხეს, თუ ვინმე ამიხსნის - მადლობას ვეტყვი. ეგ არაფერი, მზისთვის მიშვერილი მაკიაჟიანი სახე? ეგებ ვინმეს გონია, რომ წყლისგან და ოფლისაგან გაზეთილი მაკიაჟი ლამაზია? და ეს ყველაფერი ბრეტელებგადაგრეხილი, ტანზე უხეიროდ მჯდარი და  თვალწარმტაცად ამოჯაჯული საცურაო კოსტუმების ფონზე.
მკითხავთ, სხვისი ჩაცმულობა რას გადარდებს, ზღვას შეხედე და შენს შეზლონგზე დაეტიეო. სიამოვნებით, მაგრამ ზღვის ხედით რომ ვტკბები, არ მინდა ესთეტიურ შეგრძნებებს სხვისი უგვანოდ და ყოველგვარი შინაგანი კულტურისა და ტაქტის გარეშე გამომზეურებული და გაშიშვლებული „ხედები“ მიმახინჯებდეს. არამც და არამც არ დავძრახავ ადამიანს ფიზიკური ნაკლისთვის, ზედმეტი წონისთვის, იმისთვის რაც ბუნებამ თუ ცხოვრებამ დააკლო, მაგრამ რა სავალდებულოა ქალმა ხალხით გადაჭედილ პლიაჟზე გამოფინო დამუწუკებული ბანჯგვლიანი წელი (უკანალი) და მრავალგზის ნამშობარიები, დაჭმუჭნული, კენგურუს ჩანთასავით ბიკინზე გადმოფენილი ან სამკეცი მუცელი, რომელსაც რაც არ უნდა დაიზაგრო ვერც სილამაზეს შემატებ და ვერც სადმე გამოაჩენ. ეს დალოცვილი მთლიანი „კუპალნიკი“ ხომ არსებობს და მოდით და შემედავეთ რომ ყველაზე ლამაზად სხეული მუქ, სპორტულ „კუპალნიკში“ არ ჩანს! აღარ ვლაპარაკობ მამაკაცებზე, რომლებიც აქაოდა კაცები ვართო და პირდაპირ საცვლებით ბანაობენ, რომელიც დასველების მერე ყოველგვარ ფორმასა და გაუმჭვირვალეობას კარგავს - მსგავსი საქციელი საკუთარი თავის უპატივცემულობაა და მეტი არაფერი.
კიდევ ერთი თემა, რომელსაც ვერასდიდებით ვერ ავუვლი გვერდს - ბავშვიანი დამსვენებლები ზღვაზე. რას გადაეკიდეო, მეტყვით, მაგრამ წყლის პირთან მოსაფსმელად მიყენებულ ბავშვებს გულგრილად ვერ ვუყურებ და მზად ვარ პატრონსაც გულიანად შევუკურთხო - დარწმუნებული ვარ, ზღავში შესული თვითონაც იგივეს აკეთებს. ვაკის საცურაო აუზზე საუნასთან გამოკრული წარწერა: „სანამ ჯაკუზიში ჩახტებით ოფლიან ტანზე წყალი გადაივლეთო“ პირველად რომ ვნახე, ძალიანაც გავიკვირვე, ამას ვინ ვერ ხვდება-მეთქი, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ რესტორნების უნიტაზებთანაც უნდა ეწეროს, „რომ მოისაქმებთ, ჩარეცხეთო“, თორემ კაცები რას შვებიან არ მინახავს, მაგრამ ბევრი ძალიან გამოპრანჭული და პრეტენზიებიანი ქალის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ, შიგნით აღარ შეისვლება.
იცით რა მაინტერესებს? აჩხავლებულ ჩვილ ბავშვს, ძირითადად ბებიები და მამები ზღვაში რომ ძალით მიათრევენ და მერე მინიმუმ ნახევარი საათი მაინც ფილტვების დახეთქვამდე აკივლებენ, "კაია, კაიას" ძახილით ტალღებში პირდაფჩენილს სადისტური სიამოვნებით აყურყუმალავებენ და ბინძურ  წყალს აყლაპებენ - ეს პროცედურა რა მიზანს ემსახურება? ბავშვის ნერვული სისტემისთვისაა კარგი, ჯანმრთელობას უუმჯობესებს, აღზრდის რაიმე ახლებული მეთოდია თუ დანარჩენ დამსვენებლებზე ზრუნვითაა გამოწვეული - გულისგამაწვრილებელ სანახაობას რომ უწყობენ? ხანდახან მგონია, რომ ასე საკუთარ ჩვილებზე იყრიან ჯავრს, ჯეროვან დასვენებაში და ზღვითტკბობაში ხელის შეშლისათვის. მსგავსი "დროსტარებით" დაფეთებული ბავშვი შეიძლება წყალში საერთოდ აღარ ჩავიდეს. ზღვის წყლის კანისთვის მარგებლობას ნუ მოიყვანთ არგუმენტად, ამისათვის პატარა გასაბერი აუზები და ბოლოსდაბოლოს პლასტმასის ტაშტები არსებობს. ჩაუსხით ზღვის წყალი და აჭყუმპალავეთ ნაპირზე!
ვიწუწუნე, ვიწუწუნე და ახლა კი, დროა მოვრჩე კრიტიკას და კვლავაც ზღვიდან გამოყოლილი განცხრომა და საუკეთესო განწყობა დავიბრუნო. მომავალ სეზონამდე უნდა გამყვეს კვარიათის ლამაზი მთები, ლურჯი ზღვა და ცაში მოფარფატე ბეტმენები და ფასკუნჯები... კარგ წელს გისურვებთ, ყველას - ვინც უკვე მოასწარით და ვისაც ჯერ კიდევ წინ გაქვთ სექტემბრის ზღვა!



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი




P.S. მართალია, თბილისში, მაგრამ ჩემი სიტყების დამადასტურებელი მასალა მაინც მოვიპოვე!  აქაურ დაცვის თანამშრომლებს კვარიათელებზე ბევრად მეტი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდათ და ფოტოსესიაზე უარი არ თქვეს! 

0 კომენტარი.:

Post a Comment