თავდაცვის დღე თბილისში

Approved by Natia Jinjolava



დღეს საქართველოში კონტრაცეფციის საერთაშორისო დღეს ვზეიმობთ!
იცოდით? დარწმუნებული ვარ, არა, და თქვენს მდგომარეობაშია საქართველოს მოსახლეობის  ცხრა მეათედიც, არა,  ოცდაცხრა ოცდამეათედი. ბევრი დღევანდელ „ახალ ამბებში“ მოკრავს ყურს და არც დაინტერესდება, სხვა არხზე გადართავს, ბევრიც უხერხულად შეიშმუშნება და ისიც გადართავს, ბევრსაც სულ კიდია... მოკლედ, ასეა თუ ისე, ეს ფაქტი არავის (ამ დღესასწაულის ორგანიზატორებს არ ვგულისხმობ) არ აღელვებს, ჩვენს ბლოგს კი მოგეხსენებათ, სხვადასხვა ორგანიზაციების ფუჭი და წლის განმავლობაში გაწერილი ბიუჯეტის დასახარჯად გამიზნული ფუსფუსი გულგრილად არასდროს ტოვებს და ამ „დღესასწაულსაც“ ვერ ჩავუვლიდით უყურდღებოდ.
გასაგებია, რომ ამ ღირშესანიშნავ თარიღს მაგიდაზე ღვინით, საცივით და დაბრაწული გოჭით, არავინ და არსად შეხვდება, მაგრამ კონტრაცეფციისადმი ცოტა უფრო ჯანსაღი დამოკიდებულება აშკარად არ გვაწყენდა. პირველ რიგში, იკლებდა აბორტების რივხვი; ამ პუნქტის მორალურ მხარეზე არ ვილაპარაკებ, ისედაც ყველაფერი ნათელია და თან კარგ ხასიათზე ვარ და განწყობის გაფუჭება არ მინდა; 2 - ვენერიული დავაადებები. მოგეხსენებათ, ქართველი ქალების ძალიან დიდ ნაწილს ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მტკივნეული და ჯანმრთელობისათვის არც თუ სასარგებლო მკურნალობის პროცედურების ჩატარება კარგი  ბიჭის, მოქეიფის, დარდიმანდის და ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის - საკუთარი ქმრის წყალობით უწევს. რატომ? ვაჟბატონი რომ გამოტყვრა და კაცმა არ იცის რა რეპუტაციისა და ჰიგიენის ქალებში წაბრძანდა, იმაზეც კი არ იზრუნა ერთი ქეციანი პრეზერვატივი ეყიდა. გასაგებია, მაშინ არ უფიქრია, რომ რამეს აიკიდებდა (არადა, უნდა ეფიქრა!) და ისიც ფეხზე დაიკიდა ცოლი რომ გაიგებდა. მერე რა... კაცია; 3. პრეზერვატივებით შეიძლება კარგად გაერთოთ - ზოგს დანიშნულებისამებრ იხმართ, ზოგს კი გაბერავთ, გახეთქავთ, გაბერილისგან სასაცილო ცხოველებს დაამზადებთ, ევროპელი მოდელიერებივით კაბებს შეკერავთ, არგენტინელებივით სპიდის საწინააღმდეგო დღეზე ქალაქის მთავარ ობელისკს ჩამოაცმევთ... ერთი სიტყვით კარგად იმხიარულებთ.
რამდენიმე წლის წინ ქორწილში მივდიოდით და მანქანაში მძღოლი და ხუთი გოგო ვისხედით. მეც კაი ტიპი ვარ, გზად „კოსმოპოლიტანის“ ახალი ნომერი დავინახე, მანქანა გავაჩერებინე და ვიყიდე. ჟურნალს სარეკლამო აქცია ქონდა და ერთ-ერთ გვერდზე საჩუქრად 3 ცალი პრეზერვატივი იყო მიწებებული, რამაც ტრადიციული მხიარულება გამოიწვია. ჩემი ერთ-ერთი თანამგზავრი (28 წლის გოგო) თვალწარმტაცად ბრჭყვიალა ოქროსფერ ყუთებს დასწვდა, ეს ჩემიაო, ყიჟინით, ერთი ცალი გახსნა, უკბინა, უსუნა, გაწელა, ათვალიერა, გადააბრუნა-გადმოაბრუნა,  და ბოლოს იკითხა: ამას ქალი იცმევს თუ კაციო? სხვადასხვა მიზეზების გამო რომ არ გისარგებლია - ნორმალურია, მაგრამ სრულწლოვანმა ადამიანმა რომ არ იცი რისთვისაა და რა მისია აკისრია სირცხვილია. სხვათა შორის, ერთი საინტერესო ფაქტი შევნიშნე. ქართველები საკუთარ სექსუალურ „გმირობებზე“ ამაყად და საკმაოდ ლაღად ვყვებით, ვინმეს ჯიბეში (ჩანთაში) ავადმოსახსენებელი პრეზერვატივის დანახვაზე კი ისტერიული სიცილი და უხერხულობის დასაფარავი მხიარულება გვიტყდება. არადა, რომ არ დევს იმაზე უფრო უნდა ვხმაურობდეთ - პირველ რიგში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
სხვათა შორის, ისიც ნიშანდობლივია, რომ ყბადაღებული პრეზერვატივი ჩვენ რომ გგვგონია ისეთი უბრალო ტიპიც არაა. მაგალითად არომატიზირებულები ოთახს ძალიან სასიამოვნო ამბრით ავსებს და მისი სურნელი მომხმარებლის გემოვნებასაც თუ დაემთხვა, საკმაოდ ძლიერი აფროდიზიაკის მოვალეობასაც ასრულებს, თუ არ დაემთხვა და ცუდადაა საქმე. მე პირადად, ნესვის სუნზე გული მერევა. არის კიდევ, ძალიან საინტერესო - მენთოლიანი ეგზემპლიარები, რომლებიც ყველამ კარგად ვიცით რეალურად რისთვისაა, მაგრამ ჩემმა ახლობელმა წყვილმა მისი ტრადიციულად გამოყენება და 90-იანი წლების უდენო და უგათბობო ზამთრის გახალისება განიზრახა (თუ გახსოვთ, იმდენად ციოდა, ხალხი ძილის წინ ტანსაცმელს იმატებდა და ლოგინში ისე წვებოდა)... მენთოლისაგან „გაგრილებული“ ცოლ-ქმარი ყინვიან ღამეში სექსის ნაცვლად ველური ინდიელების ცეკვას ასრულებდნენ და გამწარებულები ოთახიდან-ოთახში, შიშვლები კარგახანი დახტოდნენ.
არადა, კონტრაცეფციას ავტომანქანებზე დიდი ხნის და მდიდარი ისტორი აქვს. ჩვენს შორეულ წინაპრებსაც არანაკლებ აწუხებდათ შობადობის კონტროლის პრობლემა და თავდაცვის საშუალებების გამოგონებაში გასაოცარ გონებამახვილობას იჩენდნენ. პირველი პრეზერვატივი სად და როდის გაჩნდა ზუსტად არავინ უწყის, მაგრამ ზედმიწევნითაა ცნობილი, რომ არაბებმა ერთ-ერთმა პირველებმა მონახეს გამოსავალი. არაბი მამაკაცების სამარხებში აღმოჩენილია ძვირფასი თვლებით მოოჭვილი სპეციალური სამოსი გენიტალიებისათვის. თუმცა, სხვა წყაროები იმასაც ირწმუნებიან, რომ პირველი პრეზერვატივი ტყავისგან იყო დამზადებული და მას თავად ტუტანხამონი ხმარობდა. პარალელურად, რაღაც მსგავსი იაპონლებსაც გამოუგონიათ, მოგეხსენებათ დღესაც ტექნიკური პროგრესის სათავეში იმყოფებიან და მაშინ ხომ არ ჩამორჩებოდნენ დანარჩენ სამყაროს. ძველიაპონური პრეზერვატივი ძალიან რბილი ტყავის იყო და სახელად „კავაგატა“ ერქვა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცნობილი კონტრაცეპტივები სულ 400 წელს ითვლის, პრეზერვატივს თურმე ჯერ კიდევ 12-15 ათასი წლის წინაც ხმარობდნენ და ამის დამადასტურებლად საფრანგეთში Grotte Des Combarrelles-ს გამოქვაბულებში აღმოჩენილი კედლის მხატვრობა მოჰყავთ. ძველ ეგვიპტესა და ანტიკურ სამყაროში მცირეშვილიანობა მოდურად ითვლებოდა და კონტრაცეფციის არა ერთ მეთოდს იყენებდნენ. თან დღევანდელი ქართველებივით ისინიც თვლიდნენ რომ ეს მხოლოდ ქალის საზრუნავი იყო. ძველ საბერძნეთში ასეთი ლეგენდაც კი არსებობდა: კრეტის მეფე მინოსის სპერმა თურმე მორიელებს, გველებს და სხვა შხამიან არსებებსაც შეიცავდა, ამიტომ მზრუნველმა მინოსმა თავისი საყვარელი ქალის დასაცავად თხის შარდის ბუშტისგან ქალის პორველი პრეზერვატივი შექმნა. სხვა ვერსიით მინოსი თავად ხმარობდა თევზის საცურაო ბუშტისაგან დამზადებულ „საცვლებს“. იმავე პერიოდის აზიაში თავს კაცები იცავდნენ - ჩინურ პრეზერვატივებს გაქონილი აბრეშუმის ქაღალდისგან ქმნიდნენ...
განსაკუთრებულად საინტერესო და მრავალფეროვანია სხვადასხვა ეპოქაში კონტრაცეპტივებს რომ ამზადებდნენ იმ მასალის ჩამონათვალინ. ზოგიერთი ისტორიკოსის ცობით ძველ რომში პრეზერვატივებს ბრძოლაში დაღუპული მეომრების კანისგან კერავდნენ, ეგვიპტელები კი ჩვენს ერამდე ათასი წლის წინ სელის ტომრუკებს იცმევდნენ, რომლებსაც რომ არ გამძვრალიყო, მისაბმელად სპეციალურ თასმებს აკერებდნენ (სხვათა შორის ამ ტომრებმა ორნახევარი ათასი წელი იარსებეს). შუასაუკუნეების პრეზერვატივების შესახებ ცნობები არაა (ალბათ არც არსებობდა, დემონებზე ნადირობის ეპოქაში, როცა ეკლესია ქალებს მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარეისთვისაც კი კოცონზე აშიშხინებდა, მსგავსი რამის ჩაცმას აბა ვინ გაბედავდა!), მაგრამ აღორძინების ეპოქის ცნობილი ექიმი გაბრიელ ფალოპიო თავის ჩანაწერებში ამ დანიშნულებისთვის და რაც მთავარია, მთელ ევროპას მოდებული სიფილისისაგან თავდასაცავად, ქიმიკატებით საგანგებოდ დამუშავებული ერთგვარი ქსოვილის გამოყენების თაობაზე მოგვითხრობდა. 1564 წელს დაბეჭდილ წიგნში (De morbo Gallico) ექიმი წერს, რომ თავისი გამოგონება 1100 ადამიანზე გამოსცადა და არც ერთი მათგანი არ დაავადებულა. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, თავად ცნობილი მექალთანე კაზანოვაც არ შეუდგებოდა საქმეს, სანამ თავის სიამაყის საგანს სპეციალური ამუნიციით არ აღჭურვავდაო. მეთვრამეტე საუკუნიდან პრეზერვატივების, მოკრძალებული ოდენობით, მაგრამ მაინც მასიური წარმოება დაიწყეს. და ალბათ, ხვდებით რომ ეს სიამოვნება მაინცდამაინც იაფიც არ ჯდებოდა.
ბუენის-აირესი
ერთ-ერთი უძველესი ეგზემპლიარი - 350 წლის ანტიკური პრეზერვატივი ლონდონის მუზეუმშია გამოფენილი. იგი შინაური ცხოველის გამხმარი ნაწლავისგანაა დამზადებული, მრავალჯერადი სარგებლობის იყო და ხმარების წინ რამდენიმე საათი რძეში ალბობდნენ. დღევანდელის უშუალო წინაპრის გამოშვება კი კაუჩუკის გამოგონებასთან ერთად მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნიდან (1855 წლიდან) დაიწყო და თქვენ წარმოიდგინეთ თანამედროვეებისგან დიდად არც განსხვავდება. ჩვენი ეპოქის პრეზერვატივებზე რა გითხრათ? რანაირსაც ინატრებთ სულო და გულო: ნებისმიერი ფორმის, ზომის, ფერის, არომატის... ჩაცმა თუ გეზარებათ, უკვე სპეციალური ლატექსის სპრეიც კი არსებობს, რომელიც დაახლოებით გასარუჯი სპრეის პრინციპით მუშაობს - დაასხამ, დაელოდები, გაშრება -ფერი თქვენი გემოვნებით და შედეგი არაჩვეულებრივი!
ალბათ მკითხავთ, კონტრაცეფციის ამდენი საშუალებიდან მარტო პრეზერვატივი რატომ ამოვიჩემე. იმიტომ რომ ძალიან მხიარული და სახალისოა! ჩვენი ცხოვრების ეს პატარა,  თითქმის უჩინარი და უტყვი თანამგზავრი თავის საქმეს შესაშური მუყაითობით ასრულებს, სულ რამდენიმე წუთი, მაგრამ როგორი მჩქეფარე ცხოვრებით ცხოვრობს და მერე უპრეტენზიოდ, ურნაში ასრულებს სიცოცხლეს. თუმცა, არა, ზოგიერთს სიკვდილიც სიცოცხლესავით ომახიანი აქვს: ყველას გეყოლებათ ერთი მეზობელი მაინც, სექსის მერე აივანზე გასვლა (ფანჯარასთან მისვლა) და ნახმარი პრეზერვატივის იქიდან სროლა რომ არ ეზარება! თუ არ გჯერათ, გადაიხედეთ ფანჯრიდან და დაინახავთ - ერთი მაინც ეგდება ასფალტზე გაშხლართული...

საუკეთესო სურვილეით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. ვერ მოვითმინე (აბა ამხელა ცოდნას რა გული დაიტევდა!) და სტატიის დეტალები სხვადსხვა ადამიანებთან წინასწარ გავამხილე.  თითქმის ყველგან შემომედავნენ პრეზერვატივების  12-15 ათასი წლის წინათ წარმოშობის ვერსიაზე - რა სისულელეა, მაგ დროს ქვის ხანაში ვიყავითო. საქმეც მაგაშია, რომ არქეოლოგებმა პირველი პრეზერვატივის კვალს სწორედ  პირველყოფილების კედლის მხატვრობაში მიაგნეს. ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ ფოტოც, მართალია, დეტალები კარგად არ ჩანს, მაგრამ ეს ჩემი იდეა არაა, ეგ ნახატი ახლოდან და ლუპით რომ დაათვალიერეს ის მეცნიერები ამბობენ ასეაო! 

0 კომენტარი.:

Post a Comment